გადაწყვეტილება №20362/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 20362/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20362/2/2023

11 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 24.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20362/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №081-277 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16039 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 293 742.65 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 153 728

დღგ - 57 623

საშემოსავლო გადასახადი - 96 105

ჯარიმა - 79 823

საურავი - 60 191.65

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამშენებლო საქმიანობები განხორციელებულია აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მიწის ნაკვეთზე -------, ------- (ს/კ №-------). საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია, კომერციული და საცხოვრებელი ფართების რეგისტრაციის მიზნით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამავდროულად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მათ საოფისე ფართში წყლით დატბორვის შედეგად გაუნადგურდა ყველა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შედეგად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, შემოსავლები სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად. შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სრულად აქვს გადახდილი ქონების ღირებულება და ამავდროულად საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ავანსის სახით მიღებული აქვს შემოსავალი უძრავი ქონების მიწოდებამდე.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ბინების რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას ადგილი არ ქონია, რის გამოც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული სარეალიზაციო ღირებულებების და საბანკო ანგარიშებზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხების მიხედვით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 161-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,-------“-ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულებები და ასევე, უძრავი ქონების მიწოდებამდე მიღებული ავანსის თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული იქნა რეალიზებული ბინების მიხედვით თანხების მოძრაობის ანალიზი, მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშო პერიოდებზე, რის საფუძველზეც გაკეთდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი შესამოწმებელ პერიოდზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 0 ლარია. ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 9 ივნისს ჩატარებულია ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ, რა დროსაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 0 ლარი. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაანალიზებულ იქნა თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად დგინდება, რომ უძრავი ქონების მიწოდების მომენტში მყიდველს სრულად აქვს გადახდილი უძრავი ქონების ღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ აღნიშნულ პერიოდში სალაროში არსებულ ნაშთის მონაცემთან. შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ნაშთს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა ნაღდი ფულადი სახსრების დანაკლისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №32413 ბრძანება და ამავე თარიღის №081-277 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლით, 291-ე მუხლით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნას და აღიარებს დარიცხულ ვალდებულებას. ითხოვს ჯარიმა/საურავის მოხსნას, ხოლო დარიცხულ საშემოსავლო გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, რომელიც შეადგენს 153 730 აცხადებს, რომ გადაიხდის 30 სამუშაო დღის ვადაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)