ბრძანება N 23008

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2026
№ დოკუმენტი 23008
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23008

13 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- მოქალაქე ----- (პასპ/ნ -----) (მის.: -----)

2026 წლის 31 აგვისტოსა და 17 სექტემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 90) განიხილა ----- მოქალაქე ----- (პასპ/ნ ----- ) N 151474/01 და N 164256/01 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 8 აგვისტოს N EL323760 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

სადავო საკითხი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის მალულად გადმოტანა.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 3 000 ლარი (სსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

საბაჟო დეპარტამენტი:

2026 წლის 8 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან N ----- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა -----. უფლებამოსილი მებაჟე - ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მან უარი განაცხადა.

ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებისა და ბარგის/ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგად სატრანსპორტო საშუალების სალონში, უკანა სავარძელზე მოთავსებულ ხელჩანთაში აღმოჩნდა 1 390 000 -----. არადეკლარირებული თანხის ოდენობამ ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 44 480 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელგარგის დათვალიერების ოქმი N -----/----- “.

ვინაიდან ----- მიერ მოხდა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საბაჟო კონტროლის ზონაში შემოტანა, ის ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ განეცხადებინა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის მალულად გადმოტანის სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 8 აგვისტოს შედგენილი N EL323760 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მან გადაიხადა იმავე დღეს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ 2026 წლის 8 აგვისტოს ----- ავტომობილით საქართველოს ტერიტორიის გავლით მიემგზავრებოდა ----- რესპუბლიკის მიმართულებით და თან ჰქონდა 1 390 000 ----- ნაღდი ფული. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა გაყიდული ავტომობილის ღირებულებას და თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი თან ჰქონდა. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, როცა მებაჟე ოფიცერმა ჰკითხა ნაღდი ფულის არსებობის შესახებ, მან დაადასტურა თანხის არსებობა და ასევე, განუმარტა მისი წარმომავლობაც. აცხადებს, რომ ოქმი შედგა 22:04 საათზე, ამის შემდეგ განხორციელდა ვალუტის გადაცვლა იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც მებაჟე ოფიცერს წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდგომ უკვე მიეცა გზის გაგრძელების შესაძლებლობა. მიაჩნია, რომ ავტომობილის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შესვლის ჩანაწერები, საბაჟო თანამშრომლის მიერ მისთვის დასმული შეკითხვების ჩანაწერები, ასევე, განცხადება ნაღდი ფულის არსებობასა და მანქანის გაყიდვიდან მიღებულ თანხასთან დაკავშირებით ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ნაღდი ფულის დამალვას და ამდენად, სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას და უკვე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი.

საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება.

საქონლის მფლობელი კი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;

ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება;

ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება;

თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

კანონმდებლობა პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება, აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- მოქალაქე ----- (პასპ/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის მალულად გადმოტანა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსულმა პირმა საბაჟო კონტროლისას დამალა 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფული, რომლის დეკლარირებაც სავალდებულო იყო. თანხის აღმოჩენის შემდეგ დაჯარიმდა, რომელიც მომჩივანმა იმავე დღეს გადაიხადა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 163(1); 169(1);