გადაწყვეტილება №19080/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 19080/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19080/2/2023

6.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "----------' 13.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19080/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.08.2021 წლის №26317 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.09.2022 წლის №077-22 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3144 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 150 451,63 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 83 042

დღგ - 27 601

საშემოსავლო გადასახადი - 55 441

ჯარიმა - 37 634

საურავი - 29 775,63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2021 წლის №077-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.08.2021 წლის №26317 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა,გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2022 წლის დასკვნის მიხედვით, საწარმოსთვის შემოწმების აქტით დამატებით გადასახდელად დაკისრებული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.09.2022 წლის №077-22 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3144 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისას დადგინდა, რომ სულ გაშიფრული იყო მთლიანი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 0,24%. ამასთან, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის დასახელებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა თვითღირებულება კონკრეტული დასახელების საქონელს, მაგ.: შეძენის დოკუმენტებში ფიქსირდებოდა უამრავი სახეობის სიგარეტი „-------“, მაგრამ მათ შორის არ იყო დასახელება „-----------“, რომელიც რეალიზებულად ფიქსირდებოდა ფასნამატის ცხრილში. ამასთან, წარდგენილი ინფორმაცია მოიცავდა მხოლოდ სიგარეტებს, რომელზეც შემოწმებითაც შედარებით დაბალი ფასნამატი იყო გამოყენებული სხვა პროდუქციისაგან (თუთუნი, ფილტრი და სხვა) განსხვავებით. ასევე, დამატებითი გადამოწმების მიზნით, საწარმოს ფასნამატი შეუდარდა იმავე მისამართზე ანალოგიური საქონლით მოვაჭრე კომპანიის აუდირებულ მონაცემებს, რომლის საშუალო შეწონილი ფასნამატი თითქმის დაემთხვა შპს -------- შემოწმებით განსაზღვრულ მონაცემებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წელს შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების ფარგლებშივე 30.03.2021 წელს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურმა დაადგინა ფასნამატი (საცალო რეალიზაციის ფასნამატი და არა საბითუმო რეალიზაციის), რომელიც გაავრცელა მთელი შესამოწმებელი პერიოდის მთლიან რეალიზაციაზე, რამაც გამოიწვია გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვის არარეალურად გაზრდა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური იმის დასადგენად თუ რამდენი იყო საბითუმო რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში, დაეყრდნო კომპანიის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების რაოდენობას, რაც არასწორია.

კომპანიას იჯარით აქვს აღებული სავაჭრო ფართი -------- ბაზრის ტერიტორიაზე. ძალიან ბევრი სასურსათო მაღაზია მარაგდება ბაზრის პროდუქტით. კომპანიის მაღაზიის ძირითად კლიენტს შეადგენს --------, ---------, ----------, --------- და მიმდებარე სოფლების მაღაზიათა მეპატრონეები, რომლებიც სწორადაც კომპანიის საქონლით ამარაგებენ თავიანთ სავაჭრო ობიექტებს. მათ მიერ სიგარეტის ნაწარმის შეძენა ხდება ბითუმად, დიდი რაოდენობით, ბლოკებად. ანგარიშსწორება შეძენის დროსვე ხდება, შესაბამისად სალარო აპარატის ჩეკი მაშინვე ამოიწერება. ხოლო, რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებს, კომპანია ვალდებულია სასაქონლო ზედნადები გამოწეროს მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი მეწარმე პირები კი სხვადასხვა მიზეზის გამო ყოველთვის არ ითხოვენ სასაქონლო ზედნადებს. სავარაუდოდ ერთ-ერთი და მთავარი მიზეზია ის, რომ მათ მიერ ზედნადების გარეშე შეძენილი საქონელი შემდეგ უსაბუთოდ გაიყიდება და გადასახადებსაც თავს აარიდებენ. სხვა შემთხვევაში სიგარეტის დისტრიბუტორი კომპანიებისგან მიიღებდნენ სიგარეტს ზედნადებით და კომპანიისგან არ წაიღებდნენ. ასევე ხშირია სიგარეტის ბლოკებად (ბითუმად) გაყიდვა არამეწარმე ფიზიკურ პირებზე. არის შემთხვევები, რომ ისინი უბრალოდ ყიდულობენ სიგარეტის რამდენიმე დღის მარაგს, რათა ყოველდღე არ იარონ მაღაზიებში სიგარეტის საყიდლად. ასევე არის შემთხვევები, როცა ხდება სიგარეტის ბლოკებად (ბითუმად) გაყიდვა სასაჩუქრე მიზნით. ასეთ კლიენტს არაფერში არ ჭირდება სასაქონლო ზედნადები. გარდა ამ ყველაფრისა, --------- არცთუ ისე შორს საქმიანობს უცხოური საწარმოს ფილიალი „*-----------“. აღნიშნულ კომპანიას ჰყავს დიდი რაოდენობით დაქირავებული მუშახელი, რომელთა უმეტესობას წარმოადგენენ --------. მათი ერთერთი საცხოვრებელი ბანაკი -------- მდებარეობს. ისინი აქტიურად, ყოველდღე, დიდი რაოდენობით ყიდულობენ სიგარეტს ბლოკებით და რა თქმა უნდა მათაც არაფერში ჭირდებათ სასაქონლო ზედნადები. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის კლიენტი კომპანიის ბიზნესის მთავარი მაცოცხლებელი ძალაა. პროცენტულად, საბითუმო კლიენტზე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, დღიური რეალიზაციის დაახლოებით 95 პროცენტს შეადგენს. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, მაგალითად, დღეში რეალიზებული 5 000 ლარის სიგარეტიდან, დაახლოებით 4 750 - 4 800 ლარია საბითუმოდ (ბლოკებად) გაყიდული საქონლის თანხა და მხოლოდ 200-250 ლარია საცალოდ რეალიზებული თანხა.

სალარო აპარატში ყოველთვის ფიქსირდება ასეთი რეალიზაცია და შესაბამისად ყოველთვიურად დღგ-ის დეკლარაციაშიც ხვდება და იბეგრება. ხოლო, სასაქონლო ზედნადები იწერება მხოლოდ მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თუმცა სასაქონლო ზედნადების გამოწერა/არ გამოწერის ფაქტი კომპანიას ხელს არ უშლის იმაში, რომ აღნიშნული რეალიზაციები დაიბეგროს კანონის შესაბამისად. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს იმას, რომ არის რეალიზაცია, მაგრამ არ არის გაწერილი სასაქონლო ზედნადები, თუმცა ასეთი რეალიზაცია საბითუმო რეალიზაციაა, რაზეც ვრცელდება კიდეც საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი.

შესაძლებელია გადამოწმდეს სალარო აპარატის ჩეკები, სადაც იშვიათია მცირე თანხები. ჩეკების დიდ უმრავლესობას შეადგენს საბითუმო თანხები. სიგარეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაცხადებული საშუალო საბითუმო ფასნამატი შეადგენს 1,5%-ს. ასე მუშაობს სხვა ყველა სიგარეტით მოვაჭრე საბითუმო ობიექტიც. ამის დასამტკიცებლად წარმოდგენილია გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, სადაც ნათლად ჩანს გაყიდული საქონლის ფასნამატი, რაც მერყეობს 1,4%- დან 1,6%-ის ფარგლებში. კომპანია სასაქონლო ზედნადებს წერს კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში.

გამოწერილი ნებისმიერი სასაქონლო ზედნადების გადამოწმებით ჩანს, რომ საშუალო ფასნამატი ნამდვილად 1,5%-ს შეადგენს და არა იმ ფასნამატს, რაც საგადასახადო შემოწმებამ გაავრცელა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე გათვალისწინებული უნდ აიყოს ის ფაქტი, რომ დღიური რეალიზაციის დაახლოებით 95% არის საბითუმო გაყიდვა, რაზეც ვრცელდება საბითუმო ფასნამატი 1,5%. სასაქონლო ზედნადებების ნაკლებობა არ ნიშნავს, რომ საბითუმო რეალიზაცია ნაკლებია.

სასაქონლო ზედნადების გამოწერას საბითუმო კლიენტი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ არ ითხოვს. საცალო რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება მთლიან რეალიზაციაზე არაგონივრულია, უსამართლოდ და დიდ ზიანს მიაყენებს ბიზნესს. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შეიცვალოს საცალო რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება მთელს რეალიზაციაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 12.08.2021 წლის №26317 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნულის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2022 წლის დასკვნით, გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ცხრილი, რომელშიც გაშიფრულია 2018-2019 წლებში რეალიზებული 10 912 ლარის პროდუქციის თვითღირებულება (მითითებულია შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტის - სასაქონლო ზედნადების თარიღი და ნომერი). წარდგენილი მონაცემების მიხედვით, საშუალო მარტივი ფასნამატი (არაშეწონილი) 1,5%-მდეა. აღსანიშნავია, რომ გაშიფვრაში წარმოდგენილი საქონელი იმავე პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის (149 024 ლარი დღგ-ის ჩათვლით) 6,77%-ია. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის (3 592 248 ლარი) 3,5%, სულ გაშიფრულია მთლიანი დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 0,24%. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის დასახელებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა თვითღირებულება კონკრეტული დასახელების საქონელს. წარდგენილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ სიგარეტებს, რომელზეც შემოწმებითაც შედარებით დაბალი ფასნამატია გამოყენებული სხვა პროდუქციისაგან (თუთუნი, ფილტრი და სხვა) განსხვავებით. საწარმოს ფასნამატი შედარებული იქნა იმავე მისამართზე (-----------(ბაზრობა)) ანალოგიური საქონლით მოვაჭრე კომპანიის აუდირებულ მონაცემებთან, რომლის საშუალო შეწონილი ფასნამატი თითქმის ედრება შპს ---------- შემოწმებით განსაზღვრული მონაცემებს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2022 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 12.08.2021 წლის №26317 ბრძანების შესაბამისად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 12.08.2021 წლის №26317 ბრძანების აღსრულების შედეგები.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადაო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება საცალო რეალიზაციის ფასნამატის გავრცელებას მთლიან რეალიზაციაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრის (დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2 გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.

შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3144 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5);161(1ა);101(1);154(1ა);