ბრძანება N 10779
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10779
15 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 29 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 29 აპრილის №102061/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №007-82 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მიმართული აქვს განცხადებით საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე და განაცხადი ისევ განხილვაშია, ხოლო გასაჩივრების 30 დღიანი ვადა იწურება. მიუთითებს, გასაჩივრების ერთადერთ მიზეზს ის წარმოადგენს, რომ საბანკო ანგარიშებზე არ დაედოს საინკასო დავალება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №5015 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7746 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 150 814 ლარი, მათ შორის გადასახადი 89 530 ლარი, ჯარიმა 44 988 ლარი და საურავი 16 296 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 7 ივლისიდან. კომპანიის საქმიანობის სახეა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება-რეალიზაცია. საწარმო საქმიანობას ახორციელებს ქ. ------ს მიმდებარედ ან ვარკეთილის ზემო პლატო კორპუსი №1-ის მიმდებარედ. გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია სამი საკონტროლო-სალარო აპარატი, სს „-----“ და სს „-----“ პოს-ტერმინალები შემდეგ მისამართზე: ------ ქუჩა ------ს მიმდებარედ. გადასახადის გადამხდელის საქმიანობა არ მოიცავს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოს-ტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 2 903 049 ლარს. შემოწმების შედეგებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, შედეგად, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების შედეგად განსაზღვრულ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები, შედეგად დადგინდა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება. შესაბამისად, დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს რომ საბანკო ანგარიშებზე არ დაედოს საინკასო დავალება, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობის სახეა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის საქმიანობა არ მოიცავს დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოს-ტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 2 903 049 ლარს. შემოწმების შედეგებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, შედეგად, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირება. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1,2):164(1);168(1);