გადაწყვეტილება № 25572/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25572/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25572/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 1.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25572/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ. -----) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №15517 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №232-3 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 437 436.56 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 184 359

დღგ - 116 364

საშემოსავლო გადასახადი - 67 995

ჯარიმა - 149 564

საურავი - 103 513.56

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საქართველოს რეგიონებში, დამკვეთის მიწის ნაკვეთზე ხის სახლების (კოტეჯების) აშენება დამკვეთისათვის სასურველი დიზაინით და მოცულობით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა, შემდეგი:

შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ინფორმაციის, ახსნაგანმარტებების, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის. კერძოდ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერებით და დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს დეკლარირებულზე მეტი ღირებულებების სამუშაოები დამკვეთებისათვის, რომლის რეალური მოცულობა ვერ დგინდება. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო ჩანაწერებს და არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 136-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები, გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების დანართში არსებული ხარჯთაღრიცხვის მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ გაწეულ ხარჯებზე და დადგინდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების პროცესში შესწავლილია საწარმოს ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემმოწმებელი დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემას, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს და ახსნა-განმარტებებს, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება ერიცხება მხოლოდ ერთ საწარმოსთან, რომელთანაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ წარადგინა კრედიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე რაიმე დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც მოახდენდა გავლენას ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრაზე. ხარჯად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რაც ხელმისაწვდომი იყო შემოწმების მიმდინარეობისას. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი მიჩნეულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

მომჩივანი ასევე, სადავო ხდიდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის უფლებას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №17706 ბრძანება და ამავე თარიღის №232-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.09.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.10.2023 წლის №26700 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 8.02.2024 წლის №21347/2/2023 (რეგ. 1.04.2024წ. 03/25805) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26700 ბრძანება; საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება შემცირდა სულ 13 455 ლარით, მათ შორის გადასახადი (დღგ) 13 229 ლარით და ჯარიმა 226 ლარით.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის №25631 ბრძანება და ამავე თარიღის №232-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.01.2025 წლის №526 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ. 10.03.2025წ. 03/16286) გადაწყვეტილებით:

საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანების აღსრულების ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.01.2025 წლის №526 ბრძანება;

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე დართული), განახორციელოს შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანების აღსრულება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 20.07.2023 წლის №17706 ბრძანების, 20.07.2023 წლის №232-3 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26700 ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი;

საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ. -------) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელდა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №15517 ბრძანება და ამავე თარიღის №232-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის დაბრუნდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი განსახილველად, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, მიუხედავად იმისა, რომ დავის წარმოების ეტაპზე საჩივარზევე დანართების სახით წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომელიც აბათილებს შემოსავლების სამსახურის არგუმენტაციას, შემმოწმებლის მიერ გადაანგარიშების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული არცერთი მტკიცებულება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ შემმოწმებელი არის სუბიექტური, მიკერძოებული, რითაც აზიანებს კერძო სამართლის სუბიექტის ინტერესებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დავის წარმოების ეტაპზე, მათ შორის საჩივარზეც კი დართული იქნა ობიექტების მიხედვით მასალების ჩამოწერის აქტები, რომელთა შესყიდვაც დოკუმენტურად დადასტურებულია. ასევე, წარდგენილი იქნა მივლინების ბრძანებები და სამივლინებო ანგარიშები. გარდა ამისა, წარდგენილი იქნა ბუღალტრული ბაზა, სადაც პროექტების შესაბამისად აღრიცხულია ხარჯები.

დავის წარმოების პროცესში შემმოწმებლისთვის წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც სრულად არის აღრიცხული ყველა ტრანსაქცია, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული შესყიდვის ოპერაციები. გარდა ამისა აღრიცხულია დამკვეთებისა და ლოკაციების ჭრილში მასალების მოძრაობა, ხარჯი კი აღიარებულია თითოეული დამკვეთის ჭრილში, რაც იძლევა სრულ ინფორმაციას მასალების მოძრაობასთან/ხარჯვასთან დაკავშირებით. დავის წარმოების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილია მასალების ჩამოწერის აქტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერთი დამკვეთის ფარგლებში კოტეჯების მშენებლობა მიმდინარეობდა სხვადასხვა მისამართზე. მაგალითად, შპს „--------“ - 9 მისამართზე მოხდა კოტეჯის მშენებლობა. 86 მისამართს რაც შეეხება, ეს ტექნიკური საკითხია. მისამართის შემოკლებული ჩაწერა ან წერტილ-მძიმე ან მისამართის არასრულად მითითება ან სხვადასხვა დასახელებით ჩაწერა განაპირობებს მისამართების სიმრავლეს. ეს არ შეიძლება გახდეს საფუძველი შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისა.

გადაანგარიშების ეტაპზე აღრიცხული და წარდგენილი იქნა ფაქტობრივი ხარჯები თითოეულ ობიექტთან მიმართებაში. მაგალითისთვის ავიღოთ ფ/პ --------- გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულებით შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 77 229 ლარს, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯი შეადგენს 31 090 ლარს. განსხვავება ნამდვილად არის, იმ პირობით, რომ აღრიცხვის მონაცემებით გაწეული ხარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. იგივე შემთხვევა არის შპს -------დაკავშირებითაც. ხელშეკრულებით შეთანხმებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 57 131 ლარს, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული ხარჯი შეადგენს 41 613,99 ლარს. სრულიად გაუგებარია შემმოწმებლის პოზიცია - სად არის საგადასახადო სამართალდარღვევა?!

გარდა ამისა, დავის წარმოების პროცესში წარდგენილია მივლინების ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. აღნიშნული ხარჯი გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებული არ არის.

ფაქტია, რომ შემმოწმებლის მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი მოცემულ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არის გონივრული, უფრო მეტიც, შემმოწმებელი არის სუბიექტური, რითაც ზიანს აყენებს კერძო პირის სამართლებრივ ინტერესებს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს წესს, რა შემთხვევაში შეუძლია საგადასახადო ორგანოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამსჯელოა საერთოდ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით შემოსავლების გაანგარიშების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სისწორე. ვინაიდან დაკმაყოფილებული არ არის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები. ვინაიდან თუ პირს აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, როგორც მოგების გადასახადის ნაწილში, ასევე დღგ-ის ნაწილში. ადგილი არ აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს და ა.შ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება გულისხმობს: გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულებების დადგენას. შემმოწმებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის იყენებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პროცესში, არის მართებული და სწორი, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების განსაზღვრის თაობაზე უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რომელ მეთოდს გამოიყენებს აუდიტორი. არაპირდაპირი მეთოდი, რომელსაც შემმოწმებელი გამოიყენებს, უნდა შეესაბამებოდეს გადასახადის გადამხდელის სპეციფიკას და უნდა იყოს დეტალურად განმარტებული, როგორც შემოწმების აქტში, ასევე შემოწმების პროგრამაში, თუ რატომ ხდება რომელიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენება. აქტი, რომელიც მომზადებულია შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, არ ეფუძნება გონივრულ გაანგარიშებებს და არ არის დასაბუთებული. ის რომ კონტრაქტით გათვალისწინებული იყო ფასნამატი, ჯერ კიდევ არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაო დაგეგმილი მოგებით დასრულდა. შემოსავლების სამსახურმა დავის წარმოების ეტაპზე არც კი განიხილა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საჩივარში იყო აღწერილი.

დასკვნის გამოსატანად საკმარისია განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად:

2020 წლის თებერვლის თვეში დამკვეთმა ავანსის სახით ჩარიცხა 37 301 ლარი. კომპანიის მიერ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებულია ავანსი 31 272 ლარი, ნაცვლად 31 611 ლარისა. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ოპერაციად განხილულია 68 327 ლარი, 37 055 ლარით მეტი, ვიდრე დეკლარირებული. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდისათვის შეძენილი მარაგების ღირებულება შეადგენს 13 273 ლარს.

2020 წლის მარტის თვეში დამკვეთებიდან ჩარიცხულია 4 000 ლარი, დღგ-ის გარეშე თანხა შეადგენს 3 389,83 ლარს. კომპანიის მიერ დეკლარირებულია ამავე თვეში 3 389,83 ლარი. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ოპერაციად განხილულია 7 407 ლარი. ამ პერიოდისათვის შეძენილი მარაგების ღირებულება შეადგენს 5 328 ლარს.

2020 წლის აპრილის თვეში დამკვეთებიდან ჩარიცხულია 22 000 ლარი, დღგ-ის გარეშე თანხა შეადგენს 18 644 ლარს. კომპანიის მიერ დეკლარირებულია ამავე თვეში 18 644 ლარი. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ოპერაციად განხილულია 40 736 ლარი. ამ პერიოდისათვის შეძენილი მარაგების ღირებულება შეადგენს 2 183 ლარს.

2020 წლის ივლისის თვეში დამკვეთმა ავანსის სახით ჩარიცხა 75 645 ლარი 4 000 დღგ-ის გარეშე თანხა შეადგენს 64 105 ლარს. კომპანიის მიერ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებულია 64 105 ლარი,. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ოპერაციად განხილულია 140 067 ლარი, 75 961 ლარით მეტი, ვიდრე დეკლარირებული. ამ პერიოდისათვის შეძენილი მარაგების ღირებულება შეადგენს 50 126 ლარს.

კომპანიის მიერ შესწავლილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები საანგარიშო პერიოდების მიხედვით და მონაცემები შედარებული იქნა შემოწმების მასალებთან. შედეგად გამოვლინდა არსებითი სხვაობები. კერძოდ:

2020 წლის განმავლობაში შემოწმების მასალებით დაბეგრილია 438 423,14 ლარი, როდესაც აღრიცხვის მონაცემებით დასაბეგრი ოპერაციების თანხა შეადგენს 384 144,49 ლარს. ანუ შემოწმების შედეგად დაბეგრილია 54 093,64 ლარით მეტი (დღგ 9737 ,76 ლარი).

2021 წლის განმავლობაში შემოწმების მასალებით დაბეგრილია 803 250,02 ლარი, როდესაც აღრიცხვის მონაცემებით დასაბეგრი ოპერაციების თანხა შეადგენს 872 587,08 ლარს ანუ შემოწმების შედეგად დაბეგრილია 69 337 ლარით ნაკლები (დღგ 12 480,66 ლარი).

2022 წლის განმავლობაში შემოწმების მასალებით დაბეგრილია 1 442 545,40 ლარი, როდესაც აღრიცხვის მონაცემებით დასაბეგრი ოპერაციების თანხა შეადგენს 1 117 365,26 ლარს ანუ შემოწმების შედეგად დაბეგრილია 325 180 ლარით მეტი (დღგ 58 532,40 ლარი) საერთო ჯამში შემოწმების მასალებით 309 941,72 ლარით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა (დღგ 55 789,51 ლარი).

მოცემულ ნაწილში საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

რაც შეეხება მე-2 საკითხს, როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, შემოწმების შედეგად გამოვლენილი შემოსავლები, მიჩნეულია საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით აღნიშნული განაცემები დაკავებულია გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების მასალებით შემოსავლების ზრდა უკავშირდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლების კორექტირებას, რაც დავის საგანს წარმოადგენს და როგორც პირველ დავის საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, შემმოწმებლის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, რამაც გამოწვია როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ზრდა, ასევე სალაროს არაგონივრული ნაშთის ზრდა. პირველი სადაო საკითხის ირგვლივ კომპანიის არგუმენტაციის გათვალისწინებით შემოსავლების კორექტირება ავტომატურად გამოიწვევს სალაროს არაგონივრული ნაშთის შემცირებას.

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში, დამკვეთის მიწის ნაკვეთზე ხის სახლების (კოტეჯების) აშენება დამკვეთისათვის სასურველი დიზაინითა და მოცულობით. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა 30 პროექტზე მეტი. აღნიშნული პროექტები მდებარეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც არ არის მარტივად ხელმისაწვდომი ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ინფრასტრუქტურა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმო არ სარგებლობდა კვალიფიციური ბუღალტრის მომსახურებით, შესაბამისად არ ჰქონდა მოწესრიგებული აღრიცხვიანობა. რეალურად კომპანიის სამეურნეო ხარჯებისათვის, უფრო მეტი ხარჯი აქვს გაწეული, ვიდრე ეს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არის ასახული. ეს არის საქონლის შესყიდვები რომელზედაც გარკვეული მიზეზების გამო არ აიტვირთა სასაქონლო ზედნადებები, თუმცა მომწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელებულია უნაღდო ანგარიშსწორებით და საგადახდო დავალების საფუძველშიც მითითებულია „საქონლის ღირებულება“; მივლინების ხარჯები, სატრანსპორტო გადაზიდვის ხარჯები, რომლებიც შეძენილია მეწარმე სუბიექტებისგან. წარმოუდგენელია სამშენებლო მოედანი იყოს რეგიონში და კომპანიას მივლინების ხარჯები არ უფიქსირდებოდეს. საგადასახადო აქტის წარდგენის შემდეგ კომპანიამ დაიწყო საბუღალტრო ბაზის მოწესრიგება. აღადგინა ის სამეურნეო ოპერაციები, რასაც აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა. აღნიშნული ხარჯები უკავშირდება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას და მისი გათვალისწინება არსებითად შეცვლის სურათს.

მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, ვინაიდან ეს ფაქტები თითოეული პროექტის ჭრილში დასტურდება სახელშეკრულებო პირობებითა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით. სალაროს ჭარბი ნაშთის არსებობა ამ შემთხვევაში გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ შეძენილი საქონლის/მომსახურების ღირებულება ანაზღაურდა ნაღდი ანგარიშსწორების წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. თუმცა, 2020 წლის 14 იანვრის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების - ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ - დანართი №6-ის შესაბამისად, როდესაც ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად უნდა დაკვალიფიცირდეს გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%.

მიუხედავად იმ იმისა, რომ გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია მთელ მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით, ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით და საქონლის შესყიდვებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების შედეგებში შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა. მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით წარდგენილია მივლინების ბრძანებები და სამივლინებო ანგარიშები. წარმოუდგენელია სამშენებლო მოედანი იყოს რეგიონში და კომპანიას მივლინების ხარჯები არ უფიქსირდებოდეს.

მოცემულ ნაწილში დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ.10.03.2025წ. 03/16286) გადაწყვეტილებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე დართული), განახორციელოს შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანების აღსრულება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9156 ბრძანებით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ. ----) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

„გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართული დოკუმენტები, ასევე შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, ხოლო გადაწყვეტილებით მიცემულ ვადაში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია არანაირი დამატებითი ინფორმაცია. საჩივარზე დართული სამივლინებო ხარჯების ბრძანებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში მიწოდებული წერილობითი ახსნა-განმარტებით კომპანია რეგიონებში არსებულ სამშენებლო მოედნებთან უზრუნველყოფდა თანამშრომლის საცხოვრებელში განთავსებას და კვებას, ასევე ტრანსპორტირებას, რომელსაც ახდენდა უსასყიდლოდ იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებით და მასზე გაწეულია საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯები. შემოწმების შედეგად აღნიშნული დანახარჯები, რომელიც დოკუმენტურად დასტურდება, გათვალისწინებულია ხარჯად, შემოწმების დროს. შესაბამისად, მივლინებისთვის დამატებითი ხარჯები კომპანიას არ ესაჭიროებოდა და არ გასცემდა. ამასთან, შემოწმების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციით დასაქმებულებთან ჰქონდა შესასრულებელი საქმის მიხედვით ანაზღაურების შეთანხმება და არ წარმოადგენდნენ მუდმივ თანამშრომლებს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან კომუნიკაციით და მის მიერ წერილობით წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნდა სრულად დამკვეთთან დადებული ხელშეკრულებები. შესაბამისად, ვერ დადგინდა შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობა და ღირებულება. დავის პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ, შემოწმების პროცესში არ ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვა, ის შედგენილ იქნა შემოწმების დასრულების შემდგომ პერიოდში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და დამატებით ხელშეკრულებების მიხედვით ხარჯთაღრიცხვები, რომელთა ღირებულება განსხვავდებოდა შემოწმების დროს წარდგენილი იმავე მომსახურების ხელშეკრულების თანმხლები ხარჯთაღრიცხვისგან. შემოწმების შედეგად ხარჯად ჩათვლილია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე რაიმე განსხვავებული ინფორმაცია ვერ იქნა წარდგენილი რასაც შეიძლებოდა არსებითი გავლენა მოეხდინა დარიცხვის შედეგებზე. ამასთან, არსებული სასაქონლო ზედნადებების დასრულების მისამართების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სამშენებლო მასალები ტრანსპორტირებული აქვს ბევრად მეტ მისამართზე (86 მისამართი, სადაც გათვალისწინებულია ყველა შესაძლო ტექნიკური ხარვეზი სასაქონლო ზედნადების გამოწერის დროს), ვიდრე გადაანგარიშების პროცესში წარდგენილ საბუღალტრო ჩანაწერებსა და ხელშეკრულებებშია (29 ხელშეკრულება) აღრიცხული, რაც იმის საფუძველია, რომ გადასახადის გადამხდელს ამ პერიოდისთვისაც არ აქვს სრულყოფილი აღრიცხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შემოწმებისათვის გადაანგარიშების პროცესში არ იყო ცნობილი და შეცვლიდა დარიცხვის გარემოებებს, შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების შედეგად განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება სადავო საკითხში არ განხორციელდა“.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელი პერიოდი დაემთხვა პანდემიის პერიოდს, გადასახადის გადამხდელს უწევდა უფრო მეტი ხარჯის გაწევა, მასალების ფასები გაიზარდა, რიგ შემთხვევაში არ იყო ხელმისაწვდომი და გარკვეული პროექტები იყო ზარალიანი, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პროექტები იყო მომგებიანი. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, იმ ფონზე, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების შემდგომ მოამზადა/სრულად ასახა (რეგიონების და მისამართების მიხედვით) განხორციელებული ოპერაციები ბუღალტრულად და წარადგინა (ობიექტების მიხედვით ხარჯთაღრიცხვა, მასალების ჩამოწერის აქტები, მივლინების, ხელფასის და შეძენილი მომსახურებების ხარჯის გაწევის) დოკუმენტაცია, რომლითაც არსებითი კავშირი დგინდებოდა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, რაც შესაძლებლობას აძლევდა შემმოწმებელს დაედგინა დაბეგვრის ობიექტი. ამასთან, გამოყენებულია ფასნამატის მეთოდი, რაც ძირითადად მიესადაგება ვაჭრობის სფეროს და არა მომსახურების სფეროს. სამივლინებო ხარჯებზე აღსანიშნია, რომ არ არის გათვალისწინებული მონიტორინგის (საძირკვლის, სახურავის, გარე ფასადის შეფუთვის, სანტექნიკის, ელექტროობის) სპეციალისტების მივლინების ხარჯები და არა უშუალოდ ობიექტის მშენებლობის პროცესში ჩართულ ხელოსნებზე გაწეული ხარჯი. ამდენად, დავის ეტაპზე წარდგენილია:

ობიექტების მიხედვით მასალების ჩამოწერის აქტები, რომელთა შესყიდვაც დოკუმენტურად დადასტურებულია;

მივლინების ბრძანებები და სამივლინებო ანგარიშები;

საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც სრულად არის აღრიცხული ყველა ტრანსაქცია, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული შესყიდვის ოპერაციები.

საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2025 წლის №------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულია და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელმა, განმარტა რომ დავების ეტაპზე, შემოწმების შემდეგ, წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება შემოწმების პერიოდში წარდგენილ დოკუმენტებს და ახსნა-განმარტებების შინაარსს. მაგალითად, გადასახადის გადამხდელი მივლინებებთან დაკავშირებით განმარტავდა, რომ ბინის ქირას უხდიდა ხელოსნებს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც არ იყო ხელმისაწვდომი სასტუმრო და ასევე, უზრუნველყოფდა მათ კვებით და ტრანსპორტირებით (საწვავის ხარჯი), რაც ნაწილობრივ დასტურდებოდა დოკუმენტურად. ამდენად, სამივლინებო ხარჯის გაწევა კომპანიას რეალურად არ უწევდა. დოკუმენტურად დადასტურებული ყველა იდენტიფიცირებული ხარჯი (რაზეც ფიქსირდება თანხის გადახდა და დასტურდება მისი გაწევა დოკუმენტზე მხარეების ხელმოწერით) და საბანკო ანგარიშიდან, კონკრეტული ხარჯის გასასტუმრებლად, გადარიცხული თანხა, ჩათვლილია ხარჯში. საჩივარში მითითებული ინფორმაცია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ცდილობს შეამციროს ფულადი ნაშთის ოდენობა, მეორეს მხრივ შემოწმების მიდგომიდან და დარიცხვის გაანგარიშებიდან გამომდინარე, აუარესებს კომპანიის დარიცხვის შედეგებს, ვინაიდან დარიცხვა განხორციელებულია დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების პროპორციულად, კერძოდ, დასაბეგრი ბაზა მიღებულია კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებიდან აგროსილი, მისივე ხარჯთაღრიცხვით დადგენილი მინიმალური მარჟით.

ამდენად, მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შეფასებული და შესწავლილია წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის საჩივარზე დართული, რასაც ადასტურებს ზემოთ აღნიშნული და სადავო აქტში (3.07.2025 წლის დასკვნაში) მოცემული მსჯელობა.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებზე აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26700 ბრძანებაში მითითებული იყო შემდეგი: „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად, შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები“. აღნიშნული ბრძანება ნაწილობრივ გაუქმდა საბჭოს 8.02.2024 წლის №21347/2/2023 (რეგ. ------) გადაწყვეტილებით, საბჭო მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხები საჭიროებდა დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა 19.04.2024 წლის №9156 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რაც არ გასაჩივრებულა. ამდენად, მომჩივნის მიერ განსახილველი (აღსრულების შედეგებზე) წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში წარმოდგენილი არგუმენტები (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლებზე) წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრებით, რაც არ დაკმაყოფილდა და არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ.------) გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.02.2025 წლის №24698/2/2025 (რეგ. 10.03.2025წ. 03/16286) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საქართველოს რეგიონებში, დამკვეთის მიწის ნაკვეთზე ხის სახლების (კოტეჯების) აშენება დამკვეთისათვის სასურველი დიზაინით და მოცულობით. შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ წარადგინა კრედიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე რაიმე დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც მოახდენდა გავლენას ფულადი სახსრების მოძრაობის განსაზღვრაზე. ხარჯად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რაც ხელმისაწვდომი იყო შემოწმების მიმდინარეობისას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი მიჩნეულია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5); 275;101;154