გადაწყვეტილება №22598/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 22598/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22598/2/2024

02 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------18.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22598/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15343 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4196 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 449 364 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 222 053

დღგ - 138 206

საშემოსავლო გადასახადი - 83 847

ჯარიმა - 80 314

საურავი - 146 997

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.11.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.12.2021 წლის №005-308 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას და დღგ-ის სავალდებულო რეგისტაციას, ასევე დასაბეგრი ნამეტი შემოსავლის განსაზღვრას და ითხოვდა სანქციებისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მე2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17316 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე 24.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 5.09.2022 წლის №005-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30019 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 2.03.2023 წლის №18532/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაუთვალისწინებლობის საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამ მიზნით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა და ბოლო დროს შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შპს „------------“ ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 75 942 ლარით, მათ შორის: გადასახადი 50 628 ლარით, ჯარიმა 25 314 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 26.10.2023 წლის №005-177 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4196 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან:

საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის მიხედვით რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით „ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით „ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.“

მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ გადამხდელის მიერ უძრავ ქონებაზე ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და მასზე გაწეული დანახარჯები წარმოადგენდნენ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რამდენად არის ხსენებული ხარჯი დასაბუთებული საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, და შემდეგში შემოსავლების სამსახურის, მიერ ექსპერტიზის დასკვნა მიჩნეული იქნა მაღალი რწმუნების დოკუმენტად, რომლის გათვალისწინებაც დაევალა საგადასახადო ორგანოს.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დავების განმხილველ არცერთ ორგანოს საგადასახადო ორგანოსთვის არ დაუვალებია ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული დანახარჯების მხოლოდ ნაწილი (75%) გაეთვალისწინებინა საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და საგადასახადო ორგანოს მიერ სრულად უნდა მოხდეს ხარჯთაღრიცხვით დადასტურებული დანახარჯების გამოქვითვებში გათვალისწინება, მიწოდებული უძრავი ქონების პროპორციულად.

შეცდომა საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას

საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით გამოქვითვებად აღიარებული თანხის (321 647,71 ლარის) 20% შეადგენს - 64 329,54 ლარს და გაუგებარია რა გაანგარიშების საფუძველზე განხორციელდა გადამხდელისთვის მხოლოდ 50 628 ლარის საშემოსავლო გადასახადით შემცირება, როცა თავისივე დასკვნაში საგადასახადო ორგანო ამტკიცებს რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას დაუმატა 321 647,71 ლარი (= 674 500 ლარი / 591,83კვ.მ. * 376,3კვ.მ. * 75%).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. შპს „------------“ ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე შპს „------------“ ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიშში მოცემული გაწეული ხარჯების (მასალები, ხელფასი, ტრანსპორტირება, არაპირდაპირი ხარჯები, ზედნადები ხარჯები, მოძრავი ქონებები) 75% ჩაითვალა გაწეულად, კერძოდ: ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ღირებულება 674 500 ლარი შეადგენს 591,83 კვ.მ-ის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას, უძრავი ქონების შეძენის ღირებულება შეადგენს (80 000 აშშ * 2,3679) 189 432 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით დასაბეგრია 376,3 კვ.მ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, შესაბამისად შემოწმებით გაწეულ ხარჯად ჩაითვალა (674 500/591,83*376.3)*75%) + (189 432/591,83*376.3)) 442 570 ლარი, აღნიშნულის გათვალისწინებით ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი (861 805 - 442 570) 419 235 ლარი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დაბეგრილია 672 373 ლარი. დასკვნის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 75 942 ლარით, მათ შორის: გადასახადი 50 628 ლარით, ჯარიმა 25 314 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15343 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე შპს -ს ინსპექტირების (ექსპერტიზის დასკვნა) ანგარიშში მოცემული გაწეული ხარჯების (მასალები, ხელფასი, ტრანსპორტირება, არაპირდაპირი ხარჯები, ზედნადები ხარჯები, მოძრავი ქონებები) 75% ჩაითვალა გაწეულად. აღნიშნულის გათვალისწინებით ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დასკვნის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15343 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21)