გადაწყვეტილება №22128/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.03.2024
№ დოკუმენტი 22128/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22128/2/2024

25 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------1.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22128/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა/საურავის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №241 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 663.8 ლარი.

მათ შორის:

დღგ- 7 916

ჯარიმა - 3 958

საურავი - 4 789.8

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის აპრილის თვის, 2021 წლის თებერვლისა და ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 20 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დრიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს გამოწერილი აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში. კერძოდ:

2020 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე - 35 180 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) (დღგ- 5 336.44 ლარი);

2021 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდზე - 1 101 ლარის (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 167.99 ლარი);

2021 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე - 32 956 ლარის (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 5 027 ლარი), საიდანაც შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული 15 626.38 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ის თანხა 2 383.68 ლარი).

აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28676 ბრძანება და ამავე თარიღის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედ 160-ე, 161-ე მუხლებზე, 158-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლებზე, 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სხვა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან მიმართებით, მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებამ თუკი ის დაადგინა, რომ სავადო პერიოდებში არ იყო დეკლარირებული ზოგიერთი ფაქტურა, ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა დაედგინა, რომ მაგალითად 2020 წლის აპრილის ფაქტურა ---------- ამავე წლის აგვისტოშია დეკლარირებული, ან 2021 წლის თებერვლის ფაქტურა ----------დეკლარირებულია ამავე წლის მაისის დეკლარაციაში და ა.შ. სხვა ფაქტურები.

ასეთი სახით მიდგომა მინიმუმ როგორც მეწარმის, ასევე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის დროს და ენერგიას დაზოგავდა, რადგან:

1. აქტით ჯარიმა დარიცხულია 50% და არა 10%, როგორც საგადასახადო კოდექსით ასეთ დროს შეესაბამება;

2. საურავი, რომელიც დარიცხულია სავადო პერიოდიდან დღემდე, უნდა იყოს მხოლოდ სავადო პერიოდიდან ფაქტიურად დეკლარირებულ პერიოდამდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თანხის ოდენობას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ითხოვს აქტით განსაზღვრული დარიცხვების გადახედვას. კერძოდ:

1. ძირი თანხა საერთოდ უნდა ამოვარდეს დარიცხვიდან, რადგან დეკლარირებულია;

2. ჯარიმა უნდა შემცირდეს 10%-მდე;

3. საურავი დაერიცხოს მხოლოდ იმ მცირე პერიოდებზე, რა სხვაობაცაა სავადოსა და ფაქტიურ დეკლარირებას შორის.

აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს დღეისთვის დარიცხულ 16 663 ლარს შეამცირებს 1200-1300 ლარამდე. სხვაობა კი საგრძნობია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი განმარტავს, რომ ანგარიშ-ფაქტურები, რომლების დეკლარაციებში აუსახველობისთვისაც მოხდა კომპანიის დაჯარიმება ასახული და დაბეგრილი აქვს სხვა პერიოდის დეკლარაციებში. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული გადასახადი გასაუქმებელია.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.

მომჩივანი ასევე ითხოვდა ჯარიმა/საურავის ოდენობის შემცირებასაც. კერძოდ, უთითებდა, რომ ჯარიმა 50%-ის ნაცვლად უნდა განსაზღვრულიყო 10%-ის ოდენობით. ამასთან, საურავი, რომელიც დარიცხულია სავადო პერიოდიდან დღემდე, უნდა იყოს მხოლოდ სავადო პერიოდიდან ფაქტიურად დეკლარირებულ პერიოდამდე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თანხის ოდენობას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს

უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან

სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მომჩივნის არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №241 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა/საურავის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს გამოწერილი აქვს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დეკლარაციაში დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;160(ა);159(1);163(1,2);164(1);