ბრძანება N 22029
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22029
06 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 8 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 90) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 155997/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 5 სექტემბრის N EL326429 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი (სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საბაჟო დეპარტამენტი:
2026 წლის 4 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- მხრიდან შემოვიდა ----- (პ/ნ ----- ) მართვის ქვეშ მყოფი N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო N -----/----- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. მითითებული საბაჟო დეკლარაციის მიმართ მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“ და საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქონლის სკანერით დათვალიერების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი გაიგზავნა ----- სტაციონალური სკანერის დანიშნულებით. აღნიშნულის შესახებ ეცნობა -----, რაც დასტურდება N -----/----- საბაჟო დეკლარაციაზე დატანილი შტამპით და მისი ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, იმავე დღეს გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ კონტროლის ზონაში, სადაც დადგინდა, რომ N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა ----- სტაციონალურ სკანერზე გამოცხადებისა და სკანირების გავლის გარეშე.
ვინაიდან ----- საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან და ----- სტაციონალურ სკანერზე გამოცხადების ნაცვლად გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ კონტროლის ზონაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2026 წლის 5 სექტემბერს შედგა N EL326429 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- (პ/ნ ----- ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
მომჩივნის პოზიცია:
განმარტავს, რომ 2026 წლის 4 სექტემბერს შემოვიდა ----- გამშვები პუნქტიდან საქართველოში.
----- მებაჟე ოფიცერმა ხელი მოაწერინა მოწმობაზე, თუმცა სიტყვიერად არ აუხსნა რაზე აწერდა ხელს. აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;
საბაჟო მარშრუტი მოიცავს საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ტრაექტორიას ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულებას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი მიუთითებს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამავე მუხლის პირველი პრიმა პუნქტი კი აზუსტებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს მარშრუტს, რომლითაც პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტი მოიცავს:
ა) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების მიმართულებას, ან/და
ბ) დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონას, ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან და გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა ----- სტაციონალურ სკანერზე გამოცხადებისა და სკანირების გავლის გარეშე. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან, კერძოდ არ გაიარა სატვირთო ავტომობილის სკანირება, რის გამოც საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 170; 163;.