გადაწყვეტილება №21607/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21607/2/2023
12 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21607/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.04.2019 წლის №11672 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №001-171 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26347 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 230 207 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 148 626
დღგ - 48 732
მოგების გადასახადი - 30 023
საშემოსავლო გადასახადი - 69 871
ჯარიმა - 81 581
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება და შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა „ორის ბუღალტერიაში“. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს აღრიცხული 2015 წლის საანგარიშო პერიოდის საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგები. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის პერიოდში, დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალში ასახული თანხები, მკვეთრად განსხვავდება წარმომადგენელის მიერ მიწოდებული ერთობლივი შემოსავლის გაშიფვრებში ასახულ თანხებისგან. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ, მაქსიმალურად იქნა იდენტიფიცირებული ფიზიკურ პირებზე გაყიდული ავტომანქანების სარეალიზაციო ღირებულება, აღნიშნული ფიზიკური პირებისგან წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების გზით (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ფიზიკურ პირებისგან, რომელთაგან, უმეტესწილად მიწოდებული იქნა ინფორმაცია, ხოლო ზოგ შემთხვევაში, გაგზავნილი მოთხოვნა დაბრუნდა ჩაუბარებლობის გამო), ხოლო იმ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დასადგენად, რომელთა კონკრეტული მყიდველის იდენტიფიცირება და ზუსტი სარეალიზაციო თანხის დადგენა ვერ მოხერხდა, გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომლის გამოანგარიშება მოხდა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ ზედნადებებში დაფიქსირებული და ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედეგად, კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 161-ე მუხლების თანახმად, განისაზღვრა 2015 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
2. გადასახადის გადამხდელის მიერ, 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში „სხვა ხარჯების“ ნაწილში დეკლარირებულია 60 859 ლარის ხარჯი. წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული ხარჯი 2015 წელს შედგენს 301 547 ლარს. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი „სხვა ხარჯი“;
3. გადასახადის გადამხდელის მიერ, 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახით დეკლარირებული მონაცემები განსხვავდება შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებისგან. 2015 წლის პერიოდის საწყისი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი დაკორექტირდა და განისაზღვრა 2015 წელს 276 091 ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 2015 წელს შეადგენდა 399 640 ლარს;
4. კომპანიას 2015 წლებში გააჩნია როგორც საგადასახადო ასევე, ფინანსური მოგება. შესამოწმებელ პერიოდში (2014 წლის პერიოდში დირექტორის ახსნა-განმარტებით, ბუღალტრულ ჩანაწერებში ფიქსირებული, სალაროს უძრავი ნაშთი წარმოადგენდა ფორმალურს, რადგან თანხები დირექტორის მიერ გატანილი იყო და გატანის მიზნობრიობაც ვერ იქნა დასაბუთებული) შესწავლილ იქნა კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშზე და სალაროში ფიქსირებული, ამასთანავე შეძენა-რეალიზაციისას ფულადი თანხების მოძრაობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ანგარიშვალდებულ პირს ანგარიშსწორების ანგარიშიდან და სალაროდან მიღებული აქვს თანხები ხელზე, რომლის მიზნობრიობაც გაურკვეველია. შედეგად, აღნიშნული თანხები 2015 წლის პერიოდში ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2018 წლის №35958 ბრძანება და 14.12.2018 წლის №001-346 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.04.2019 წლის №11672 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს მტკიცებულებები, მ.შ. სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და იმ შემთხვევაში, თუ არ დასტურდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს, შესაბამისი მეთოდის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების გადაანგარიშება;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, გადასახადის გადამხდელის მხრიდან პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში/წარდგენილი დოკუმენტაციის საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით, იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება;
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/არგუმენტები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სალაროში არსებული თანხის სახელფასო განაცემად განხილვის საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225- რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11672 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 53 069 ლარით. დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №001-171 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26347 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილი იქნა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 53 069 ლარით, მათ შორის, გადასახადი 34 605 ლარით, ხოლო ჯარიმა 18 464 ლარით, აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11672 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემულია 2023 წლის 21 ივლისის დასკვნა, 2023 წლის 25 ივლისს შემოსავლების სამსახურს მიმართა განმარტებისათვის, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად საკითხების შესწავლისას წარმოიშვა საკითხები, რომელიც აზიანებდა გადასახადის გადამხდელის ინტერესებს მათ მიერ გასაჩივრებულ საკითხებზე. კერძოდ, საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11672 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს მიეცა დავალებები, მაგრამ საკითხებთან მიმართებით დეტალური მიმოხილვისათვის წარმოადგენს საკითხის არსს, კერძოდ:
პირველი საკითხი:
გადასახადის გადამხდელის მიმართ ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ გარკვეულ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებობდა დოკუმენტურად დადგენილი რეალიზაციის ღირებულება, ნაწილზე არ არსებობდა. იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელზეც არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია, ფასი დარჩა უცვლელი, რომელზეც არ არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია, შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის შედეგად დადგენილი ფასნამატი რადიკალურად განსხვავდება ბაზარზე არსებული მდგომარეობისაგან და სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული შედეგებისაგან. კერძოდ, აუდიტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებით, ფასნამატად განსაზღვრულია 41%, რაც არარეალურია ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით და უმეტეს შემთხვევაში, არ აღემატება 10%-ს. შესაბამისად ითხოვდა, რომ ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულიყო რეალურად მიღებული შემოსავლით. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფასნამატის გაანგარიშებაში ღებულობს მონაწილეობას ისეთი შეძენა-რეალიზაცია, რომელიც არასრულყოფილია და აკლია შეძენის დოკუმენტები, კერძოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალების ფასნამატები, რომელშიც ფასნამატი გამოდის 200%, 500%, 1000%, 5000% და ა.შ., რაც არარეალურია და არ უნდა იღებდეს მონაწილეობას რეალური ფასნამატის გაანგარიშებაში. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნილი აქვს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით ხარჯების გაანგარიშება;
ამასთანავე, საჩივრის ზეპირი განხილვისას დაფიქსირებული ქონდა, რომ არსებობს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც რეალიზებულია განუბაჟებლად და რომელიც აუდიტის გაანგარიშებაში დაბეგრილია დღგ-ით. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესაბამისი კორექტირების განხორციელება. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი განუბაჟებელი ავტომობილების ნაწილში თავს იკავებს გადაანგარიშების განხორციელებისაგან, რადგან მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებებში ცალსახად არ იყო მითითებული აღნიშნული საკითხის გადაანგარიშება. ითხოვა, განმარტება მიეცეს, მოკლებულია თუ არა აუდიტის დეპარტამენტი, ზემოაღნიშნული ბრძანების შინაარსების გათვალისწინებით, შეასრულოს გადაანგარიშება როგორც ერთობლივი შემოსავლის, ასევე დღგ-ის ნაწილში და გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხში, ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების საკითხში, რადგან შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, მხედველობაში უნდა იყოს თუ არა მიღებული სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, რათა მოხდეს ფასნამატის ზედა ზღვრის დაწესება, რომელიც გავრცელებული იქნება არა დოკუმენტური რეალიზაციისთვის;
- უნდა მოხდეს თუ არა დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება, 18%-იან ბრუნვაში ჩართული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების იმ ნაწილში, რომელიც განუბაჟებელია (ავტოტრანსპორტის შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა, ან განახორციელა სხვა გადამხდელმა, ან განხორციელდა რეექსპორტი საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანის გარეშე) და არ უნდა იყოს ჩართული 18%-იანი ბრუნვის გაანგარიშებაში, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ოპერაციის ამ კუთხით შესწავლაზე, თავს იკავებს ზემოაღნიშნული საკითხის გადაანგარიშებაზე.
მეორე საკითხი:
კომპანიას შემოწმების შედეგად შეუმცირდა გამოსაქვითი ხარჯები. როგორც აღინიშნა, ავტომობილებით ვაჭრობის ბაზარზე არსებული კონკურენცია არ მისცემს გადასახადის გადამხდელს ქონდეს ისეთი მაჩვენებლები, რომელიც ანომალიურია და განსხვავდება სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული შედეგებისგან. შესაბამისად, ისეთი სატრანსპორტო საშუალების მიმართ, რომელსაც არ გააჩნია ხარჯის სრული დოკუმენტაცია, გამოყენებულ იქნეს იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული შედეგები, ანომალიური ფასნამატის დაფიქსირების შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და გათვალისწინებული იქნეს შემოსავალთან მიმართებაში.
ითხოვა, მიეცეს განმარტება ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, კერძოდ:
- აქვს თუ არა აუდიტის დეპარტამენტს სამართლებრივი საფუძველი, განახორციელოს ხარჯების გადაანგარიშება სხვა მონაცემებთან ერთად სხვა, იდენტური კომპანიების აუდირებული შედეგების გათვალისწინებით და შემოსავალთან შეფარდებით, ხარჯვის დოკუმენტის არარსებობის, ან არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, შესადარისად აიღოს იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული მონაცემები და ანომალიური ფასნამატის დაფიქსირების შემთხვევაში, სახელმძღვანელოდ აიღოს შესადარისი მონაცემები, რადგან აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ზემოთ ნახსენებ გადაწყვეტილებაში არ არის მკაფიო დავალება მიცემული შესასრულებელი ქმედების შესახებ.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 2023 წლის 13 სექტემბრის №22362 ბრძანება განმარტებაზე უარის თქმის თაობაზე, იმ მოტივით, რომ განმარტება დაუშვებელია ისეთ საკითხებზე, რომელზეც აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშება უკვე შედგენილი აქვს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული გადაანგარიშება გადასახადის გადამხდელს მიუვიდა მხოლოდ 2023 წლის 28 ივლისს და განცხადების დაწერის მომენტში გადასახადის გადამხდელი არ იყო ინფორმირებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასრულებული გადაანგარიშების შედეგების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურისგან ვერ მიიღო პასუხი განმარტების სახით, რომელიც სახელმძღვანელო შეიძლება ყოფილიყო აუდიტის დეპარტამენტისთვის გაანგარიშების შესასრულებლად, ითხოვს განმარტებაში მითითებული საკითხების ხელახალ შესწავლას, ვინაიდან ზემოაღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გადაანგარიშების სწორად შესრულებაზე, როგორც ერთობლივი შემოსავლისა და ხარჯების სწორად განსაზღვრასთან მიმართებაში, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სწორად ფორმირებაში, ვინაიდან არასწორად დადგენილი ფასნამატი დაუსაბუთებლად ზრდის ერთობლივ შემოსავალს, ასევე არასწორად იქნება განსაზღვრული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, თუ განუბაჟებელი სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია დაიბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლში ჩამოყალიბებულ გარემოებებს, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 25 ოქტომბრის №26347 ბრძანების გამოცემისას არ იმსჯელა დღგ-ის გაანგარიშებაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, კერძოდ განუბაჟებელი ავტომობილების დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებაში, რაც თვლის, რომ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11672 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებების), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამატებით შესწავლით:
- არაპირდაპირი მეთოდით, ფასნამატის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გაიზარდა მოგების გადასახადში, ხოლო დღგ შემცირდა. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები სალდირებულად დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას;
- გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით, 2015 წელს შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯის გათვალისწინებით და დამატებით, იმ საქონელთან მიმართებაში, რომელზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ფიქსირდება, გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შედეგად, აღნიშნულ პერიოდში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
- ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის და გადაანგარიშების მიხედვით, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯის გაზრდის შედეგად, შემცირდა ხელფასად განხილული თანხები. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);
- სანქციის კორექტირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამგვარად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნაგანმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელზე შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 53 069 ლარით.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ შემოსავლების სამსახურის 18.04.2019 წლის №11672 ბრძანების აღსრულებას ერთობლივი შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული და გამოსაქვითი ხარჯების გადაანგარიშების ნაწილში, წარმოადგენს პოზიციებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ სადავოდ წარმოდგენილი საკითხების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებების განმარტებისათვის მიმართა შემოსავლების სამსახურს, მაგრამ უარი ეთქვა, შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 25 ოქტომბრის №26347 ბრძანების გამოცემისას, არ იმსჯელა დღგ-ის გაანგარიშებაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, კერძოდ განუბაჟებელი ავტომობილების დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებაში, რაც თვლის, რომ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლებას.
ამგვარად, მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ არ წარმოადგენს, კონკრეტულად, მის მიერ წარდგენილი რომელი დოკუმენტის/მტკიცებულების გაუთვალისწინებლობას ან/და არასრულად გათვალისწინებას მიიჩნევს არამართლზომიერად და შესაბამისად, აღსრულებას შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 18.04.2019 წლის №11672 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე.
რაც შეეხება მომჩივანის მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №001-171 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისაგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 18.04.2019 წლის №11672 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11672 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებების), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამატებით შესწავლით: - არაპირდაპირი მეთოდით, ფასნამატის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გაიზარდა მოგების გადასახადში, ხოლო დღგ შემცირდა. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები სალდირებულად დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას; - გამოსაქვით ხარჯებთან მიმართებით, 2015 წელს შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯის გათვალისწინებით და დამატებით, იმ საქონელთან მიმართებაში, რომელზეც ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ფიქსირდება, გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შედეგად, აღნიშნულ პერიოდში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას; - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებთან მიმართებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას); - ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის და გადაანგარიშების მიხედვით, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯის გაზრდის შედეგად, შემცირდა ხელფასად განხილული თანხები. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას); - სანქციის კორექტირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამგვარად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნაგანმარტებები), ასევე საბაჟო დეპარტამენტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელზე შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 53 069 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 275;
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)