გადაწყვეტილება №20656/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.01.2024
№ დოკუმენტი 20656/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20656/2/2023

25 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20656/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

2. შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი საქონლის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №125-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19373 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 466 697 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 699 810

დღგ - 106 015

მოგების გადასახადი - 459 298

საშემოსავლო გადასახადი - 134 497

ჯარიმა - 591 937

საურავი - 174 950

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის - ხილისა და ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 15.09.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 1.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 21.06.2023 წლის №14267 ბრძანება და ამავე თარიღის №125-10 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 20.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.08.2023 წლის №19373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საგადასახადო ორგანოს ხელთარსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებზე და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, შედგენილია საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად, გარდა საქონლის იმპორტისთვის გადასახდელი თანხების 25%-ისა (საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული შეძენების საფასური ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მტკიცებულებები შემოწმებისათვის არ წარუდგენია. შედეგად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების №8 დანართის მიხედვით ანაზღაურებულად ჩაითვალა საქონლის ღირებულების 75%). ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა წარდგენილი განმარტება, შედეგად შემმოწმებელმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგს არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ თითქოს ყველა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისი თანხა საწარმოს მიღებული აქვს. საწარმოს ჰყავს რამდენიმე მყიდველი კომპანია, დღეის მდგომარეობით მათგან საწარმოს არ აქვს სრულად მიღებული რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ჯამში 8 500 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ამ კომპანიებთან გაფორმებულ შედარების აქტებს. შესაბამისად, ითხოვს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად დაკორექტირდეს ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი საწარმოს დირექტორზე გასაცემი თანხების ოდენობა და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, თუმცა მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს. საჩივარში მიუთითებს, რომ საწარმოს ჰყავს რამდენიმე მყიდველი კომპანია, დღეის მდგომარეობით მათგან არ აქვს სრულად მიღებული რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ჯამში 8 500 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ამ კომპანიებთან გაფორმებულ შედარების აქტებს.

საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა სადავო საკითხზე განმარტა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლმა წარადგინა ახსნაგანმარტება დებიტორების და კრედიტორების არ არსებობის შესახებ. შესაბამისად, მისი არგუმენტი უსაფუძვლოა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი საქონლის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემმოწმებლისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო ორგანო საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებსა და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას.

საწარმოს მიერ წარდგენილია ფიზიკური პირებისაგან ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები). წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონლის რაოდენობა და ფასები გადამოწმებულია საქონლის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილი საერთოდ უარყოფდა საქონლის მიწოდებას, ნაწილი აცხადებდა, რომ ზოგადად ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას, მაგრამ არ ადასტურებენ შესყიდვის აქტით დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. რიგ შემთხვევებში, განმარტებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მკვეთრად განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებისაგან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №6) მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონლის შესაძენად საწარმოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან შესყიდულ პროდუქციაზე გაფორმებული შესყიდვის აქტები სრულად არ იქნა გათვალისწინებული. კერძოდ, შემოწმების შედეგად შესყიდვის აქტებში ასახული თანხების მხოლოდ 75% იქნა მიჩნეული დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% განხილულია, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი ანუ საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით შესყიდვის აქტებით განსაზღვრული თანხა შეადგენს 8 849 183 ლარს, ამ თანხის 25% ანუ 2 212 295 ლარი მიჩნეულია დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოწმების აქტში მითითებულია რომ მათ მიერ მოხდა ფიზიკური პირების გამოკითხვა და მათ არ დაადასტურებს წარდგენილი შესყიდვის აქტების სისწორე.

შემმოწმებლის პოზიციას, არ ეთანხმება რადგან უნდა მოხდეს შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება. მათი სისწორის დასადასტურებლად, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ფიზიკურ პირებთან ნოტარიულად დამოწმებულ შესყიდვის აქტებს. ითხოვს ამ დოკუმენტების გათვალისწინებას და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების დაკორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საჩივარში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება. მათი სისწორის დასადასტურებლად, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ფიზიკურ პირებთან ნოტარიულად დამოწმებულ შესყიდვის აქტებს.

მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგამოძიებო სამსახურის მასალებზე დაყრდნობით და ასევე, გამყიდველ ფიზიკურ პირებთან რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად ვერ დადგინდა შესყიდვის აქტების (მასში ასახული მონაცემების) ნამდვილობა. ფიზიკური პირების ნაწილი საერთოდ უარყოფდა საქონლის მიწოდებას, ნაწილი აცხადებდა, რომ ზოგადად ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას, მაგრამ არ ადასტურებდნენ შესყიდვის აქტით დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. რიგ შემთხვევებში, ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მკვეთრად განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებისაგან.

ამდენად, შესყიდვის აქტებით საქონლის შესაძენად საწარმოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში კომპანიის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. ამრიგად, დავის საგნის ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი შემოწმების შედეგს არ ეთანხმება.ითხოვს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად დაკორექტირდეს ფულის მოძრაობის შედეგად გამოვლენილი საწარმოს დირექტორზე გასაცემი თანხების ოდენობა და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

2.გადამხდელი არ ერთანხმება შემმოწმებლის პოზიციას,რადგან უნდა მოხდეს შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინება. მათი სისწორის დასადასტურებლად, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ფიზიკურ პირებთან ნოტარიულად დამოწმებულ შესყიდვის აქტებს. ითხოვს ამ დოკუმენტების გათვალისწინებას და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების დაკორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებზე და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, შედგენილია საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად.ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა წარდგენილი განმარტება, შედეგად შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილი საერთოდ უარყოფდა საქონლის მიწოდებას, ნაწილი აცხადებდა, რომ ზოგადად ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას, მაგრამ არ ადასტურებენ შესყიდვის აქტით დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. რიგ შემთხვევებში, განმარტებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მკვეთრად განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებისაგან.

აღნიშნულის გათვალისწინებით,შესყიდვის აქტებით საქონლის შესაძენად საწარმოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში კომპანიის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. ამრიგად, დავის საგნის ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),982 ,101,154.