ბრძანება N 20535

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.09.2026
№ დოკუმენტი 20535
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20535

18 სექტემბერი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 აგვისტოს №27371/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2022 წლის 29 დეკემბრის №77685/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №006-533 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილ შეღავათით სარგებლობა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 იანვრის №868 და ამავე წლის 14 ივნისის №15017 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 1 დეკემბრის №30227 ბრძანება და 2022 წლის 2 დეკემბრის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 423 ლარი, მათ შორის გადასახადი 88 097 ლარი, ჯარიმა 43 326 ლარი და საურავი 0 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 29 დეკემბრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13532 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 7 ნოემბრის №20326/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხოლო, გადამხდელის 2026 წლის 19 მაისის №7371/2/2026 საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე საგადასახადო დავის განახლებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 აგვისტოს №27371/2/2026 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13532 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 აგვისტოს №27371/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი მიუთითებს, რომ სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად მომჩივანი შეყვანილ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათით მოსარგებლეთა სიაში. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება წარედგინა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, თუმცა ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, განცხადება დარჩა განუხილველი. მომჩივანმა გამოიხმო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან და იგი დარჩა განუხილველი.

საბჭო მიუთითებს, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების შესწავლის და შეფასების მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.”

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია. „-------“-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის N228 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გაიცა ნებართვა საწარმოს დირექტორის სახელზე. ხოლო შპს „-------" (ს/ნ „-------") სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა (მოწმობა სმ „-------“) 2015 წლის 15 მაისს, რომლის საფუძველზე გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა. შემოწმების პროცესში ქ. „-------" მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი (ძველი საკადასტრო ნომერი „-------"), ხოლო ახალი საკადასტრო ნომერი „-------")) ისევ წარმოადგენს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 2022 წლის 1 აპრილის N„-------" წერილით დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებული ნუსხაში არ არის შეტანილი.

შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას.

გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:

79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ)მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

81.ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ ჰქონდა ასახული და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. „-------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილი წერილის (რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ფართების სახით მიწოდებული უძრავი ქონება (ობიექტი) არ არის შეტანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში) და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახულ მომჩვნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „-------“ შეყვანილ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათით მოსარგებლეთა სიაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „------“ შეღავათით მოსარგებლეთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე, ქ. „-------"-ის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მომჩივანის ობიექტის (საკადასტრო ნომერი „-------") საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი შეღავათებით გამოსაყენებელ ობიექტთა ნუსხაში შეყვანასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადამხდელის ობიექტის ზემოაღნიშნულ ნუსხაში შეყვანის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „--------“ შეღავათით მოსარგებლეთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე, ქ. „-------" მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვოს ინფორმაცია შპს „-------“ ობიექტის (საკადასტრო ნომერი „-------“) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი შეღავათებით გამოსაყენებელ ობიექტთა ნუსხაში შეყვანასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება გადამხდელის ობიექტის ზემოაღნიშნულ ნუსხაში შეყვანის ფაქტი, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხივს სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილ შეღავათით სარგებლობას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია.სამშენებლო ნებართვის საფუძველზე 2008 წლის 4 ივნისის გაიცა ნებართვა კომპანიის დირექტორზე.ხოლო კომპანიის სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 2015 წლის 15 მაისს, რომლის საფუძველზე გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა. შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი ისევ წარმოადგენს თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 2022 წლის 1 აპრილის წერილით დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებული ნუსხაში არ არის შეტანილი. შემოწმება დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

160,161,309(79).