გადაწყვეტილება №21424/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.01.2024
№ დოკუმენტი 21424/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21424/2/2023

09 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 27.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21424/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ერთობლივი შემოსავალის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება;

3. ქონების გადასახადში დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №077-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 122 989 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 68 710

დღგ - 21 449

საშემოსავლო გადასახადი - 46 721

ქონების გადასახადი - 540

ჯარიმა - 34 122

საურავი - 20 157

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხორცით, ყველით და სხვა სურსათით ვაჭრობა ქ. "-------"-ში , "-------"-ში , იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6715 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17113 ბრძანება და №077-15 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 122 989 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ერთობლივი შემოსავალის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ და დღგ-ის დეკლარაციებში არ ჰქონდა სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები) დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშდა პირის ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისი პროპორციებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებით, ი/მ "-------"-ის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით: ტერმინალით მიღებული თანხების, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებისა და სასაქონლო ზედნადებების ჯამით. შემოსავლების გაორმაგებისგან თავის აცილების მიზნით, მოხდა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისა და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული თანხების შედარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზედნადებებით რეალიზაციის უმეტეს შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვების მეშვეობით, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებების ჯამი აჭარბებს საბანკო ჩარიცხვებს, შემოსავლების გაანგარიშების მიზნით, უგულებელყოფილი იქნა საბანკო ანგარიშებზე იმ პირების ჩარიცხული თანხები, რომლებზეც გამოწერილია დოკუმენტები. შესაბამისად, გაანგარიშებაში საბანკო ჩარიცხვები არ არის ჩართული. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, საბანკო ჩარიცხვებზე არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, კერძოდ, 2022 წლის ივნისის, აგვისტოსა, ოქტომბრის და 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, ჯამურად 29 425 ლარის ოდენობით, რაც ასახულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შემოწმების აქტის შედგენისა და აღნიშნული აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან, აგრეთვე შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის პროცესში, არსებითად დაირღვა საგადასახადო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები გადასახადის გადამხდელის უფლებების ნაწილში, ასვე საგადასახადო ორგანოს (წარმომადგენლების) ვალდებულებების ნაწილში.

საგადასახადო შემოწმების პროცესში შემმოწმებლებთან კომუნიკაციისას, მომჩივნის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე არ გადაგზავნია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, მასზე შემმოწმებლებს გადასახადის გადამხდელისგან არ მოუთხოვიათ და შესაბამისად, არ წარუდგენია თავისი პოზიცია, რაც თავად შემმოწმებლების მიერაც დასტურდება საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამის გრაფებში - გადასახადის გადამხდელის პოზიცია, დაფიქსირებული ჩანაწერებით: - „გადამხდელს პოზიცია არ წარმოუდგენია“.

აღნიშნულ ქმედებათა გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის წარმოებაზე კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, პრაქტიკულად არ მომხდარა მომჩივნის მოსაზრებების შეჯერება შემმოწმებელთა მიერ აქტის მიხედვით დაფიქსირებულ გარემოებებთან და მათზე მიღებულ სამართლებრივ შეფასებებთან, რის გამოც საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დაფიქსირებული საგადასახადო სამართალდარღვევები და მათი კვალიფიკაცია პრაქტიკულად მხოლოდ და მხოლოდ შემმოწმებელთა ცალმხრივ მოსაზრებებს და პოზიციებს წარმოადგენს.

სრულიად გაუგებარი და გაურკვეველია საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1-ის გრაფაში: - „ფაქტობრივი გარემოება, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლებში“ შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი შეფასება:

„ი.მ. "------"-ის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხორცით, ყველით და სხვა სურსათით ვაჭრობა, შემდეგ მისამართზე: ქ. "-----" ,იჯარით აღებულ ფართში. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე არ აწარმოებს ბუღალტერიას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში არა აქვს სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგის ბრუნვები.

შემოწმებით, ერთიანი ელექტრონული ბაზის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები) დამუშავების შედეგად გადაანგარიშდა ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეწარმეს უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პროპორციულად. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ის ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა“.

რამდენადაც, საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელთან გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის შესახებ ინფორმაციის გრაფაში, დაფიქსირებულ პოზიციაში შემმოწმებლები ხაზგასმით მიუთითებენ რომ: „შემოწმების პროცესში, გაანგარიშდა მეწარმის შემოსავლები არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, აღნიშნული მეთოდით არსებითი სხვაობა აქტით დარიცხულ თანხებსა და გაანგარიშების მონაცემებს შორის არ გამოვლენილა, შესაბამისად, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული.“

შესაბამისად აღნიშნულისა, შემმოწმებელთა მიერ შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდის გამოუყენებლობის კვალობაზე, ლეგიტიმურად და კანონზომიერად გაჩნდა შესაბამისი ეჭვი იმისა, თუ პრაქტიკულად რით იყო განპირობებული საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა და აღნიშნულ გაზრდილ შემოსავლებზე შემოწმებით დამატებით 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი მოცულობისა და შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული თვეების მიხედვით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა, მათ კვალობაზე კი დამატებით გადასახადების და შესაბამისი ფინანსური სანქციებით დაკისრება.

აღნიშნული ეჭვიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს - შემმოწმებელს სთხოვა გადაეგზავნა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშების მონაცემები (ცხრილები), რომლებიც გადაგზავნილ საგადასახადო შემოწმების აქტს თან არ ახლდა. აღნიშნული გაანგარიშების მონაცემები (ცხრილი) შემმოწმებლის მიერ ელექტრონული ფოსტით დამატებით გადაეგზავნა ცალკე, საგადასახადო მოთხოვნის მიღების შემდეგ.

აღნიშნული გაანგარიშების ცხრილის საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზის შემდგომ, მასში აღმოაჩინა არსებითი ხასიათის შეცდომები და უზუსტობები, რომლებიც გამოიხატება შემდეგში:

შემმოწმებლებს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშების აღნიშნული ცხრილის შესაბამისი სვეტების მიხედვით, განხილული აქვთ შემოსავლები: საბანკო ჩარიცხვებით; შემოსავლები ტერმინალით; შემოსავლები სალაროთი. აქვე, აღნიშნული გაანგარიშების ცხრილის მომდევნო სვეტში შემმოწმებლები განიხილავენ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციას.

როგორც აღნიშნული ცხრილის შესწავლისა და ანალიზით დაადგინა, 2021 წლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ფაქტობრივად შეადგენს 943 665 ლარს (ტერმინალით მიღებულ შემოსავლებს 638 470 ლარს + სალაროთი მიღებული 305 194 ლარი). შემმოწმებლებს კი ამავე გაანგარიშების სვეტში (სულ შემოსავალი) 2021 წლის შემოსავლებში მითითებული აქვთ 1 164 435 ლარი, 220 770 ლარით მეტი (1 164 435 – 943 665), ანუ ზუსტად იმ თანხით მეტი, რაც აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით 2021 წლისთვის სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის სვეტში აქვთ დაფიქსირებული (220 770 ლარი). ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები კი როგორც წესი დაითვლება შემოსავლებით: საბანკო ჩარიცხვებს პლიუს შემოსავლები ტერმინალით, პლიუს შემოსავლები სალაროთი.

რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზაციებს, მყიდველების მიერ მათი გადახდები როგორც წესი შესაძლებელია განხორციელდეს ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც დაფიქსირდება სალარო აპარატზე შესაბამისი ჩეკის ამორტყმით, ისე მყიდველთა ხელთ არსებული შესაბამისი პლასტიკური ბარათებიდან საბანკო ტერმინალის მეშვეობით, ან კიდევე საბანკო გადარიცხვით. შესაბამისად აღნიშნულისა, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზაციებით მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად აისახება გადახდების აღნიშნული სამი ფორმიდან ერთ-ერთში და სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მათი რეალიზაციებში ჩართვა მხოლოდ საბანკო გადარიცხვების გამოკლებით, ყოველგვარ ლოგიკურ რეალობას მოკლებულია, რამდენადაც აღნიშნული გზით გაანგარიშების შედეგად პრაქტიკულად გამოდის, რომ იმ საქონლის რეალიზაციები, რომლებზეც სასაქონლო ზედნადებები გამოიწერა და მათზე გადახდები ნაღდი ანგარიშსწორების გზით სალარო აპარატზე შესაბამისი ჩეკის ამორტყმით, ან კიდევ მყიდველის მიერ პლასტიკური ბარათის მიხედვით განხორციელდა, შემმოწმებელთა მიერ გამოყენებული მეთოდით პრაქტიკულად გაორმაგდა, რამდენადაც შემმოწმებელთა გაანგარიშების შესაბამისად, ისინი ჯერ საკონტროლო სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის მონაცემების მიხედვით რეალიზაციებში მოხდა, ხოლო შემდეგ შემმოწმებელთა მიერ იმ სასაქონლო ზედნადებების (საბანკო ჩარიცხვებით რეალიზებულის გამოკლებით) დამატებით რეალიზაციებად განხილვას მოჰყვა რომელი ზედნადებების მიხედვითაც გადახდები საკონტროლო სალარო აპარატით ნაღდი ანგარიშსწორებით და საბანკო ტერმინალზე მყიდველთა პლასტიკური ბარათებით გადახდით მოხდა სალარო აპარატისა და ტერმინალის ერთიან ნაერთ მონაცემებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ შემოწმების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული უზუსტობა, ან კიდევ შემმოწმებელთა მხრიდან უბრალოდ გარკვეული უყურადღებობით ან კიდევ გაუაზრებლად მექანიკური შეცდომით იყო განპირობებული.

აღნიშნულ ვითარებაში ცხადია ვერ გაიზიარებს შემოსავლების სამსახურის სხდომაზე შემმოწმებლის მიერ ცალმხრივად დაფიქსირებულ და შემოსავლების სამსახურის მიერ უაპელაციოდ გაზიარებულ პოზიციას, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებაშია ასახული:

,...გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებით, ი/მ "-------"-ის შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით: ტერმინალით მიღებული თანხების, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებისა და სასაქონლო ზედნადებების ჯამით. შემოსავლების გაორმაგებისგან თავის აცილების მიზნით, მოხდა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისა და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული თანხების შედარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზედნადებებით რეალიზაციის უმეტეს შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვების მეშვეობით, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებების ჯამი აჭარბებს საბანკო ჩარიცხვებს, შემოსავლების გაანგარიშების მიზნით, უგულებელყოფილი იქნა საბანკო ანგარიშებზე იმ პირების ჩარიცხული თანხები, რომლებზეც გამოწერილია დოკუმენტები. შესაბამისად, გაანგარიშებაში საბანკო ჩარიცხვები არ არის ჩართული.“

რაც შეეხება აქვე დაფიქსირებულ ბრალდებას, რომ: ,,ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, საბანკო ჩარიცხვებზე არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, კერძოდ, 2022 წლის ივნისის, აგვისტოსა, ოქტომბრის და 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, ჯამურად 29 425 ლარის ოდენობით, რაც ასახულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში...“, შემმოწმებლებს აღნიშნულზე შემოწმების პროცესში ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და აღნიშნული პოზიცია მომჩივნისთვის მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად მიღებული შემოწმების აქტის გაცნობის შემდეგ გახდა ცნობილი, არა და მასზე შესაბამისი განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდებოდა ხსენებული საბანკო ჩარიცხვებით მიღებული შემოსავლების გაშიფრვა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემმოწმებელთა მიერ გაშიფრულად გადაეგზავნოს ზემოთ აღნიშნული მათთვის საეჭვო ჯამურად 29 425 ლარის მონაცემები შესაბამისი თარიღებისა და თანხების საბანკო ჩარიცხვებზე, რომლებიც გაიშიფრება და მიწოდებული იქნება შესაბამისი ინფორმაცია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებაში იქვე დაფიქსირებული პოზიცია: „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან“, მიაჩნია არამართლზომიერად და არაკანონზომიერად, რამდენადაც მასზე მომჩივნის მოსაზრებები შემოსავლების სამსახურს, საკითხის გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად განხილვის გამო, ფაქტობრივად არ მოუსმენია. ან კიდევ, გაუგებარია შემმოწმებლის პოზიცია და მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ არ შეიძლება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული საქონლის საზღაურის გადახდა განხორციელდეს ნაღდი ანგარიშსწორებით სალარო აპარატზე ჩეკის ამორტყმით, რომელიც გადასახადის გადამხდელისთვის შესაბამის სასაქონლო ზედნადებთან ერთად გაწეული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს, ან კიდევ მყიდველის შესაბამისი პლასტიკური ბარათით საბანკო ტერმინალის გამოყენებით გადახდა და ისინი პრაქტიკულად ფინანსური და საგადასახადო მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელებს არანაირ პრობლემას არ უქმნის.

არა და მოცემულ შემთხვევაში პრაქტიკულად სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ღირებულების აღნიშნული წესით გადახდას უამრავ შემთხვევაში ჰქონია ადგილი და თუ ეს დაუშვებელია მიუთითონ ის კონკრეტული საკანონმდებლო ნორმა, ან კიდევ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას უზღუდავს!

ასევე, არ ეთანხმება და არ იზიარებს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებაში დაფიქსირებულ პოზიციას: ,,ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს“, რამდენადაც ამის შესაძლებლობა თავის დროზე არც შემოწმებას და არც შემოსავლების სამსახურს პრაქტიკულად არ მიუცია და შემმოწმებლის მიდგომა ე. წ. გაუგებარი გამორიცხვების მეთოდებითა და გაურკვეველი ვარაუდების თაობაზე, მომჩივნისთვის მხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანების გაცნობის შემდგომ გახდა ცნობილი და მასზე თავისი მოსაზრება, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნა, შემოწმებას მომჩივნისთვის არც შემოწმების პროცესში და არც საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად არ მიუწოდებია.

ასევე, აღნიშნული ცხრილის შესწავლისა და ანალიზით დაადგინა შეუსაბამობები 2022 წლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში დაფიქსირებულ მონაცემებშიც. კერძოდ: აღნიშნულ ცხრილში შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად, 2022 წლის შემოსავლები ფაქტიურად შეადგენს 1 299 963 ლარს (საბანკო ჩარიცხვებს 25 825 ლარს + ტერმინალით მიღებული შემოსავლები 925 530 ლარი + სალარო აპარატის მიხედვით მიღებული შემოსავლები 348 608 ლარი). შემმოწმებლებს კი გაანგარიშების შესაბამის სვეტში (სულ შემოსავალი) 2022 წლის შემოსავლად დაფიქსირებული აქვთ 2 131 348 ლარი, ანუ ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალზე 831 384 ლარით მეტი (2 131 348 – 1 299 963), რაც აღნიშნული ცხრილის მიხედვით სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული 830 209 ლარის გათვალისწინებითაც კი 1 175 ლარით მეტია. ფიქრობს, ეს უკანასკნელი არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება?!

პრაქტიკულად ლოგიკური, სწორი და შესაბამისად ფაქტობრივ მდგომარეობას შეესაბამება აღნიშნული გაანგარიშების ცხრილში შემმოწმებლების მიერ შესამოწმებელი პერიოდის - 2023 წლის ორი თვის მიხედვით დაფიქსირებული მონაცემები, რომლთა შესაბამისადაც, 2023 წლის ორი თვის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად შეადგენს 181 426 ლარს (საბანკო ჩარიცხვებს 3 600 ლარს + ტერმინალით მიღებული შემოსავლები 122 314 ლარი + სალარო აპარატის მიხედვით მიღებული შემოსავლები 55 511 ლარი). შემმოწმებელთა მიერ ამავე გაანგარიშების შესაბამის სვეტში (სულ შემოსავალი) 2023 წლის ორი თვის მონაცემებში დაფიქსირებული აქვთ ზუსტად აღნიშნული თანხა - 181 426 ლარი და პრაქტიკულად აქ - 2023 წლის ორი თვის ერთობლივ შემოსავლებში უკვე ფაქტობრივად შეყვანილი არა აქვთ ამ პერიოდში - 2023 წლის ორ თვეში სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის სვეტში დაფიქსირებული თანხა - 89 928ლარი, რაც ცხადია სრულიად ლოგიკურია და იგი ფაქტობრივ რეალობას შეესაბამება!

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია არ ეთანხმება შემმოწმებლების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტისა და აქტის დანართების მიხედვით დაფიქსირებულ გაზრდილ მონაცემებს და აღნიშნული უსაფუძვლოდ და არაკანონზომიერად გაზრდილი შემოსავლების კვალობაზე საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1- ის მიხედვით არასამართლებრივად და არაკანონზომიერად 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით 39 810 ლარის დარიცხვას, აგრეთვე აღნიშნული არასწორად დაფიქსირებულ (გაზრდილ) შემოსავლებზე შესაბამისი პროპორციებით (დღგ-ის დასაბეგრი და განთავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინებით) შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დღგ-ის ნაწილში დამატებით 21 449 ლარის და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრებას და ითხოვს მათ კორექტირებას (შემცირებას).

 

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არასრულად/არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წელს შემცირდა ხარჯების (სმფ, ელ.ენერგია, სხვა ხარჯები) თანხა 34 555 ლარით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. შემოწმების მიერ 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები (სმფ, ელ. ენერგია და სხვა) შემცირდა სულ 34 555 ლარით.

გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების შეძენის დამადასტურებელი „შესყიდვის აქტები“ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარდგენილი, კერძოდ, შემოწმებით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჯამი 84 175 ლარით ნაკლებია დეკლარირებულ მონაცემზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მეთოდური მითითების შესაბამისად, სმფების ხარჯებში დამატებით გათვალისწინებულ იქნა გამოვლენილი სხვაობის 75%.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება და არ იზიარებს საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №2-ის შესაბამისად შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ „შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არასრულად/არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით, 2021 წელს შემცირდა ხარჯების (სმფ, ელ. ენერგია, სხვა ხარჯები) თანხა სულ 34 555 ლარით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა“.

რამდენადაც, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის დანართის შესწავლითა და ანალიზით დგინდება, რომ წლის დასაწყისში სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა (რამდენადაც გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2020 წლის 31 დეკემბერს და ეკონომიკურ საქმიანობას ფაქტობრივად ახორციელებს 2021 წლიდან), ხოლო 2021 წლის ბოლოს სმფ-ების ნაშთებმა შეადგინა 30 331 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის ამ დანართის შესაბამისად, მომჩივნის მიერ დეკლარირებული აღნიშნული მონაცემები შეესაბამება შემოწმების მონაცემებს და მასში შემოწმებას რაიმე კორექტირება არ შეუტანია.

ამასთან, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შეადგენს - 958 356 ლარს, შემოწმების მონაცემების შესაბამისად იგი შემცირებულია 923 801 ლარამდე, ანუ გამოქვითვები ამ გზით შემოწმების მიერ შემცირებულია 34 555 ლარით. აღნიშნულს არ ეთანხმება და არ იზიარებს იმ გარემოებათა გამო, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის განმავლობაში ელექტრონულად დოკუმენტალურად დადასტურებული შეძენები ფაქტობრივად შეადგენს 117 267ლარს, ხოლო ფიზიკური პირებისგან ე. წ. „შესყიდვის აქტებით“ შეძენილი საქონელი შეადგენს 787 492 ლარს. შესაბამისად აღნიშნულისა, მომჩივნის მიერ 2021 წლის განმავლობაში შეძენილი სმფ-ები ფაქტობრივად ჯამში შეადგენს 904 759 ლარს (117 267 + 787 492), ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტის ზემოთ აღნიშნულ დანართში შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებული 923 801 ლარისა.

ასევე, არ ეთანხმება და შესაბამისად არ იზიარებს შემოწმებით ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯების შემცირებას, რამდენადაც, როგორც შემოწმების მიერ არის დაფიქსირებული, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, შესაბამისად, ელ. ენერგიის მომხმარებელ აბონენტს წარმოადგენს შენობის მესაკუთრე, რომლის სახელზე დაფიქსირებული აბონენტის ნომრის მიხედვითაც ახდენს მასთან წარდგენილი მონაცემების მიხედვით მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯის გადახდას, რაზეც გააჩნია შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ქვითრები, ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები). შესაბამისად ყოველივე აღნიშნულისა, ელ. ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების ხარჯები სააბონენტო მონაცემების შესაბამისად 2021 წლისთვის შეადგენს 3 467 ლარს, რაც თანხვედრაშია მომჩივნის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართალწარმოების პროცესში შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი და აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17113 ბრძანება და №077-15 საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და ისინი ფაქტობრივად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტებით. საჩივარში წარმოდგენილი და განხილული გარემოებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული აქტების ბათილობის სრულყოფილ საფუძველს წარმოადგენს, რომლიდანაც გამომდინარე ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №077-15 საგადასახადო მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების გაუქმებას, ან/და საჩივრის მიხედვით წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოწმების საფუძველზე არაკანონზომიერად და არამართლზომიერად დარიცხული თანხების სრულყოფილ კორექტირებას (შემცირებას).

 

3. ქონების გადასახადში დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. მეწარმის დასაბეგრმა შემოსავალმა 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოწმებით, მომჩივანს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ერთადერთი, რასაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხებიდან სრულყოფილად იზიარებს და აღიარებს, არის შემოწმებით ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვები. ამასთან, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მას, რამდენადაც ის მომჩივნის მხრიდან განპირობებული იყო არა მიზანმიმართულად გადასახადისგან თავის არიდებით, არამედ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის არასაკმარისი ცოდნითა და გამოცდილებით, რომლიდანაც გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს შესაძლებლობის ფარგლებში ამ ნაწილში განხორციელებული ჯარიმისგან განთავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლების მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტისა და აქტის დანართების მიხედვით დაფიქსირებულ გაზრდილ მონაცემებს.ითხოვს მათ კორექტირებას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება და არ იზიარებს საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხს,რომ გადამხდელს არასრულად/არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.ასევე, არ ეთანხმება და შესაბამისად არ იზიარებს შემოწმებით ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯების შემცირებას

3.საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს ჯარიმისგან განთავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ და დღგ-ის დეკლარაციებში არ ჰქონდა სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არასრულად/არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. შემოწმებით,შემცირდა ხარჯების თანხა.შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

3.გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. მეწარმის დასაბეგრმა შემოსავალმა 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოწმებით, მომჩივანს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6).

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლი.