ბრძანება N 11300

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.05.2026
№ დოკუმენტი 11300
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11300

22 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 14 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2026 წლის 14 მაისის №102373/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 აპრილის №127-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში სრულად იძლევა საწვავის ფაქტობრივი ხარჯის ობიექტურად დადგენის შესაძლებლობას. ასევე, მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა შემოწმებას დაავალა საათობრივი წვის ნორმის შესწავლა, მისი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ ნამუშევარ საათებთან თანხვედრის შემოწმება და არა მოპოვებული ბალასტის მოცულობასთან მიმართებაში საწვავის ხარჯის გაანგარიშება. აღნიშნავს, რომ საწვავის ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულია და გაწეულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. მომჩივანი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (ნოტარიულად დამოწმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ნამუშევარი საათების ცხრილი, საექსპერტო დასკვნა №-----) საფუძველზე, საათობრივი წვის ნორმის ნამუშევარ საათებზე გამრავლების მათემატიკური მეთოდით, საწვავის ფაქტობრივი ხარჯის ხელახალ გაანგარიშებას და საგადასახადო ვალდებულებების შესაბამის კორექტირებას (შემცირებას). ასევე, ალტერნატივის სახით მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, საწვავის ფაქტობრივი ხარჯი დადგინდეს არაპირდაპირი მეთოდით, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ნორმატიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №24285 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №---- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 5 და 9 სექტემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან, კერძოდ, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №24285 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 8 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემულია საათის მიხედვით. ამასთან, შესწავლის პროცესში დამატებით საჭირო გახდა ექსპერტიზის დასკვნა ექსკავატორის მიერ გახარჯული საწვავის მიხედვით, აქედან გამომდინარე, გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადამხდელმა წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია ინტერნეტ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექსკავატორის საწვავის ხარჯი: მსუბუქი, საშუალო და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოხმარებული საწვავის რაოდენობა 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან, ექსპერტიზა არ დაკვირვებია ექსკავატორის ფაქტობრივი მუშაობის მონაცემებს, ინფორმაცია ექსპერტის მიერ აღებული იყო ინტერნეტ საიტიდან საწვავის ხარჯვის შესახებ საათობრივ განზომილებაში და მუშაობის სირთულეების მიხედვით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელი იყო 1 ლიტრი საწვავის ხარჯის მიხედვით ექსკავატორით მოპოვებული ბალასტის რაოდენობის დადგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღებაჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი მეტრ კუბი ბალასტი მოიპოვა კომპანიამ აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივი იყო და შეესაბამებოდა თუ არა გადამხდელის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავის ხარჯების შესწავლა საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი მოცემული იყო საათის მიხედვით. ამასთან, შესწავლის პროცესში გადამხდელს დამატებით დაევალა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, რომელშიც შესწავლილი იქნებოდა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზი, მოპოვების ადგილზე, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამდენი მეტრ კუბი ბალასტი მოიპოვა კომპანიამ აღნიშნული ხარჯის გაწევის მომენტში და აღნიშნული ხარჯის გაწევა რამდენად მიზნობრივი იყო და შეესაბამებოდა თუ არა გადამხდელის საქმიანობას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საწვავის ფაქტობრივი ხარჯის გაანგარიშებას მის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საექსპერტო დასკვნის შესაბამისად ან არაპირდაპირი მეთოდით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ნორმატიული მაჩვენებლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 ნოემბრის №24285 ბრძანებით საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლა, რომელიც მოიცავდა მხოლოდ ნოტარიულად დადასტურებულ მიღება-ჩაბარების აქტებს. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია შემმოწმებლის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული დოკუმენტაცია, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა, მოპოვების ადგილზე მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ ინერტული მასალის ამობალასტების, გაშრობის და დატვირთვის სამუშაოების პროცესის სრული ანალიზის შესახებ, რომლითაც დადგინდებოდა 1 კუბური მეტრი ინერტული მასალის მოპოვებაზე გახარჯული საწვავის ხარჯის ოდენობა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია საწვავის ხარჯებთან და ინერტული მასალის მოპოვებასთან, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საათობრივი მიღება-ჩაბარების აქტები. სრული ანალიზისთვის გადამხდელს დაევალა მუხლუხებიანი ექსკავატორის მიერ მოპოვების ადგილზე სამუშაოების შესრულებისას 1 კუბურ მეტრ მასალაზე გახარჯული საწვავის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. წარდგენილი დოკუმენტი დაეყრდნო მხოლოდ ინტერნეტში არსებულ საათობრივ მონაცემებს დატვირთვის რეჟიმების მიხედვით. ვინაიდან ექსპერტიზა არ დაკვირვებია ფაქტობრივი მუშაობის პროცესს, წარმოდგენილი დასკვნითა და აქტებით შეუძლებელი გახდა გახარჯული საწვავით მოპოვებული ბალასტის ზუსტი მოცულობის დადგენა, ასევე ხარჯის მიზნობრიობისა და საქმიანობასთან შესაბამისობის დადასტურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ დამდგარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)