გადაწყვეტილება 22429/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2024
№ დოკუმენტი 22429/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

22429/2/2024

04 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ -----ს 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22429/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №001-351 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2642 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 256 354 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 120 577

დღგ - 48 839

საშემოსავლო გადასახადი - 71 738

ჯარიმა - 56 142

საურავი - 79 635

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი 2018-2019-2020-2021 წლების მიხედვით შეადგენს შესაბამისად 42%-40%-39%-39%.

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, არ ახდენს საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერას, არ აქვს დაწესებული კონტროლი საქონლის მარაგების მოძრაობაზე და ვერ შიფრავს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის/საბოლოო ნაშთებს. ამასთან, გადამხდელის მიმართ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია საგადასახადო სამართალდარღვევის არაერთი ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საწარმოს მიერ დეკლარირებული საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, გაიმიჯნა დოკუმენტური რეალიზაცია არადოკუმენტურისგან და შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის შედეგების, ასევე ფიქსაციის აქტში დაფიქსირებული სარეალიზაციო თანხების ანალიზით და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტით რეალიზებულ პროდუქციაზე დადგენილი საშუალო ფასნამატი. საშუალო წლიურმა ფასნამატმა 2018 წელზე შეადგინა 55%, ხოლო დანარჩენ წლებზე (2019-2020-2021) - 50%. შედეგად საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 405 954 ლარით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით მიღებულია განკარგვადი თანხა სულ 430 025 ლარი. მათ შორის, 2018 წლის ბოლოს 110 986 ლარი,2019 წლის ბოლოს - 122 699 ლარი,2020-ში -146 312 ლარი,ხოლო 2021 წლის ივნისის თვის ბოლოსთვის - 50 029 ლარი. შემოწმებისას გაანგარიშებული განკარგვადი თანხები ჩაითვალა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად შესაბამისი კალენდარული წლის ბოლოსთვის, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ამავე კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 30.12.2021 წლის №42321 ბრძანება და №001-517 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13337 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 28.10.2022 წლის №16768/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13337 ბრძანებადა საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 90 000 ლარით, მათ შორის: გადასახადი 59 999, ჯარიმა 30 001 ლარით, რომლის საფუძველზე წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №001-351 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2642 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაციის გარდა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილია მხოლოდ ერთი თვის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება. შედეგად, გამოვლინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გადამხდელს საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებული აქვს მაქსიმალური ღირებულება და არა საქონლის ბოლო შეძენის ან საშუალო ფასი. შედეგად, შემოწმებით ნაწილობრივ დაკორექტირდა ფანსამატი და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი.

ამასთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დარჩა ძალაში, ვინაიდან გადამხდელის მიერ ბუღალტრულად საქონლის ჩამოწერები ჰქონდა ჯამურად, ნაცვლად სახეობების მიხედვით ჩამოწერისა, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემცირდა შემოწმების აქტის დარიცხული თანხები, როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე (დაუყონებლივ) აუდიტორისათვის მის მიერ გადაგზავნილია საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც ზედმიწევნით და რეალურ დროშია აღრიცხული საქონლის მოძრაობა, აუდიტორი უარს აცხადებს ამ პროგრამის ასლის გამოყენებაზე იმის მომიზეზებით რომ „ვერ გახსნა“ (შემდგომ დამატებით კიდევ ორჯერ გადასცა აღნიშნული ასლი, თუმცა ისიც ვერ გახსნა) და ცდილობს საკუთარი ინტერპრეტაციით მოახდინოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, რაც ცხადია ვერ იქნება ჭეშმარიტი.

სხდომის დასრულებისთანავე (2023 წლის 18 მაისს) ჰქონდა კომუნიკაცია აუდიტორთან, რომელმაც მოსთხოვა ერთი თვის ინფორმაციის მიწოდება ექსელის ფორმატში და თუ არსებით სხვაობებს აღმოაჩენდა თავის მიერ დამუშავებულ ინფორმაციასა და მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შორის, შემდგომ კიდევ გამოითხოვდა სხვა პერიოდისათვის იგივე ფორმატით დამუშავებულ ფაილს. მოთხოვნის შესაბამისად გადასცა პროგრამის მიხედვით დამუშავებული ფაილი, სადაც თითოეულ ტრანზაქციაზე მითითებული იყო შეძენის ზედნადების ნომერი, დასახელებების იდენტიფიცირება და ყველა ის ინფორმაცია, რაც ავტომატურად იკითხება პროგრამაში. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაცია ვაჭრობს ათასზე მეტი დასახელების საქონლით, ყოველთვიურად იწერება რამდენიმე ასეული ზედნადები და შესაბამისად ბრუნავს ათასობით ერთეული საქონელი, ადვილია წარმოდგენა რა მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი ამ ინფორმაციის პროგრამიდან ექსელში კომენტარებით გადმოტანისას, თუმცა ცხადია ეს მოთხოვნა მისგან შესრულებულ იქნა. ამის შემდგომ რამდენიმე გზის მოხდა დაკავშირება მისი მხრიდან აუდიტორთან, ხომ არ იყო საჭირო ახალი ფაილების გადაგზავნა, თუმცა პასუხი ჰქონდა „ვერ მოვიცალე“, „შვებულებაში ვარ“, „მე თავად დაგიკავშირდებით“, ეს უკანასკნელი პასუხი ბოლოს კატეგორიულ მოთხოვნაში გადავიდა და ისიც მოთმინებით ელოდა როდის დაუძახებდა ფაილის გასავლელად და როდის მოსთხოვდა ახალ ინფორმაციას. საბოლოოდ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, დაახლოებით 20 დეკემბრის შემდეგ დაუკავშირდა და განაცხადა, რო მის ფაილში არის უზუსტობები და შესაბამისად მთლიანად ვერ გაითვალისწინებს. აღნიშნული ფაილი კომენტარებით მიიღო იმ დათქმით, რომ უნდა დაემუშავებინა და უზუსტობების შემთხვევაში ეცნობებინა და გაევლო აუდიტორთან ერთად, რასაც ითვალისწინებდა კიდეც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან როდესაც გადაამუშავა და დაუბრუნა საკუთარივე შეცდომების მითითებით, რეაგირება არ მოუხდენია, მეტიც: მის მიერ ფაილი გადაგზავნილ იქნა 2023 წლის 27 დეკემბერს, ხოლო მის მიერ ხელმოწერილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე რეგისტრირებულია 2023 წლის 26 დეკემბერს, შესაბამისად მისი მოსაზრების გათვალისწინებასა და საკუთარი შეცდომების შეფასებას ვერანაირად მოახდენდა. აუდიტორის კომენტარების ანალიზით მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ფაილის გასაცნობად და დასამუშავებლად მას ან დრო არ ჰქონდა, ან ძალიან ზედაპირულად მოეკიდა. ამის საფუძველს აძლევს მისი შენიშვნები დოკუმენტებსა და ინფორმაციაზე, რომელიც თავისუფლად იძებნება მის RS პორტალზე ან მითითებული აქვს იმავე ფაილში კომენტარის სახით. მან ასევე არ იმოქმედა საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით და არ მოახდინა მისი, როგორც გადამხდელის მხარის ჩართვა გადაანგარიშების პროცესში და ისევ საკუთარი ინტერპრეტაციით მოახდინა ორგანიზაციისათვის დამატებითი გადასახდელების დარიცხვა. რამდენადაც მისი ორგანიზაცია ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახდენს საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერას, აქვს დაწესებული კონტროლი საქონლის მარაგების მოძრაობაზე, შიფრავს დეკლარირებული სმფ-ების საწყის/საბოლოო ნაშთებს, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, ღიად თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან და აუდიტის დეპარტამენტთან, ასევე რამდენადაც არ მიეცა არც დრო და არც შესაძლებლობა ეთანამშრომლა აუდიტორთან, რამდენადაც საგადასახადო აუდიტის მიზანი გახლავთ ჭეშმარიტების დადგენა და არავითარ შემთხვევაში კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის დასჯა გამოგონილი ბრალდებებით, მოითხოვა გაუქმდეს 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შედეგების გადაანგარიშებაზე და მოხდეს ხელახალი გადაანგარიშება დარიცხვის საბოლოო განულებამდე, რადგან მის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი თუ ინფორმაცია ამის ნათელი დასტურია და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ორგანიზაციის დასჯა აუდიტორის არაკეთილსინდისიერი ქმედების და ინტერპრეტირებული, ყოველგვარ საღ აზრს აცილებული მსჯელობის გამო. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, შემოსავლების სამსახურმა არ დაასწრო განხილვის პროცესს, სადაც არგუმენტირებულად შეძლებდა დაემტკიცებინა სიმართლე, ამიტომ განმეორებით ითხოვს მოწვევას სხდომაზე, რათა შეძლოს პოზიციის არგუმენტაცია და სიმართლის დამტკიცება. ამასთან, ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით იქნა შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. აღნიშნულის შედეგად შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი ნაწილობრივ იქნა შემცირებული, რის საფუძველზეც შემცირდა როგორც დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაკისრებული ჯარიმის ოდენობაც. კერძოდ, დასკვნის შედეგად სულ შემცირდა 90 000 ლარით, მათ შორის: გადასახადი 59 999 ლარით, ჯარიმა 30 001 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას ზოგადად ისაუბრა და ვერ წარმოადგინა კონკრეტული არგუმენტები ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ასევე, საჩივარში სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №11045 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი 2018-2019-2020-2021 წლების მიხედვით შეადგენს შესაბამისად 42%-40%-39%-39%.

გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, არ ახდენს საქონლის კანონით დადგენილი წესით ჩამოწერას, არ აქვს დაწესებული კონტროლი საქონლის მარაგების მოძრაობაზე და ვერ შიფრავს დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის/საბოლოო ნაშთებს. ამასთან, გადამხდელის მიმართ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია საგადასახადო სამართალდარღვევის არაერთი ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით მიღებულია განკარგვადი თანხა . შემოწმებისას გაანგარიშებული განკარგვადი თანხები ჩაითვალა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად შესაბამისი კალენდარული წლის ბოლოსთვის, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ამავე კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №42321 ბრძანება და №001-517 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №13337 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.დავების განხილვის საბჭოს №16768/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №13337 ბრძანებადა საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის №11045 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №11045 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 90 000 ლარით, რომლის საფუძველზე წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №001-351 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის წლის №2642 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304( 21);