ბრძანება № 630

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.01.2024
№ დოკუმენტი 630
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 630

18 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 25 დეკემბრის №86294/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №081-295 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება კომპანიის ხელახალ შემოწმებას და აცხადებს, რომ შემმოწმებლისთვის მიწოდებულ იქნა სრულყოფილი ინფორმაცია, წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით აუდიტორული კომპანია „----------“- ის მიერ შედგენილი ორი დასკვნა, რომლებიც შედგენილი იყო ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტებითა და საგადასახადო კანონდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით, რის საფუძველზეც დადგენილ იქნა შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებები განსხვავებული მიდგომების გამოყენებით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ არ იქნა გაზიარებული კომპანიის მიერ წარდგენილი დასკვნა, არ არის ნამსჯელი იმაზე, თუ შეფასების რომელი სტანდარტის ან საგადასახადო კანონდებლობის რომელი ნორმის დარღვევის გამო მოხდა აღნიშნული დასკვნების უგულებელყოფა, ასევე, გაუგებარია, რატომ არის უფრო სწორი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გამოყენება დაბეგვრის მიზნებისთვის და რა უპირატესობა აქვს აღნიშნულ დასკვნას კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნებთან შედარებით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ სამხარაულის დასკვნაში არ არის მოცემული უძრავი ქონების ბაზრის დეტალური ანალიზი, ფასების დინამიკა და მისი გავლენა მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასებზე, არ არის მოხდარი უძრავი ქონების ლოკაციისა და ძირითადი მახასიათებლების ანალიზი, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის მოთხოვნები იდენტური/მსგავსი საქონლის ბაზარზე არსებული შეთავაზებების შერჩევასთან მიმართებაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანებით დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----------“ (ს/ნ --------) მიერ ფ/პ ----------- (პ/ნ -----------) მიწის ნაკვეთების (ს/კ: ----------- და 30 ნოემბერი 2023

N 29685 05.32.12.220) შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25885 ბრძანების საფუძველია ---------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №15-15/2023 (შემ №-------- 28.06.2023) და ----------სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №3/ბ-460-23წ (შემ №-------- 18.10.2023). საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 2 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 ნოემბრის №29625 ბრძანება და 30 ნოემბრის №081-295 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 399 607 ლარი, მათ შორის, გადასახადი 193 433 ლარი, ჯარიმა 95 669 ლარი და საურავი 110 505 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

2018 წლის 16 ივნისს გადასახადის გადამხდელმა დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან (---------) 8 100 000 აშშ დოლარად (19 908 990 ლარი) შეიძინა

1 461მ2 და 6 683მ2 მიწის ნაკვეთები ქალაქ ---------, ------------ში (ს/კ -------- და 05.32.12.220). საწარმომ აღნიშნულ მიწაზე 2018 წლიდან დაიწყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, კომერციულ ფართებს, პარკინგს, საცხოვრებელ ბინებს და აუზს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამფუძნებელი ფ/პ --------- მიწის ღირებულების სახით გადახდილი აქვს თანხები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით, 2018 წლის 16 ივნისის მდგომარეობით მიწის საბაზრო ფასი განისაზღვრა 6 270 230 ლარით. აღნიშნული თანხა უკვე გადახდილია 2020 წლის 23 აპრილამდე. ხოლო 2020 წლის 23 აპრილიდან 2021 წლის 1 აპრილამდე გატანილია 773 747 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორისთვის/დამფუძნებლისთვის მიწის ღირებულების სახით განხორციელებული გადახდები (საბაზრო ფასზე მეტი) დააკვალიფიცირა მასზე გადახდილ ხელფასად და დაბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2018 წლის 16 ივნისს გადასახადის გადამხდელმა დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან 8 100 000 აშშ დოლარად შეიძინა მიწის ნაკვეთები, რომელზეც დაიწყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე შეფასების დასკვნა, რომლებშიც ფიქსირდებოდა განსხვავებული საბაზრო ფასები, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა მიწის საბაზრო ფასით შეფასების მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის მიხედვით მიწის საბაზრო ფასი განისაზღვრა 6 270 230 ლარით. შემოწმება დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორისთვის (დამფუძნებლისთვის) მიწის ღირებულების სახით განხორციელებული გადახდები, რომელმაც გადააჭარბა აღნიშნული დასკვნით განსაზღვრულ მიწის საბაზრო ფასს, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 ივნისს აუდიტის დეპარტამენტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, რათა დადგენილიყო 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „---------“ (ს/ნ ----------) მიერ ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) მიწის ნაკვეთების (ს/კ: ------------) შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების მიხედვით, გამოვლენილი ახალი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „----------“ (ს/ნ -----------) მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე მიწის ღირებულებისთვის გადახდილია მეტი თანხა, ვიდრე დადგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №12468 ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩატარებულია შპს „----------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგენილია 2021 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოცემულია 2021 წლის 8 ივლისის №22260 ბრძანება და 2021 წლის 9 ივლისის №081-219 საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ხსენებულ საკითხზე შესაბამისი ღონისძიება ვერ განხორციელდა (შემოწმებისთვის აუცილებელი ინფორმაციის არქონის გამო, მათ შორის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის არქონის გამო. ---------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნება დაერთო აუდიტის დეპარტამენტს, განეხორციელებინა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-----------“ (ს/ნ ------------) მიერ ფ/პ --------- (პ/ნ -----------) მიწის ნაკვეთების (ს/კ:--------- და 05.32.12.220) შესაძენად გადახდილი თანხების საფუძველზე ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №3/ბ-460-23წ.) უცვლელად დარჩა ----------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა დასკვნა, რომელიც განხორციელდა სერტიფიცირებული შემფასებლის „-------------”-ის მიერ. აღნიშნული შეფასების თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ფასი 2018 წლის 16 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 6 100 00 აშშ დოლარს, ხოლო მიწის საინვესტიციო ღირებულება იმავე თარიღისთვის შეადგენდა 8 400 000 აშშ დოლარს. ამასთან, კომპანიამ შემოწმების პროცესში წარადგინა „--------------“-ს მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხევითაც შესაფასებელი ობიექტის (მიწის) საბაზრო ღირებულება 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 8 000 000 აშშ დოლარს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შეფასების დასკვნებში ფიქსირდებოდა განსხვავებული საბაზრო ფასები, რის გამოც, აუდიტის დეპარტამენტმა მიწის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული მიწის საბაზრო ფასი განისაზღვრა 6 270 230 ლარით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნებით განსაზღვრული საბაზრო ღირებულებისგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორისთვის მიწის ღირებულების სახით განხორციელებული გადახდები, რაც აღემატებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასს, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული დირექტორის ხელფასად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2018 წლის 16 ივნისს გადასახადის გადამხდელმა დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან 8 100 000 აშშ დოლარად შეიძინა მიწის ნაკვეთები, რომელზეც დაიწყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა რამდენიმე შეფასების დასკვნა, რომლებშიც ფიქსირდებოდა განსხვავებული საბაზრო ფასები, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტმა მიწის საბაზრო ფასით შეფასების მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის მიხედვით მიწის საბაზრო ფასი განისაზღვრა 6 270 230 ლარით. შემოწმება დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას და შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორისთვის (დამფუძნებლისთვის) მიწის ღირებულების სახით განხორციელებული გადახდები, რომელმაც გადააჭარბა აღნიშნული დასკვნით განსაზღვრულ მიწის საბაზრო ფასს, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);