გადაწყვეტილება №27502/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27502/2/2026
15 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27502/2/2026).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის №072-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10870 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 112 157.53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 706 259
დღგ - 241 437
საშემოსავლო გადასახადი - 464 822
ჯარიმა - 355 283
საურავი - 50 615.53
ფაქტების აღწერა
კომპანია 2023-2025 წლებში ახორციელებდა ავტომობილის მეორადი საბურავების იმპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას. 2025 წელს საწარმომ განახორციელა სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტიც.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის №2768 და 27 მარტის №6952 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 10.02.2026 წლის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია გააჩნდა მხოლოდ საბურავებთან მიმართებაში, თუმცა ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სახეობების ზუსტი განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლა, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. რადგან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები შესაბამისი სახეობების მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 377 629 ლარს. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია გააჩნდა მხოლოდ საბურავებთან მიმართებაში, რომელიც ნაკლებია მთლიანი საბურავების რეალიზაციის 5%-ზე, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, პირდაპირი მეთოდით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული იქნა ფულის ნაშთი - 1 859 288 (აგროსილი - 2 324 110) ლარის ოდენობით, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის №7227 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 112 157.53 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 29 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 15 მაისის №10870 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159- ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისთვის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასების გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სხვადასხვა ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღებულია მაქსიმალური ფასები ერთეულ შემთხვევაში ზედნადებით გაყიდულ დარჩეულ პარტიაზე და მისი გავრცელება იმპორტირებული საქონლის მთლიან პარტიაზე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
საწარმოს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და მისი რეალიზაცია აქვს მხოლოდ 2025 წლის 8 თვე (აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი). სულ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 878 217 ლარს, საიდანაც რეალიზაციით მიღებული იქნა შემოსავალი 1 288 868 ლარი. ფასნამატმა შეადგინა 46,76%.
კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონლის ძირითადი მყიდველები არიან ადგილობრივი გადამყიდველები, რომლებიც საქონელს იღებენ კონსიგნაციით, შედარებით დაბალ ფასებში, ზედნადების გარეშე. იმპორტირებული სარეალიზაციო ხილ-ბოსტნეული არის სომხეთის რესპუბლიკიდან და ევროპულ სტანდარტებს ხარისხით ბევრად ჩამოუვარდება. სპეციფიკურად მალფუჭებადი საქონელია გარგარი, ტარხუნა, ბალი. აქვს ბუნებრივი შრობა, დანაკარგები (3-6% მსოფლიო სტანდარტით). ბაზარზე რეალიზაციის პროცესში პატარ-პატარა პარტიის (50-100კგ) გაფუჭებული საქონლის ყოველდღიურად გადაყრა ხდება (განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში) დილიდან საღამომდე ეტაპობრივად. ყოველ პარტიაზე შესაბამისი სამსახურის გამოძახება და ყოველდღიურად რამოდენიმეჯერ განადგურების აქტის შედგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გადასაყრელი საქონლის მოგროვება და შენახვა კი სანიტარულჰიგიენური ნორმების დარღვევად ითვლება, რასაც ბაზრის ადმინსტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ამიტომ ამ დანაკარგების დოკუმენტური აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუ გავითვალისწინებთ ზემოთაღნიშნულ გარემოებებს, საწარმოს ფასნამატი აბსოლუტურად რეალურია და მთელი სიზუსტით გადმოსცემს შემოსავლების კომპანიის მიერ დეკლარირებულ მოცულობას.
ამასთან, აუდიტორებს საგადასახადო შემოწმებით საწარმოს საანგარიშო პერიოდის მთლიანი შემოსავალი მითითებული აქვთ 1 377 629 ლარი, ხოლო კომპანიას მთლიანი დასაბეგრი შემოსავალი აღიარებული და დეკლარირებული აქვს 1 379 475 ლარი, 1 846 ლარით მეტი.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, სულ საწარმოს შემოსავალი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციისგან მიღებული აქვს (საბურავების გარეშე) 1 288 868 ლარი.
ხარჯები: საქონლის შეძენაზე გადახდილია 833 457 ლარი; მომსახურების ხარჯები - 44 470 ლარი; გადახდილი დღგ - 232 007 ლარი; ხელფასი - 18 300 ლარი. სულ ფულის გასვლა სალაროდან - 1 128 524 ლარი (ხარჯები დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით).
სალაროს ნაშთი: 1 288 868 -1 128 524 = 160 344 ლარი.
საშემოსავლო გადასახადი: 160 344-ის 20% = 32 068 ლარი.
ხარჯები დასტურდება დოკუმენტურად.
აგრეთვე, უნდა იყოს დასახელებული საწარმოები და მათი ფასნამატები, ასევე შედეგები სრულად მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვანაირად საქმისადმი ზეპირი მიდგომაა და საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, საწარმოს საკონტროლო შესყიდვები არ უფიქსირდება. ასევე, კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის სატრანსპორტო ზედნადებით გაყიდვა.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია სხვა საწარმოთა საქონლის დიფერენცირება და ხარისხი, რაც აუდიტორებს გათვალისწინებული არ აქვს. ხილ-ბოსტნეული სპეციფიკური მალფუჭებადი საქონელია, რომელის ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხით, ზომებით, სასაქონლო მოთხოვნილებით. მისი შედარება სხვა საწარმოს მიერ რეალიზებული მიმსგავსებული სმფ-ზე (კერძოდ, ხილ-ბოსტნეული) არარეალურ სურათს წარმოადგენს, არ ჯდება შემოსავლების განსაზღვრაში მიახლოებითაც კი. კომპანიის ფასნამატი მთლიანობაში 46%-ა. ამ ფასნამატის ფარგლებში ყველა გადასახადი გადახდილია და ვალდებულებები დაფარულია. ასი და მეტი პროცენტით მოგების დაფიქსირება იმპორტირებული ხილბოსტნეულის მთლიან პარტიაზე, თანაც მალფუჭებად საქონელზე, სცილდება ევროპულ და მსოფლიო ნორმებს და სტანდარტებს.
ითხოვს აუდირებულ საწარმოთა ჩამონათვალს, რომლებმაც მოგება (ფასნამატი) დააფიქსირეს 100%- ზე მეტი. მომჩივნის მოთხოვნა გონივრული მოთხოვნაა და რეალური შემოსავლების დასაფიქსირებლად აუცილებელი.
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ყოველივე ზემოთაღნიშნული და დაკორექტირდეს არარეალურად, დამატებით დარიცხული გადასახადები, როგორც დღგ-ში, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2026 წლის №61354-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია გააჩნდა მხოლოდ საბურავებთან მიმართებაში, თუმცა ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სახეობების ზუსტი განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლა, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. რადგან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმების ფარგლებში ხილისა და ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასები დადგინდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის საფუძველზე. კერძოდ, გამოყენებულ იქნა იმ კომპანიების მონაცემები, რომლებიც ახორციელებენ სახეობრივად იდენტური საქონლის იმპორტს და გააჩნიათ აღნიშნული პროდუქციის დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები. ამასთან, აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას შეუძლებელია პროდუქციის ხარისხობრივი მახასიათებლების სრულად გათვალისწინება. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას ყოველდღიურად უფუჭდებოდა დაახლოებით 50-100 კგ პროდუქცია, რაც ზარალს იწვევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების ფარგლებში მოძიებულ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა გაფუჭებული პროდუქციის აღრიცხვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებული იქნებოდა შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ. დადგინდა, რომ მსგავსი დოკუმენტაცია არ არსებობს. ამასთან, თავად გადასახადის გადამხდელიც საჩივარში აღნიშნავს, რომ ვერ ახერხებდა გაფუჭებული პროდუქციის დაგროვებას და მის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დარიცხულ ოდენობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 1 377 629 ლარი წარმოადგენს შემოწმების შედეგად დამატებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და არა დასაბეგრი ბრუნვის საერთო ოდენობას შესამოწმებელ პერიოდზე. შემოწმების შედეგების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საერთო ოდენობამ შეადგინა 2 904 337 ლარი.
კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთიდან იმპორტირებულ ბალზე საგადასახადო ორგანოს მიერ გავრცელებულია არარეალური ფასი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმპორტირებულ ბალზე გავრცელებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი 10 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული პროდუქტის შესყიდვის ფასი, საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, შეადგენს 1.50-1.70 ლარს. ამასთან, ტარხუნაზე გავრცელებულია 3.00-3.30 ლარი, ხოლო გარგარზე - 3.00 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმპორტირებული ხილბოსტნეულის სარეალიზაციო ფასის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასით განსაზღვრა არამართლზომიერია, ფასის დადგენა უნდა მოხდეს ფასნამატის მიხედვით. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გააანალიზოს საგადასახადო ორგანოში ფასნამატთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა (საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10870 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გააანალიზოს საგადასახადო ორგანოში ფასნამატთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა (საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია გააჩნდა მხოლოდ საბურავებთან მიმართებაში, თუმცა ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის სახეობების ზუსტი განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის გამოთვლა, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. რადგან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, საგადასახადო ორგანოსთვის ვერ იქნა წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვინაიდან კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საბურავების სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი, ხოლო ხილ-ბოსტნის სარეალიზაციო ფასად გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები შესაბამისი სახეობების მიხედვით. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული იქნა ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გააანალიზოს საგადასახადო ორგანოში ფასნამატთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა (საჭიროების შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემები) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164