გადაწყვეტილება №24676/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 20.02.2025
№ დოკუმენტი 24676/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24676/2/2025

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 31.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24676/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16971 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №024-82 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 იანვრის №808 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნით - 181 323.77 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 107 215

დღგ - 51 742

მოგების გადასახადი - 48 332

საშემოსავლო გადასახადი - 7 141

ჯარიმა - 51 846

საურავი - 22 262.77

 

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №024-82 საგადასახადო მოთხოვნით - 125 139.24 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 035

დღგ - 34 969

მოგების გადასახადი - 28 925

საშემოსავლო გადასახადი - 7 141

ჯარიმა - 35 516

საურავი - 18 588.24

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16971 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2954 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 3 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას შეძენილი აქვს 110 039 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების საწვავი სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შსს-ს ბაზების მონაცემებით, საწარმოს არ უფიქსირდება საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სხვადასხვა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისადაც პირები უწევენ ავტოტრანსპორტით და ტექნიკით მომსახურებას. აღნიშნულ ხელშეკრულებებში არ ფიქსირდება საწვავის ხარჯის დამკვეთის მიერ ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიას შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მ.შ. მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, მომჩივანი 2024 წლის 26 მარტის №188670 ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა 400 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13236 ბრძანება და 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 181 323.77 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება 5.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.09.2024 წლის №23649/2/2024 გადაწყვეტილებით (რეგ. 2.10.2024 წელი; №03/74225) არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16971 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნა, 25.12.2024 წლის №27264 ბრძანება და №024-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 52 510 ლარით და მისმა საგადასახდო ვალდებულებამ შეადგინა 125 139.24 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 16 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 28 იანვრის №808 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად წარადგინა მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და საწვავის ხარჯის აღრიცხვა, რის საფუძველზეც დადგინა, რომ აღნიშნული პირები მომსახურების გაწევისას იყენებენ დამკვეთის საწვავს, რასაც ადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ საწვავის ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ. აქტს არ ეთანხმებოდა ორ ნაწილში: 1. საწვავის ნაწილში და 2. მომსახურების ღირებულების გადახდის ნაწილში. საჩივარი ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. კერძოდ, საწვავის ნაწილში მოსთხოვეს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო მომსახურების ანაზღაურების ნაწილში მომჩივნის პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლითაც არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პოზიცია მომსახურების თანხების გადარიცხვის ნაწილში, არის უკანონო, ვინაიდან კომპანიის მიერ თანხების გადარიცხვა ხორციელდებოდა მეწარმეებზე, რომლის დოკუმენტაციაც მოცემულია www.rs.ge-ზე, ხოლო მეორეს მხრივ დაცულია საწარმოში, რომლის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს მოთხოვნისთანავე.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 იანვრის №808 ბრძანება და 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის გადარიცხული თანხების ნაწილში. ასევე, ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა №024-35.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და საწვავის ხარჯის აღრიცხვა, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ აღნიშნული პირები მომსახურების გაწევისას იყენებენ დამკვეთის საწვავს, რასაც ადასტურებენ მიღებაჩაბარების აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი და დღგ დაექვემდებარა კორექტირებას.

გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 52 510 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 36 180 ლარი და ჯარიმა - 16 330 ლარი.

გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16971 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 იანვრის №808 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 1 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება 5.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.09.2024 წლის №23649/2/2024 გადაწყვეტილებით (რეგ. 2.10.2024 წელი; №03/74225) არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება 31.01.2025 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება 5.08.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.09.2024 წლის №23649/2/2024 გადაწყვეტილებით (რეგ. 2.10.2024 წელი; №03/74225) არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანება 31.01.2025 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ივლისის №16971 ბრძანების ნაწილში, დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16971 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. ფიზიკური პირებისთვის მომსახურების ანაზღაურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და მეწარმეებზე გადარიცხული თანხის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას შეძენილი აქვს საწვავი სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შსს-ს ბაზების მონაცემებით, საწარმოს არ უფიქსირდება საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სხვადასხვა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისადაც პირები უწევენ ავტოტრანსპორტით და ტექნიკით მომსახურებას. აღნიშნულ ხელშეკრულებებში არ ფიქსირდება საწვავის ხარჯის დამკვეთის მიერ ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, შემოწმების მიერ, აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამასთან, კომპანიას შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა გაწეული მომსახურების ანაზღაურებისთვის, რომლებიც არ არის დაბეგრილი წყაროსთან. ამასთან, ფიქსირდება სხვადასხვა ინდ. მეწარმეებზე მ.შ. მცირე მეწარმეებზე თანხის გადარიცხვები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.07.2024 წლის №16971 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 იანვრის №808 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ა, ბ); 154; 175; 301(ი)