გადაწყვეტილება №20758/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20758/2/2023
30 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ 5.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20758/2/2023).
დავის საგანი:
შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №064-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18244 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 189 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 21 934
ჯარიმა - 10 967
საურავი - 6 288
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
მომჩივანი შავი და ფერადი ლითონების ჯართს და ნარჩენებს, იძენს (მომჩივნის წერილობითი განმარტებით) ფიზიკური პირებისგან და რაზეც არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. შემოწმების პროცესში განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლა, რის მეშვეობითაც დადგინდა იდენტური საქონლის შესყიდვისას გაწეული ხარჯი, 1 008 157 ლარი, რომელიც ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულებად და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.04.2023 წლის №7821 ბრძანება და ამავე თარიღის №064-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 5.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.07.2023 წლის №18244 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ გადასახადის დამატებით დარიცხვის ობიექტს წარმოადგენს გადახდის წყაროსთან საგადასახადო აგენტის ვალდებულებით დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მეწარმე შავი და ფერადი ლითონის შეძენას აწარმოებს ფიზიკური პირებისგან, რაზეც არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის თანახმად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბრძანება. დარიცხვის საფუძველი აქტში ასახული უნდა იყოს დეტალურად, თარიღის და სხვა აუცილებელი მონაცემების მითითებით. შემმოწმებლის მიერ შესყიდვის პირველადი დოკუმენტების არსებობა უარყოფილია, მისთვის უცნობია რის საფუძველზე მოახდინა შემმოწმებელმა საბაზრო ფასების პირობებში შეძენილი ჯართის ფასების დადგენა, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია არ არის ერთგვაროვანი, აგრეთვე, საბაზრო პირობების შემთხვევაში შემძენის ინტერესს წარმოადგენს ნაკლები ფასით შეძენა და ძვირად გაყიდვა. შესაბამისად, დამატებით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი და წყარო არარეალურია და არაობიექტურია. აგრეთვე, აქტში არ არის მითითებული მეწარმის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირებული გადასახადის მონაცემები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება განხორციელებულია ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე და არარეალურად.
აქედან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს უსაფუძვლოდ და არარეალურად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა/საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
1. გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფარბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას
მომჩივანი განმარტავს, რომ უცნობია რის საფუძველზე დაადგინა შემმოწმებელმა საბაზრო ფასების პირობებში შეძენილი ჯართის ფასები, ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია არ არის ერთგვაროვანი. საბაზრო პირობების შემთხვევაში შემძენის ინტერესს წარმოადგენს ნაკლები ფასით შეძენა და ძვირად გაყიდვა. შესაბამისად, დამატებით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი და წყარო არარეალური და არაობიექტურია. აგრეთვე, აქტში არ არის მითითებული მეწარმის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირებული გადასახადის მონაცემები.
მომჩივნის წერილობით განმარტებაზე დაყრდნობით შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი საქონელს იძენდა ფიზიკური პირებისგან, რაზეც არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის მონაცემებით და დაადგინა იდენტური საქონლის შესყიდვისას გაწეული ხარჯი, რომელიც ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულებად და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
აღნიშნული გარემოებებიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის არგუმენტს/დოკუმენტს, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგად გამოვლენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას, რომ აქტში არ არის მითითებული მეწარმის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირებული გადასახადის მონაცემები, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს ახლავს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების გაანგარიშება, სადაც ასახულია დეკლარირებული მონაცემები, შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები და გამოვლენილი სხვაობა.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შეძენილი სმფ-ების ღირებულების ფიზიკურ პირებზე გადახდილ ანაზღაურებად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. მომჩივანი შავი და ფერადი ლითონების ჯართს და ნარჩენებს, იძენს ფიზიკური პირებისგან და რაზეც არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.შემოწმების პროცესში განხორციელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლა, რის მეშვეობითაც დადგინდა იდენტური საქონლის შესყიდვისას გაწეული ხარჯი რომელიც ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);1333
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტი