გადაწყვეტილება №20649/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20649/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ--- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ს 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20649/2/2023).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №041-364/1 ბრძანება ადმინისტრირების დეპარტამენტის 3.01.2016 წლის №041-363 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის №2016/041-364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი; 3. შემოსავლების სამსახურის 25.07.2023 წლის №18010 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 11.04.2014 წელს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულია 7 927 ლარი, ხოლო 15.05.2014 წელს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულია 5 441 ლარი. რიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 3 იანვრის №041-363 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებაში ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №041-364/1 ბრძანებით, შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზე ქონებაზე ყადაღის დადება (აღწერა) დაევალა ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველოს შესაბამის ოფიცრებს.
2023 წლის პირველ ივნისს, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა №2016/041-364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. მომჩივანმა, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №041-364/1 ბრძანება და ვალის მართვის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის №2016/041-364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.07.2023 წლის №18010 ბრძანებით, საჩივარი, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება), დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1.09.2023 წლის №87620-21-11 წერილის თანახმად, საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს 2014 წლის მარტის და აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციები, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 11.04.2014 წელს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულია 7 927 ლარი, ხოლო 15.05.2014 წელს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულია 5 441 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის პირველ ივნისს მომჩივანმა, სატელეფონო ზარის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტიდან, მიიღო შეტყობინება, რომ ყადაღა დაედო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, მდებარე ---ის რაიონის სოფელი --- 1825 კვ/მ. ს.კ №--- და 400 კვ.მ. ს.კ №---.
ფოსტის საშუალებით ჩაიბარა ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი №2016/041-364/1 და 2023 წლის 16 მაისის ბრძანება №041-364/1 შეტანილი ცვლილებით. საერთოდ გაუგებარია 2023 წელს რატომ განხორციელდა 2016 წელს გამოტანილი ბრძანების ჩაბარება. მომჩივანი უთითებს, რომ მუშაობდა ეგრეთწოდებულ ჯართის მიმღებ პუნქტში მუშად, მას დავალებული ჰქონდა მხოლოდ ჯართის მიღება და რაც შეეხება ბუღალტრულ საქმიანობას ვინ აწარმოებდა საერთოდ უცნობია და rs.ge-ზე ვინ დაარეგისტრირა ესეც გაუგებარია მისთვის. აღნიშნულ პუნქტს მართავდა სულ სხვა პირი (პირები), მოულოდნელია მისთვის რა დავალიანება დაეკისრა საგადასახადო კუთხით, რაც მისთვის ცნობილი ხდება მხოლოდ 2023 წლის პირველ ივნისს. მის ქონებას ყადაღა დაედო გაუგებარი მოტივით, მისთვის უცნობია თუ ვინ ჩააბარა საერთოდ დეკლარაცია, რომლითაც დაერიცხა გადასახადი. მის მიერ დეკლარაციებიც კი ვერ იქნა მოძიებული. მისთვის ცნობილი, რომ ყოფილიყო აღნიშნული, ლოგიკურია მოითხოვდა ამ გადასახადის გადახდას, რა თქმა უნდა, იმ პირთაგან ვინც აღნიშნული განახორციელა. უმთავრესი გარემოება არის ის რომ ყადაღა ედება მომჩივნის ქონებას და ვალის მართვის დეპარტამენტი ამ გარემოებას არც კი იკვლევს.
საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ამონაწერით ფიქსირდება თანასაკუთრება, რომლითაც ირღვევა სხვების უფლებები. აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს წარმოადგენენ სხვა პირებიც (იხ. სარქივო ცნობა გაცემული 3.08.2022 წ.) ძირითადად ეს პირები არიან: 1. ---, 2. ---, 3. ---, 4. --- და სხვა.
მან მიმართა საჯარო რეესტრს და შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ ამონაწერში განხორციელდება ამ პირთა შევსებაც, ამიტომ კარგად უნდა გამოეკვლია აღნიშნული გარემოებები შემოსავლების სამსახურს და ისე დაეყადაღებინა მარტო ---ს წილი, მან კი მთლიანი ქონების ყადაღა მოიცვა, რაც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს სხვა პირთა კანონით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევას. აღნიშნული საკითხის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან მას შემდეგ გავიდა თითქმის რვა წელი და მხოლოდ 2023 წლის ივნისს ხდება მომჩივნის მიმართ გადასახადის მოთხოვნა.
მიუხედავად ამისა აქამდე მისთვის, არც ფოსტით და არც რაიმე კომუნიკაციის საშუალებით არ შეუტყობინებიათ ამ კონკრეტული გადასახადის დარიცხვა-გადახდა და საერთოდ რა ვალდებულება წარმოეშვა. უფრო მეტიც საერთოდ არ არის განთავსებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე და ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად იწვევს ხანდაზმულობის ვადის გასვლის დარღვევას.
საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განთავსდა. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოებისას უგულვებელყოფილი იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი კვლევის აუცილებლობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე საჩივრით სადაოდ ხდის საჩივარში მითითებულ აქტებს და მოითხოვს მის ბათილობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძვლით, როგორც კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი აქტები და ბრძანება რომლის მომზადებისა და გამოცემისას დარღვეული იქნა როგორც მატერიალური კანონმდებლობა, ასევე სამართლის მთელი რიგი პრინციპები. ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №041-364/1 ბრძანება ადმინისტრირების დეპარტამენტის 3.01.2016 წლის №041-363 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ვალის მართვის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის №2016/041- 364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.
ყადაღა უნდა მოეხსნას მომჩივნის კუთვნილ წილსაც, ს/კ №--. არ არის გამოკვლეული სათანადოდ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის პირთა წრე (მესაკუთრეები). ისე დაედო ყადაღა მთლიან მიწის ნაკვეთს, რითიც ილახება სხვა მესაკუთრეთა უფლება (იხ. საკომლო ჩანაწერი). რაც შეეხება 1 825 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, თავად ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ დანიშნული ექსპერტიზით ირკვევა, რომ ვერ დგინდება მომჩივნის კუთვნილი წილის ფასი და ამიტომ ირღვევა სხვა პირთა უფლებებიც. მ
ომჩივანისათვის გაურკვეველია საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზები, რადგან სადაო ბრძანება არ შეიცავს მომჩივნის არგუმენტაციაზე პასუხს და შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ 2014 წლის 11 აპრილსა და 15 მაისს წარდგენილია 2014 წლის მარტის და აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციები, შედეგად გადასახადის სახით დარიცხულია 13 368 ლარი.
მომჩივნის არგუმენტი, რომ საერთოდ უცნობია rs.ge-ზე თუ ვინ დაარეგისტრირა, ასევე თუ ვინ ჩააბარა საერთოდ დეკლარაცია, რომლითაც დაერიცხა გადასახადი, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1.09.2023 წლის №87620-21-11 წერილის თანახმად, ი/მ---ს (ს/ნ ---) ელექტრონული დეკლარირების გვერდი გახსნილი აქვს 26.02.2014 წელს რუსთავის სერვის ცენტრში ვიზიტის მეშვეობით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებში 26.02.2014 წელს რეგისტრირებულია სერვის ცენტრის თანამშრომლის მიერ 2-2 წუთიანი ინტერვალით 3 ელექტრონული განცხადება: „ელ.(დისტანციური) სერვისების აქტივაციის შესახებ (ავტომატური+)“; „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (ავტომატური+)“ და „ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის რეგისტრაციის შესახებ“. 26.02.2014 წელს ელექტრონული დეკლარირების გვერდი გახსნილი იყო საკონტაქტო ნომერზე ---, ტელეფონის ნომრის ცვლილება კი განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდიდან 9.06.2023 წელს 15:46:22 საათზე (IP მისამართიდან ----) და დაფიქსირდა ახალი საკონტაქტო ნომერი ---.
ავტორიზაციის ტიპია ერთბიჯიანი. საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, ე.წ. ელექტრონულ პორტალზე კომუნიკაციის შემთხვევაში, მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ გადასახადის გადამხდელისათვის.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის უფლებაა განსაზღვროს აღნიშნული სახელწოდებითა და პაროლით მოსარგებლე უფლებამოსილი პირების წრე და უზრუნველყოს პორტალის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. ეს მისი ბიზნეს რისკია და აღნიშნული მას არ ათავისუფლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია შემოსავლების სამსახურის 25.07.2023 წლის №18010 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები
ფაქტების აღწერა
2016 წლის 2 იანვრის მდგომარეობით რიცხული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 13 368 ლარი, საურავი 4 683.8 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი), გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 3 იანვრის №041-363 ბრძანება ქონებაზე ყადაღა დადების შესახებ. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის პირველ ივნისს. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის პირველ ივნისს, ვალის მართვის დეპარტამენტმა შეადგინა №2016/041-364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლითაც დაყადაღებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №041-364/1 ბრძანებით (ჩაბარდა 2023 წლის 7 ივნისს), ცვლილება შევიდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 3 იანვრის №041-363 ბრძანებაში და ქონებაზე ყადაღის დადება (აღწერა) დაევალა ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველოს შესაბამის ოფიცრებს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 238-ე მუხლით, 241-ე მუხლით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 63-ე მუხლით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
არგუმენტები წარმოდგენილია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა.
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
4. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას.
თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 41-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად:
4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
6. ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.
თუ მესამე პირი განაცხადებს ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ვინაიდან, მომჩივანს 2.01.2016 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლების საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტები მართლზომიერია. ამასთან, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის პირველ ივნისს, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა №2016/041-364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. მომჩივანმა, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №041-364/1 ბრძანება და ვალის მართვის დეპარტამენტის 1.06.2023 წლის №2016/041-364/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.07.2023 წლის №18010 ბრძანებით, საჩივარი, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება), დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ლ); 8; 4; 238; 241.