გადაწყვეტილება №19217/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19217/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19217/2/2023).
დავის საგანი:
1. კომპანიის სახელით მისი დირექტორის პირადი მოხმარებისთვის, ასევე, სხვის ნაცვლად შეძენილი გვარჯილის მიწოდებად ჩათვლა;
2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №040-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4113 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 87 486 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 38 982
დღგ - 27 366
საშემოსავლო გადასახადი - 13 389
ქონების გადასახადი - (-1 773)
ჯარიმა - 41 783
საურავი - 6 721
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 25.09.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №25467 ბრძანება და №040-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2023 წლის №4113 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის სახელით მისი დირექტორის პირადი მოხმარებისთვის, ასევე, სხვის ნაცვლად შეძენილი გვარჯილის მიწოდებად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
კომპანია გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 25 სექტემბერს. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. საწარმოს დირექტორს, კომპანიის სახელით (მიღებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პირადი მოხმარებისათვის 35 ტონა გვარჯილა. ასევე, 33.1 ტონა გვარჯილა შეძენილია სხვის ნაცვლად („----------“, რომელსაც ჩარიცხული აქვს კომპანიის საბანკო ანგარიშზე გვარჯილის ღირებულება 43 680 ლარი), აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა საქონლის (გვარჯილა) მიწოდებად და საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს დირექტორს შეძენილი აქვს 35 ტონა გვარჯილა, ტრანსპორტირებისას კლიმატური პირობების გაუარესების გამო დასველდა და გამოუსადეგარი გახდა შემდგომი მიწოდებისა და გამოყენებისათვის. კომპანიამ რიგი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყო დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურის ინფორმირება და გაფუჭებული გვარჯილის ჩამოწერა. ითხოვს მიწოდების ოპერაციის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ საწარმოს დირექტორს კომპანიის სახელით შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პირადი მოხმარებისათვის 35 ტონა გვარჯილა, ასევე 33.1 ტონა გვარჯილა შეძენილია სხვის ნაცვლად (კომპანიის საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება გვარჯილის ღირებულების 43 680 ლარის ჩარიცხვა), რაზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით, ზემოთ განხილული ოპერაციები ჩაითვალა საქონლის (გვარჯილის) მიწოდებად და საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ზემოთ დასახელებული სამეურნეო ოპერაციების საქონლის (გვარჯილის) მიწოდებად ჩათვლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის შესახებ მართებულია.
2. სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №040-14 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 41 783 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის სახელით მისი დირექტორის პირადი მოხმარებისთვის შეძენილი და ჩათვლილი გვარჯილის მიწოდების ოპერაციად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს დირექტორს კომპანიის სახელით შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პირადი მოხმარებისათვის 35 ტონა გვარჯილა, ასევე 33.1 ტონა გვარჯილა შეძენილია სხვის ნაცვლად (კომპანიის საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება გვარჯილის ღირებულების 43 680 ლარის ჩარიცხვა), რაზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159(1„ა“); 160(1,3„გ“); 163(1); 164; 275