გადაწყვეტილება №19991/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19991/2/2023
05 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------16.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19991/2/2023).
დავის საგანი:
დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხების უკან გატანის კვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2022 წლის №022-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11697 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 434 464 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 224 999
ჯარიმა - 112 500
საურავი - 96 965
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა პრემიალური ხაზის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, წარდგენილი ბრუნვითი უწყისის მიხედვით, საწარმოს უფიქსირდებოდა 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შეტანილი 900 000 ლარი, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე, შესაბამისად, დამატებით იქნა გამოთხოვილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პარტნიორთა კრების ოქმები, რაც გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა. 2019 წლის დასაწყისში დაფიქსირებული კაპიტალის ოდენობა საწარმოს დაბალანსებული აქვს 2019 წლამდე დაგროვილი ზარალით - 747 837 ლარი, შესაბამისად, გაანალიზებულ იქნა აღნიშნული ზარალის წარმოშობის საფუძველი და დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში საწარმოს რეექსპორტის გზით რეალიზებული აქვს 788 484 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიღებული აქვს შემოსავალი 998 936 ლარის ოდენობით. საწარმო დღემდე მომგებიანია, ხოლო საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის ბუღალტერიით წარდგენილი სხვაობის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გატანილი თანხები შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 15.11.2022 წლის №28703 ბრძანება და №022-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მომჩივანი საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს მის გაუქმებას, თუმცა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა.
რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არამართლზომიერების თაობაზე გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა აუდიტორებთან, წარდგენილი აქვს ყველა საჭირო და შესაძლო დოკუმენტაცია, პროგრამის ასლი, დეტალური ჩანაწერები თითოეული პროდუქციის შესახებ და სხვა დოკუმენტები. სწორად აწარმოებს აღრიცხვას, რაც დასტურდება შემოწმებული ყველა დეკლარაციის სისწორით. ადასტურებს, როგორც სასაქონლო, ასევე ფინანსურ ნაშთებს. შესაბამისად, არაკანონიერად მიაჩნია ზევით მოცემული მუხლების გამოყენება.
არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამომწურავად ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რომლებიც უფლებას აძლევს საგადასახადო ორგანოებს გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, რაც მოიცავს „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს. შემმოწმებელი კი არ განმარტავს, რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე ჩათვალა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი არ ეხება, რადგან კომპანიას აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში წარდგენას და გადასახადების ბიუჯეტში გადახდას ახორციელებდა თავისდროულად და სწორად. აღრიცხვაში საბუღალტრო პროგრამა გამოყენებული აქვს და საბუღალტრო აღრიცხვა ნაწარმოები აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით და წესით. სააღრიცხვო ჩანაწერები/რეგისტრები და ცხრილები ნაწარმოებია ექსელით. საქონელი შეძენილია მომწოდებლებისაგან კანონის დაცვით, რომელზეც არსებობს შესაბამისი პირველადი და საგადასახადო დოკუმენტაცია (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, შესყიდვის აქტები, ინვოისები). შეძენილ და რეალიზებულ საქონელზე ყოველთვიურად ნაწარმოებია გაანგარიშებები, დაფიქსირებულია საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთები, რომელთა საფუძველზეც შედგენილია ყოველწლიური ბალანსი, რაც თავისდროულად ატვირთულია სარასზეც. შესაბამისად, თვლის, რომ გააჩნია ყველა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიმდინარეობისას გადაეცათ შემმოწმებლებს. (დანართი 6 წარდგენილი დოკუმენტაციის ჩამონათვალი.) არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულად განსაზღვრა და დადგენა.
საკონტროლო-სალარო აპარატიდან ქვითრის გაცემასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ შემოწმებას ადგილი არ ჰქონია, დაჯარიმებული არ ყოფილა არასდროს არცერთ საკითხზე, შემმოწმებელმა ვერანაირი დარღვევა ვერ ნახა ვერც დეკლარაციების წარდგენის ნაწილსა და ვერც საბოლო ნაშთებში. არ გაჩენილა შეკითხვა საბოლოო მარაგებზე, კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებაზე. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა.
არაკანონიერად მიაჩნია, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციის შინაარსის შეცვლა და დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხებით კაპიტალის გაზრდის ოპერაციის და შემდეგ დამფუძნებლის მიერ თანხის უკან გატანის გადაკვალიფიცირება დირექტორზე ხელფასის გაცემად. მოცემულ შემთხვევაში კი ფორმა და შინაარსი აბსოლუტურ თანხვედრაშია, რაც გამყარებულია საბანკო ამონაწერებით, შესაბამისი კრების ოქმებით და საგადასახადო დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია შემოწმების პროცესში. ამდენად, ოპერაციის შინაარსის ცვლილება და ამ გარემოებების გამო საშემოსავლო გადასახადების დარიცხვა არაკანონიერია. ამის საშუალებას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი არ იძლევა.
შემმოწმებელი განმარტავს „საწარმოს უფიქსირდება 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შემოტანილი 900 000 ლარი, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019- 2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე, შესაბამისად გამოთხოვილ იქნა სხვა დამადასტურებელი ინფორმაცია-დოკუმენტაცია.“
აღნიშნულზე კომპანიას აქვს თავისი მოსაზრება და დამოკიდებულება: შემმოწმებელი ითხოვდა იმ პერიოდის დოკუმენტაციას, რომელსაც არ შეისწავლიდა და ჩათვალა, რომ ეს იყო კანონშეუსაბამო, შესამოწმებელი პერიოდი 1.01.2019-28.02.2022 წლებში განისაზღვრა. შესაბამისად 2017-2018 წლის დოკუმენტაცია არ წარუდგენია. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ 2017-2018 წლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნა ჩათვალა კანონშეუსაბამოდ. თუმცა თუ საბჭო ჩათვლის რომ ეს კანონიერია და შემმოწმებელს კანონით ამის უფლება ჰქონდა, მზად არის წარმოადგინოს ყველა ის პირველადი დოკუმენტაცია, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ საწყის საკრედიტო ნაშთს დაფუძნების დღიდან მოყოლებული. შემმოწმებელი განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ ადგენს ზარალის სისწორეს წინა წლებში, იშველიებს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს და 2019- 2021 წლებში დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილებას აკვალიფიცირებს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რასაც არ ეთანხმება.
გაუგებარია, მხოლოდ ვარაუდით, როგორ ასაბუთებს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება დაედოს დარიცხვას საფუძვლად.
თუ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე არცერთი გადაცდომა და არავითარი დარღვევა არ ჩაუდენია, თუ ყველანაირი დოკუმენტაცია იურიდიულად და ბუღალტრულად გამართულია, გაუგებარია სამართლებრივი დასაბუთება.
შემმოწმებელს არ აქვს დასაბუთებული, რის საფუძველზე ვარაუდობს, რომ წინა წლებში შეიძლება ყოფილიყო რაიმე უზუსტობა და კანონდარღვევა, არსებობს 2020 წლის 23 იანვრის სასამართლო პრაქტიკა საქმე №ბს-1579(2კ-18) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა აკეთებს განმარტებას, რომ მხოლოდ ვარაუდი, რომელიც არ ემყარება კონკრეტულ მტკიცებულებებს, არ შეიძლება გახდეს სამეურნეო ოპერაციის ფორმის შეცვლისა და დამატებითი დარიცხვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეილახება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება. თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. რადგან შემმოწმებლის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა შესამოწმებელ პერიოდს ზუსტია, მას რაიმეში ეჭვი არ შეუტანია და არც სამართალდარღვევა გამოუვლენია მთელი პერიოდის დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად და იმაზე აპელირება, რომ ვერ ამოწმებს წინა წლების ზარალის სისწორეს, თვლის, რომ არასწორია და არაკანონიერია.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ინფორმაცია შემოწმების დანიშვნამდე ატვირთული და გამოქვეყნებულია Saras.gov.ge-ზე და წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებაც ადასტურებს 2019 წლის საწყის ნაშთებს.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი მომენტი, რომელმაც მიიქცია მისი ყურადღება არის დასაბეგრი ბაზა, საიდანაც შემმოწმებელმა მოახდინა გადასახადის გაანგარიშება. აუდიტორი იშველიებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლს, რომელიც განმარტავს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლს, რომელიც განმარტავს გადახდის წყაროსთან დაკავების წესს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების კომბინაციით, კომპანია ვალდებულია დააკავოს და ბიუჯეტში გადაიხადოს ხელფასის სახით ფაქტობრივად გაცემული თანხა - გაცემის მომენტში.
აუდიტორმა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზად და გაცემის მომენტად გამოიყენა კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის დირექტორს თანხა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გატანილი კომპანიიდან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2021 წლის ბოლოს დამფუძნებლის მიმართ კომპანიას კაპიტალის შემცირებიდან წარმოშობილი ვალი ჰქონდა 121 516,89 ლარი. ეს თანხა აუდიტორმა უკვე დაბეგრა, თუმცა თანხის ფაქტობრივი გატანა კომპანიიდან არ მომხდარა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული თანხები შემმოწმებელს დაბეგრილი აქვს კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების მიღების მომენტში და არა თანხის უშუალოდ გაცემის მომენტში. ამასთან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების მოთხოვნები (მე-5 მეთოდური მითითება). არაპირდაპირი მეთოდით თანხის გადაანგარიშების შემთხვევაში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრის შესახებ. კერძოდ, უარყოფითი ნაშთის.
დაბეგვრა უნდა მომხდარიყო წლის ბოლო თარიღით. ეს აცდენა გაანგარიშებაში დიდ თანხობრივ სხვაობას იძლევა გადასახადში. შემმოწმებელი ტექნიკურ შეცდომას უშვებს და დარიცხვას ახორციელებს კაპიტალის შემცირების თარიღით, რაც აჩენს განცდას, რომ მას სრულყოფილად არ აქვს გამოკვლეული მის მიერ წარდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისები და ერთმანეთში ურევს განაწილების და გაცემის თარიღებს.
არ ეთანხმება არცერთ თარიღს, რომელშიც არის განხორციელებული დარიცხვა, რადგან გადასახადის პრინციპი აცდენილია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
აქვე უნდა ისაუბროს შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაზე, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა შემმოწმებელს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, კერძოდ: შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს რეკომენდაციის სახით უნდა ეცნობოს, რომ სათანადო მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარდგენის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სხვაობის თანხა შესაძლოა, განხილულ იქნას შესაბამის პირზე გაცემულ პროცენტიან სესხად, უპროცენტო სესხად, დივიდენდად, ხელფასად, სხვა სახის განაცემად ან ერთდროულად, პროცენტიან სესხად, უპროცენტო სესხად, დივიდენდად, ხელფასად და სხვა სახის განაცემად. მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეეძლო შემმოწმებელს აღიშნული ჩაეთვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და განეხორციელებინა შესაბამისი დარიცხვა. შემმოწმებელს მსგავსი ინფორმაცია არ გაუცხადებია და არც ახსნა-განმარტება მოუთხოვია.
შემოწმების აქტში შემმოწმებელს მითითებული აქვს „შემოწმებისას გადასახადის გადამხდელთან გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდი - არაპირდაპირი მეთოდი, ხოლო აღწერაში უთითებს რომ გამოიყენა გადასახადების არაპირდაპირი გადაანგარიშების მეთოდი საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არამართლზომიერების თაობაზე არგუმენტაციაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას. გაურკვეველია თუ რომელი მეთოდით ან რა მუხლებით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა საერთოდ და რატომ მიუთითა აქტში ის მუხლი და მეთოდი, რომელიც არ გამოუყენებია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე.
ითხოვს დამატებით შესწავლილ იქნას დასაბეგრ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერების საკითხი და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შეიცვალოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენებით გამოწვეული ყველა დარიცხვა. ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კვალდაკვალ, კაპიტალის შემცირების მომენტში, შესამცირებელი თანხის გაცემულ ხელფასად კლასიფიკაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრუნვით უწყისში საწარმოს უფიქსირდებოდა 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შეტანილი 900 000 ლარი, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმების ხელთ არსებული მასალებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე და გადასახადის გადამხდელის მხრიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ წარდგენილა. საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის წარმოდგენილი სხვაობა ვერ დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე, კომპანიიდან გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა დირექტორების ხელფასად შესაბამის პერიოდებში.
დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულის შესახებ დაფიქსირებული (მინიშნება) არ არის, ასევე, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განმარტა, რომ კომპანიას გააჩნდა ზარალი, რომელიც წინა პერიოდებიდან მოყვება. შემოწმებისას საგადასახადო ორგანო ითხოვდა ზარალის წარმოშობის დოკუმენტებს, კაპიტალის წარმოშობის, რომ მოეთხოვა მზად იყო წარედგინა. გააჩნია კაპიტალში შენატანის დოკუმენტები. კაპიტალიდან თანხის ფიზიკურად გატანა არ მომხდარა. საგადასახადო ორგანომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზად და გაცემის მომენტად ჩათვალა კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის დირექტორს თანხა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გატანილი კომპანიიდან. აღნიშნული თანხები შემმოწმებელს დაბეგრილი აქვს კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების მიღების მომენტში და არა თანხის უშუალოდ გაცემის მომენტში. შემმოწმებელი ტექნიკურ შეცდომას უშვებს და დარიცხვას ახორციელებს კაპიტალის შემცირების თარიღით, რაც აჩენს განცდას, რომ მას სრულყოფილად არ აქვს გამოკვლეული მის მიერ წარდგენილი ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისები და ერთმანეთში ურევს განაწილების და გაცემის თარიღებს, რაც იწვევს არასწორ დარიცხვას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით:
1. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტის (კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების მიღების მომენტში და არა თანხის უშუალოდ გაცემის მომენტში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თაობაზე), კერძოდ, განაცემების შესწავლა;
2. მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალის ფორმირების და ნაშთის შესახებ მტკიცებულებები;
3. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11697 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხების უკან გატანის კვალიფიცირება დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა პრემიალური ხაზის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტის გზით.
შემოწმებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე, კომპანიიდან გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა დირექტორების ხელფასად შესაბამის პერიოდებში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);101(1);154(1);