ბრძანება N 2422
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2422
10.02.2023
ი/მ "------" (ს/ნ ------- )
(მის:-------- )
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ " ------" (ს/ნ -------- ) №78385/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №011-353 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2019 წლის 28 ივნისის N21701 ბრძანების საფუძველზე დანიშნული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემოწმებულ იქნა 01.01.2016- 17.05.2019 წწ. საანგარიშო პერიოდი და შემოწმების ფარგლებში მოუწია სავალდებულო რეგისტრაციით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. აღნიშნული შემოწმების შედეგად შემმოწმებელს მოხსენებითი ბარათით უნდა მიემართა მომსახურების დეპარტამენტისთვის მისი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ, რაც არ განხორციელებულა. გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ჯარიმას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ "------" (ს/ნ ------- ) 2022 წლის 20 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის N------ წერილის საფუძველზე (20/12/2022 ID------- ) დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 13.12.20217-20.12.2022 წწ. პერიოდში. გადამხდელის მიერ 2022 წლის 22 დეკემბერს წარმოდგენილია 2022 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-353 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2118.64 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2022 წლის 23 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით ი/მ "------" (ს/ნ ------- ) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 12.26 ლარის ოდენობით და დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის, 169467.31 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------" (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ "------" (ს/ნ 01017001241) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №011-353 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.