ბრძანება N 18669

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.08.2025
№ დოკუმენტი 18669
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18669

20 აგვისტო 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2023 წლის 29 დეკემბრის და 2024 წლის პირველი აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 ივლისის №25404/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2023 წლის 29 დეკემბრის №86393/1/2023 და 2024 წლის პირველი აპრილის №88789/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 7 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 22 მარტის №249-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №249-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის პირველ აპრილს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა 2025 წლის 2 ივნისს გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 18 ივლისის №25404/2/2025 გადაწყვეტილებით, შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება და საჩივარი, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 ივლისის №25404/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, რაც ეცნობა შემოსავლების სამსახურს. მოგვიანებით შესაძლებელი გახდა კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოთქმული ფაქტები და განაცხადა, რომ მეორე მხარე არ ადასტურებს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და მას მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპერაცია საჭიროებს კორექტირებას, რაც მხოლოდ შემოწმებით არის შესაძლებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დამატებით უნდა იქნეს განხილული გადასახადის გადამხდელის მიერ შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის და პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის, ხოლო, ოპერაციის მონაწილე მეორე მხარის მიერ ჩათვლილი თანხის კორექტირების მიზნით, შესაბამისი საგადასახადო შემოწმების დანიშვნის საკითხი.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანმა 2025 წლის 2 ივნისს წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 აპრილის №8838 ბრძანება და წარმოდგენილ საჩივარში მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა უკან დაბრუნების ოპერაციაზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. თუმცა, აღნიშნული ვერ მოხერხდა ტექნიკური ხარვეზის გამო, ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან შეზღუდული იყო შესაბამისი ფუნქცია. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა შეძლო შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული პირობის შესრულება და წარმოადგინა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხის შემცირებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული ფაქტურა არ არის დადასტურებული მეორე მხარის (მყიდველი) მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეკ-„-------“) არის დასადასტურებელი, აგრეთვე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის კორექტირებაც მოხდა, ჩათვლილია მყიდველი მხარის მიერ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გამოწერილი და დასადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქნება მიჩნეული სადავო ოპერაციის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძვლად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებულ გადაანგარიშებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუმცა აღნიშნული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ არის დადასტურებული მეორე მხარის მიერ. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).