გადაწყვეტილება №21611/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21611/2/2023
20 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 16.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21611/2/2023).
დავის საგანი:
ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 366 354,47 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 230 382
დღგ - 159 750
მოგების გადასახადი - 2 891
საშემოსავლო გადასახადი - 67 741
ჯარიმა - 115 009
საურავი - 20 963,47
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23330 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.09.2022 წლის №17870/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.]
მომჩივანმა 28.10.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით სადაც არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვდა დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტით დარჩა განუხილველი, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა საჩივარში არ არის განმარტებული, კონკრეტულად რა გარემოება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილს/გამოვლენილს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის მითითებული გარემოება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებად ან მტკიცებულებად, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში არ უთითებს კონკრეტულ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიერ 26.08.2022 წელს წარმოდგენილი საჩივარი №155082/21, შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23330 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს ახლად აღმოჩენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ აუდიტის წერილის მიღებისთანავე დაიქირავა კერძო აუდიტი, თუ ადვოკატი რომელი სახელი დაარქვას არ იცის. გადაიხადა 5000 ლარი, კაპიკობით შეგროვილი თანხა. ამიტომ აღარ ახდენდა კონტროლს მთლიანად ჰქონდა მინდობილი მასზე.
დაინტერესდა კომპანიის საჩივრებთან დაკავშირებით, აღმოაჩინა რომ არცერთი საჩივარი არ არის ნორმალურად გადმოგზავნილი და მისი მხრიდან გამოჩენილია გულგრილობა, თუ რა დაარქვას ამას სახელს ვერ უძებნის. არ იყო ინფორმირებული, რომ შესაძლებელი იყო 50 პროცენტით მომხდარიყო აღიარება დავალიანების, ამის შესახებ ვინაიდან ---ს საჩივრების დაწერის დროს არ კონტაქტობდა მომჩივანთან და ამას თვითონაც აღმოაჩენს დავის განმხილველი ორგანო საჩივრების გადახედვის შემგომ. არაერთი სადავო თემა არის, რომლის საფუძველზე ითხოვს დავის თავიდან დაწყებას და ამისთვის არ სჭირდება თაღლითი ადვოკატები თვითონ იკონტაქტებს აუდიტთან და ყველასთან სადაც საჭირო იქნება. ითხოვს გულისხმიერების გამოჩენას, რომ განუხილველად არ დარჩეს საჩივარი. თუკი მოხდება სადავო საკითხების აუდიტში დაბრუნება დამატებით წარადგენს ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტებთან დაკავშირებით დავის განახლების მოთხოვნის თაობაზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვტილება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის დაწყებაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის „ზ“ ქვეპუნქტით დარჩა განუხილველი, ხოლო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.11.2023 წლის №29547 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299.