ბრძანება № 29520
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 29520
29 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №84508/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №007-284 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ: აღნიშნული ოპერაციის მიწოდებად კვალიფიკაციას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ეს ქონება მანამდე ეკუთვნოდა დამფუძნებელს და მოხდა მხოლოდ მასზე უკან დაბრუნება, ხოლო პერიოდი იყო იმდენად მცირე, რომ მისი საბაზრო ღირებულების ცვლილება ვერ მოხდებოდა. ასევე, მიუთითებს, რომ აღნიშნული საბაზრო ღირებულების ცვლილების შემთხვევაშიც შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა წარდგენილი შემფასებლის დასკვნები, რომელიც ჩატარდა ქონების კაპიტალიდან გამოტანის დროს, ქონების რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონის სრული დაცვით. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ მოხდა ქონების შეფასება მას შემდეგ რაც მოხდა ქონების რემონტი და აღდგენა. შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რომ კაპიტალში შეტანის დროს ქონება საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს, ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა შპს-ს კაპიტალში მისი შეტანა და მისი მაშინდელი საბაზრო ღირებულება ვერ იქნებოდა დღევანდელი შეფასებით მიღებული საბაზრო ფასის ტოლი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების კაპიტალში შეტანის და გატანის პერიოდში საბაზრო ღირებულებებს შორის მიღებული სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირებას და გადასახადებით (მოგება და საშემოსავლო) დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა ქონების საბაზრო ფასი მიიღო აშშ დოლარში (დასკვნის საფუძველზე), რომელიც შემდგომ გადაამრავლა იმ მომენტისთვის არსებულ ეროვნულ კურსზე, რაც არასწორად მიაჩნია. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავალი კომპანიას მხოლოდ უძრავი ქონების იჯარიდან ჰქონდა მიღებული და ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დღეს აღარც ფუნქციონირებს. შესაბამისად, საწარმოს არ გააჩნია ფინანსური სახსრები, რომ შეძლოს დარიცხული თანხების გადახდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14098 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25228 ბრძანება და ამავე თარიღის №007-284 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 284 426 ლარი, მათ შორის, გადასახადი 156 229 ლარი, ჯარიმა 45 315 ლარი, საურავი 82 882 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------"-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ---------- (პ/ნ -------------). კომპანიის პარტნიორის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ----------- (პ/ნ ----------) კაპიტალში შეტანის გზით საკუთრებაში გადასცემს, ხოლო შპს „---------" (ს/ნ -----------) საკუთრებაში იღებს ------------ უძრავ ქონებას: ქ თბილისში არსებულ უძრავ ქონებას -358 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ.მ შენობა-ნაგებობას (ს/კ:-------------). 2020 წლის 10 მარტის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „-----------" კაპიტალის შემცირების საფუძველზე -----------გადაეცემა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება (358 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ.მ შენობა-ნაგებობას (ს/კ: --------------). შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია შპს „----------"-ს კაპიტალში შეტანილი და უკან დაბრუნებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც --------- საკადასტრო კოდზე არსებული შენობა-ნაგებობისა და მიწის ღირებულება 2020 წლის 10 მარტის მდგომარეობით შეადგენს 105 688 ლარს. ამასთან, შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული იქნა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომელმაც 2019 წლის 16 აპრილისთვის შეადგინა 931 370 ლარი. ხოლო 2020 წლის 10 მარტისთვის შეადგინა 967 600 ლარი. აღნიშნულის შესაბამისად საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 10 მარტი (ნაცვლად 2020 წლის 25 მარტისა, როცა თვითონ იყო დარეგისტრირდა). საწარმოს დაერიცხა დღგ. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ასევე, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა - 36 200 ლარი) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შპს „----------"-ს 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ------------, 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება, კერძოდ, ქ ---------, 358 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ხოლო, 2020 წლის 10 მარტის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „------------" კაპიტალის შემცირების საფუძველზე ----------- გადასცა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება
(358 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 511,12 კვ.მ შენობა-ნაგებობა). შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებული იქნა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომელმაც 2019 წლის 16 აპრილისთვის შეადგინა 931 370 ლარი, ხოლო 2020 წლის 10 მარტისთვის შეადგინა 967 600 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების კაპიტალში შეტანის და გატანის პერიოდში საბაზრო ღირებულებებს შორის მიღებული სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირებას და გადასახადებით (მოგება და საშემოსავლო) დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე საწარმოს კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება, ხოლო, 2020 წლის 10 მარტის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე მომჩივანმა კაპიტალის შემცირების საფუძველზე დირექტორს გადასცა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება.
შემოწმებით დადგინდა რომ, კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა), რომელიც დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:157(1);160;161(1);97;130;154;97