გადაწყვეტილება №23509/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.08.2024
№ დოკუმენტი 23509/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23509/2/2024

05 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 18.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23509/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.06.2024 წლის №EL254452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16662 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 138,8 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

18.06.2024 წელს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-----------“ მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №--------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 54 აშშ დოლარი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად ---------- წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ შეადგინა 270.90 აშშ დოლარი.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 138.8 ლარით, 22.06.2024 წელს შედგენილ იქნა №EL254452 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 138,8 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე არ დასრულებულა საბაჟო ფორმალობები და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2024 წლის №16662 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე და 167-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანი გასაჩივრებული სამართალდარღვევის ჩადენისას არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში და სახეზე არ არის საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

11.06.2024 წელს საიტზე ,,----------" შეიძინა საათი. საიტმა შესთავაზა თანხის 6 თვეზე გადანაწილება, რაზეც, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, არასწორად იფიქრა, რომ ხელსაყრელი იქნებოდა, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული გადახდა მხოლოდ 54 დოლარის ექვივალენტი იქნებოდა ლარში, არ მოუწევდა საბაჟო გადასახადის გადახდა. (----------- ინვოისი, სადაც აღნიშნულია გადახდა 54.18 დოლარის ოდენობით) შესაბამისად, არ ცოდნის საფუძველზე, ნივთის დეკლარირების დროს, მიუთითა მის მიერ გადახდილი თანხა, 54 დოლარი და არა ნივთის სრული ღირებულება 270.9 აშშ დოლარი, რამაც გამოიწვია დაჯარიმება საგადასახადო კოდექსის მუხ/ნაწ: 167/1 ნაწილით.

დეკლარაციაში არასწორი თანხის მითითება მოხდა არა გადასახადის თავიდან აცილების მიზნით, არამედ არცოდნის და ინფორმაციის არასწორად გააზრების საფუძველზე, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ ყოველთვის დროულად და პატიოსნად იხდის დაკისრებულ გადასახადებს, დღგ-ს, საშემოსავლოს და ა.შ.

აღნიშნული სამართალდარღვევა მოხდა არცოდნის საფუძველზე და არა გადასახადის თავიდან არიდების მიზნით, მსგავსი ფაქტი უწინ არასოდეს მომხდარა მის შემთხვევაში, ყოველთვის დროულად და პატიოსნად იხდის დაკისრებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს. ითხოვს, გაუქმდეს ჯარიმა ან გაუნახევრდეს იგი სსკ-ის მუხ/ნაწ: 163/11-ის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახამად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №----------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 54 აშშ დოლარი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად --------- წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ შეადგინა 270.90 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი და მიიჩნევს, რომ სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმა მართებულია.

საბაჟო კოდექის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის მიერ ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნისგათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 54 აშშ დოლარი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად, მომჩივანმა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ შეადგინა 270.90 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მომჩივნის მიერ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის მიერ ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნისგათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 13(2);167(1);163(11)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტი;