გადაწყვეტილება №20408/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20408/2/2023
02 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20408/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №047-22 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 54 176,48 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 29 705
ჯარიმა - 8 572,65
საურავი - 15 898,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით, 2019 წლიდან ტენდერების საფუძველზე შეაქვს გაყინული საქონლის ხორცი და სხვადასხვა პროდუქტები (შაქარი, ზეთი, მანი, ჩაი, ბრინჯი, ფქვილი და ა.შ) ---------- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და ---------- სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას აქვს საკუთარი ფერმა და საბავშვო ბაღებში შეაქვს თავისი ფერმის საქონლის ხორცი. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 7.01.2021 წელს, რადგან გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებით მისმა დასაბეგრმა ბრუნვამ მიაღწია 100 000 ლარს. გადამხდელი საქონლის ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციად. 2021 წელს გადამხდელის მიერ მოგებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, აქედან გამომდინარე 1.02.2022 წელს გადასახადის გადამხდელმა გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
მეწარმის მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაოზე გადაყვანა ხდება ოჯახის კუთვნილი ავტომობილით, სადაც იკვლება და სუფთავდება. აღნიშნულ პროდუქციაზე გამოიწერება ფორმა №2. შემდგომში საქონლის ხორცი გადააქვთ ----------ში, სადაც სპეციალურ მოწყობილ დასარბილებელ ოთახში ხდება ხორცის დამუშავება, აწონვა, დაფასოება და გაყინვა. გაყინვას ახორციელებენ ---------- ფირმის საყინულე მაცივრებში, ტენდერის მოთხოვნის შესაბამისად ხორცი იყინება -18 გრადუს ტემპერატურაზე. გაყინული ხორცის შენახვის მაქსიმალური ვადა გაყინვიდან 14 დღეა. შემდეგში აღნიშნული გაყინული ხორცის რეალიზაცია ხდება საბავშვო ბაღებზე.
---------- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან და ---------- სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ი/მ „----------“ შესახებ. მათ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლიდან სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ მისცა მითითება, რომ შემოტანილი ხორცის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს და უნდა მომხდარიყო ხორცის შემოტანა ყოველ 3 დღეში ან აღნიშნული პროდუქტი ჩაენაცვლებინათ გაყინული ხორცით, რომლის შენახვის ვადა იზრდებოდა 2 კვირამდე.
2019 წლიდან სატენდერო ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული საქონლის ხორცის შეტანა უნდა მომხდარიყო გაყინულ მდგომარეობაში. მეორე მხარისგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, სატენდერო პირობები სრულად იყო დაცული. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით 0202 კოდი განიმარტება შემდეგნაირად - ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული. შესაბამისად, გაყინული საქონლის ხორცი გადის სეს ესნის 0202 კოდში და მისი მიწოდება არ ჩაითვლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 25 მარტი. მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №047-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1908 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სისწორის დადგენის მიზნით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრის 1.01.2019 წლიდან დაწყება.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 დასკვნა და აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №047-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფინანსთა სამინისტროს არ შეუფასებია დარიცხვის მართლზომიერების საკითხი. კერძოდ, გაუგებარია რა გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა შემოწმებამ, რომ მის მიერ ხდება პროდუქციის გაყინვა. მითუმეტეს, რომ „----------“ 2019 წელს არ გააჩნია იმგვარი დანადგარები, რომლებიც საჭიროა საქონლის ხორცის -18 გრადუსზე გაყინვისთვის. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან დადებულ ხელშეკრულებებში აუცილებელ პირობად არ ფიქსირდება -18 გრადუსზე გაყინული საქონლის მიწოდების ვალდებულება. აგრეთვე, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა დანერგილი არ იყო 2019 წელს არცერთ აქტში მითითებულ მხარესთან. აღნიშნული საკითხები არ არის შეფასებული გასაჩივრებულ აქტებში. ამასთან ერთად, მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულია საქონლის მიწოდება. შესაბამისად გაუგებარია საიდან ადგენს შემოწმება, რომ მომჩივნის მიერ სწორედ იმგვარი საქონლის მიწოდება ხდებოდა, რომელიც იბეგრება დღგ-ით. ამასთან მიწოდების ზედნადებებშიც აღნიშნულია, რომ ხდებოდა საქონლის ხორცის მიწოდება.
დასკვნის მიხედვით გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების ათვლა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან და განისაზღვრა 2019 წლის 23 სექტემბერი. არ ეთანხმება განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ვინაიდან შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მომჩივანი ახორციელებდა გათავისუფლებულ ოპერაციებს, რასთან დაკავშირებითაც დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში არ არის განმარტება გაკეთებული.
მომჩივანი მიუთითებს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53 -ე მუხლზე და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დარღვევით და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილებით:
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სისწორის დადგენის მიზნით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრის 1.01.2019 წლიდან დაწყება.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 დასკვნიდან დგინდება შემდეგი:
გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ის გათავისუფლებული ოპერაციებისა) ათვლა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 01.01.2019 წლიდან. შედეგად მომჩივანს დღგში შეუმცირდა 8 579 ლარი და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა - 2 383 ლარი. გადაანგარიშების შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დგინდება 2019 წლის 23 სექტემბერი.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილებით: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სისწორის დადგენის მიზნით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრის 1.01.2019 წლიდან დაწყება. საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 დასკვნიდან დგინდება შემდეგი: გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-ის გათავისუფლებული ოპერაციებისა) ათვლა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 01.01.2019 წლიდან. შედეგად მომჩივანს დღგში შეუმცირდა 8 579 ლარი და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა - 2 383 ლარი. გადაანგარიშების შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დგინდება 2019 წლის 23 სექტემბერი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს 6.04.2023 წლის №18961/2/2023 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282.