გადაწყვეტილება №22262/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22262/2/2024
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 15.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22262/2/2024).
დავის საგანი:
1. ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. --- თვის გადარიცხულ თანხასა და მიღებული საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №006-639 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 იანვრის №1263 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 122 480 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 69 459
დღგ - 34 198
მოგების გადასახადი - 7 974
საშემოსავლო გადასახადი - 27 287
ჯარიმა - 34 763
საურავი - 18 258
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25789 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №31625 ბრძანება და №006-639 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 122 480 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 3 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 იანვრის №1263 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. შესამოწმებელ პერიოდზე დადგინდა ფულის ნაშთი.
აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბანკის ამონაწერები, რომლის შესაბამისად დადგინა ფულის ნაშთი. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ფულის ნაშთის გაანგარიშება, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორების მიერ გაკეთდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი და გამოვლენილი ფულის ნაშთი დაიბეგრა როგორც ხელფასად გაცემული თანხები ნაზარდი ჯამით (+25%). არ არის გათვალისწინებული სალაროს გონივრული ნაშთი. შემმოწმებლების მიერ ვირტუალურად გამოვლენილი სალაროს ნაშთი სრულად დაუბეგრეს საშემოსავლო გადასახადით, როგორც ხელფასად სრულად გაცემული თანხა. ფულადი ნაშთის განსაზღვრისას არ მომხდარა იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომ მთელ რიგ შესრულებებზე, რომლებიც გამოვლინდა და სრულად დაიბეგრა, არ გააჩნდათ შეძენის დოკუმენტები, თუმცა საქმე შესრულებულია, რასაც ადასტურებს აუდიტორების მიერვე მოპოვებული შესრულების აქტები და დამკვეთების ჩარიცხული თანხები. ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას არ მომხდარა ხარჯად 75%-ის გათვალისწინება (სიტუაციური სახელმძღვანელო - ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა - №0256).
მიღებული თანხები 100%-ით ჩაუთვალეს ხელფასად დასაბეგრ თანხებად და საშემოსავლო გადასახადი დაერიცხათ ასევე ნაზარდი ჯამით +25% ნაცლად 20%-ისა. შემოწმების აქტში სალაროს ნაშთის დაბეგვრისას ნახსენებიც არ არის გონივრული ნაშთის გათვალისწინება, რაც ასევე არასწორად მიაჩნიათ. მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემულ შემთხვევას. ასევე, მხედველობაში იქნას მიღებული დასაშვები გონივრული ნაშთის მოცულობა და ისე იქნას გადაანგარიშებული (შემცირებული) ზედმეტად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ფულადი ნაშთის განსაზღვრისას არ მომხდარა გონივრული ნაშთის გათვალისწინება. ასევე, გამოვლენილი ფულის ნაშთი დაიბეგრა როგორც გაცემული ხელფასი ნაზარდი ჯამით (+25%). აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების აქტში დეტალურად არის მითითებული რის საფუძველზე განხორციელდა კომპანიისთვის დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილია ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, სადაც დეტალურად არის ჩაშლილი გათვალისწინებული თანხები, მათ შორის, გონივრული ნაშთი, ხოლო შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულადი ნაშთი აგროსილია და მასზე დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ფულადი ნაშთების განსაზღვრისას არ მოხდარა ხარჯების გათვალისწინება და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ხარჯების გამოქვითვა. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული სისტემა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბანკის ამონაწერები, რომლის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს საწვავი, რომელზეც გამოწერილი სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული აქვს ჩათვლა. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი საწვავის ჩამოწერის აქტები და სხვა ინფორმაცია. ასევე, კომპანიას არ აქვს საკუთრებაში ან იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებები. შემოწმებით შეუძლებელია აღნიშნული ნავთობ-პროდუქტების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება.
საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით, ხოლო დღგ-ის მიზნებისთვის შესაბამისი თანხებით შემცირებულ იქნა ჩასათვლელი თანხა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.---თვის გადარიცხულ თანხასა და მიღებული საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ 2020 წლის ივნისის თვეში მომჩივანს ი/მ ---სთვის გადარიცხული აქვს 8 700 ლარი, ხოლო მიღებულია 4 000 ლარის საქონელი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საქონლის დარჩენილი ნაწილი ჯერ მიღებული არ აქვს. შემოწმების მიერ 4 700 ლარი ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 982 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის ივნისის თვეში ი/მ ---თვის გადარიცხული აქვს 8 700 ლარი საქონლის შესაძენად, თუმცა მიღებული აქვს 4 000 ლარის საქონელი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ გადარიცხულ თანხასა და მიღებული საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ი/მ ---თვის თანხა გადახდილია საქონლის შესაძენად. აღნიშნული ინდ. მეწარმე აღიარებს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას, როგორც ავანსად მიღებულს და მზად არის მოთხოვნისთანავე მიაწოდოს 4 700 ლარის საქონელი. აღნიშნული თანხის ავანსად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს უსაფუძვლოდ დარიცხული მოგების გადასახადი და 8 700 ლარი ჩაითვალოს ავანსად გადახდილად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2020 წლის ივნისის თვეში ი/მ ---- თან თანხა გადარიცხულია 8 700 ლარი, ხოლო მიღებულია 4 000 ლარის საქონელი. აღნიშნული არის ავანსი და მეწარმე მზად არის მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საქონელი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. გარდა ამისა, ოპერაცია განხორციელებულია 2020 წლის ივნისის თვეში და ავანსის ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი არ არის. ასევე, განსაზღვრული არ არის რა სახის საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო ან რა რაოდენობის. შესაბამისად, თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. გადარიცხულ თანხასა და მიღებული საქონლის ღირებულებას შორის სხვაობის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25789 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 11 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №31625 ბრძანება და №006-639 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 122 480 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 3 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 იანვრის №1263 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 72; 101; 154; 105; 982.