ბრძანება N 23347

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.10.2025
№ დოკუმენტი 23347
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23347

22 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 8 სექტემბრის და 6 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 სექტემბრის და 10 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №79 და №86) განიხილა ----- (პ/ნ -----) №97866/1/2025, №98250/1/2025 და №98251/1/2025 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 სექტემბრის №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ თანხას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ ნივთი გამოგზავნილი იყო გადამზიდი კომპანიის ------ის მიერ. მათ წარმომადგენელს წარუდგინა ვიდეო მასალა, რომ ნივთის ღირებულება შეადგენს 40 ევროს, თუმცა მაინც დაეკისრა ჯარიმა. საიტზე საიდანაც ნივთი არის შეძენილი ნივთის ღირებულება არის შემცირებული ვინაიდან, მომჩივნის მტკიცებით, მიიღო ამ კომპანიისგან ფასდაკლება, რადგან ადრე ნაყიდი ნივთი მიწოდების დროს დაკარგა კომპანიამ და გადახდილი თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ამის გამო შესთავაზა იგივე ნივთის ხელახლა შეძენა 200 ევროს ფასდაკლებით. აღნიშნული გახდა იმის საფუძველი, რომ ნივთის ღირებულება ინვოისში მითითებულია ფასდაკლებით. შესაბამისად მაიჩნია, რომ საქონლის ღირებულება განსაზღვრული უნდა იყოს წარდგენილი ინვოისის ღირებულებით და არ უნდა მომხდარიყო მისი დაჯარიმება და დღგ-ს დარიცხვა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ) დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 19 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავ შპს „-----“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ------ სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №--------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 40 ევრო.

გამომდინარე იქიდან, რომ ------ კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 40 ევროდ, მისი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც ივსება ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გაფორმებისას, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია) და, საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა. კერძოდ, 40 ევროს ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ფეხსაცმელი) ღირებულებამ, დეკლარანტის მიერ წარდგენილი ინვოისის თანახმად, ჯამში შეადგინა 240 ევრო. შესაბამისად, გამოვლინდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 143.75 ლარით.

ვინაიდან ------- მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 4 სექტემბერს შედგენილი №------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 143.75 ლარის ოდენობით.

საფოსტო გზავნილზე დარეგისტრირდა №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 800.80 ლარი, ხოლო ------- დაერიცხა დღგ - 144 ლარი.

ვინაიდან ------ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება/ინფორმაცია მის მიერ შეძენილ ნივთზე ინვოისში ასახული ფასდაკლების თაობაზე (რის საფუძველზე იყო მითითებული აღნიშნული ფასდაკლება), საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას არ იქნა გათვალისწინებული ფასდაკლება.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

იმავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №------) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია). მე-5 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილების დეკლარაციის მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით დადგენილია, რომ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.

ამავე კოდექსისი 309-ე მუხლის 132-ე ნაწილი ადგენეს, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივრებში მითითებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ №------ საფოსტო გზავნილში არსებული საქონლის ფასი არ აღემატება 300 ლარს. ამდენად, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და №------ საბაჟო დეკლარაცია - საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ ოდენობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ (პ/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმს. ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისა და საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ) დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 19 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივანის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 40 ევრო. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა. კერძოდ, 40 ევროს ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ფეხსაცმელი) ღირებულებამ, დეკლარანტის მიერ წარდგენილი ინვოისის თანახმად, ჯამში შეადგინა 240 ევრო. შესაბამისად, გამოვლინდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 143.75 ლარით. პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი, დაკისრებული პასუხისმგებლობა და საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული დღგ ოდენობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163;167;