გადაწყვეტილება №25380/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2025
№ დოკუმენტი 25380/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25380/2/2025

18 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 26.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25380/2/2025).

 

დავის საგანი:

სალაროს რეალურ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვა და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №023-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12195 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 76 452,48 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 50 099,25

ჯარიმა - 25 049,50

საურავი - 1 303,73

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, კერძოდ, მაგიდა-სკამებითა და საფარდე ინვენტარით ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩინეთში. აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 581 992 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს 435 316 ლარის საქონელი. გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს იჯარით აღებული ფართებში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელმა ბიუჯეტის მიმართ დაირიცხა 251 374 ლარი, შეიმცირა 72 726 ლარი, გადაიხადა 229 295 ლარი და უკან დაიბრუნა 50 190 ლარი. საწარმოს უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც რეგისტრირებულია ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 19.02.2025 წლის მდგომარეობით, დაფიქსირდა სალაროს ნაშთი 960 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, რომლის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ნაშთი, ინვენტარიზაციის დღისთვის, ფიქსირდებოდა 218 406 ლარის ოდენობით. სხვაობა რეალურ და პროგრამულ ნაშთებს შორის ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №023-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12195 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არამარლთზომიერია, ვინაიდან თანხა რომელიც არ იყო საწარმოს სალაროში, ინახებოდა დირექტორის სახლში და განკუთვნილი იყო საქონლის და სხვა ინვენტარის შესაძენად. მომჩივანი არ იცილებს საგადასახადო პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორც პირველი შემთხვევა, უნდა ისარგებლოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 19.02.2025 წლის მდგომარეობით, დაფიქსირდა სალაროს ნაშთი 960 ლარის ოდენობით, ხოლო შემოწმების პროცესში წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა სალაროს ნაშთი 218 406 3 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სხვაობა რეალურ ნაშთსა და პროგრამულ ნაშთს შორის ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს რეალურ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად განხილვა და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, კერძოდ, მაგიდა-სკამებითა და საფარდე ინვენტარით ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ჩინეთში.

გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ითანამშრომლა შემოწმებასთან და წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა „orisi“, რომლის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს ნაშთი, ინვენტარიზაციის დღისთვის, უფიქსირდებოდა 218 406 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სხვაობა რეალურ ნაშთსა და პროგრამულ ნაშთს შორის ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილი თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9);101 (1); 269 (7).