გადაწყვეტილება №84910/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№84910/1/2023
18 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 13.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №84910/1/2023).
დავის საგანი:
საბჭოს 29.06.2023 წლის 19492/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №083-33 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 123 770.51 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 58 028
დღგ - 21 418
საშემოსავლო გადასახადი - 36 610
ჯარიმა - 28 215
საურავი - 37 527.51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტურ შეძენასთან მიმართებაში 4.5%-ია, თუმცა, წლების მიხედვით: 2019 წელს 7.4%, 2020 წელს 5.5%, 2021 წელს 3.7%, ხოლო 2022 წელს 0.4%.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულია თავად კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი 2019-2021 წლებში, ხოლო 2022 წელს კი, დოკუმენტური რეალიზაციის არაარსებითობიდან გამომდინარე, გამოყენებულია 2021 წლის ფასნამატი. საშუალო ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს: 2019 წელს 8.5%, 2020 წელს 9.6%, 2021-2022 წლებში 9.9%. ამასთან, თითოეული საქონლის სახეობისთვის გამოყენებულია შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 118 989 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის (დირექტორისთვის) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, დაზუსტდა სხვა განაცემების ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 10.10.2022 წლის №25767 ბრძანება და 12.10.2022 წლის №083- 33 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 (გატ. 5.07.2023 წლის №03/54499) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია (მათ შორის ცხრილის სახით);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №25290 ბრძანება და 12.10.2023 წლის №083-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა არ გაიზიარა მიწოდებული ცხრილი რომელიც თან ერთვის საჩივარს და გადასახდელ ვალდებულებაში არანაირი არსებითი ცვლილება არ შევიდა, შესაბამისად სადავო გახლავთ შემდეგი საკითხი:
კომპანიამ გამოთვალა ფასნამატი და ცხრილების სახით წარადგინა, არის როგორც ჯამური ფასნამატი, ასევე ინდივიდუალურად ყველა სახის ნაწარმის ფასნამატი ცალკე აღებული შესამოწმებელ პერიოდში, შესაბამისად სრულიად გაუგებარია შემმოწმებლის პოზიცია და ითხოვს დეტალურად იქნას გავლილი ყველა საკითხი, რათა დადგინდეს ჭეშმარიტი ფინანსური ვალდებულება.
შემმოწმებლის განმარტებით გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებული იქნა თავად კომპანიის ფასნამატი 2019-2021 წლებში, ხოლო 2022 წელს კი, დოკუმენტური რეალიზაციის არაარსებითობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა 2021 წლის ფასნამატი. საშუალო ფასნამატი წლების მიხედვით - 2019 წ - 8.5%, 2020 წ - 9.6%, 2021-2022 წლებში 9.9%, აქვე შემმოწმებელი მიუთითებს, რომ თითოეული საქონლის სახეობისთვის გამოყენებულ იქნა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი, ამ ყველაფრის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 118 989 ლარით, რასაც რა თქმა უნდა არ ეთანხმება.
შემმოწმებელი განმარტავს, რომ გადამხდელმა აქტიურად ითანამშრომლა შემოწმების პროცესში. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და გაანგარიშების ცხრილები გავლილია გადამხდელთან, გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე და გათვალისწინებულია გადამხდელის შენიშვნები, გადამხდელი ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, საშუალო ფასნამატს, თუმცა არ ეთანხმება სიგარეტსა და ალკოჰოლზე გამოყენებულ ფასნამატს არასრულად ასახავს საქმის ფაქტობრივ მდგომარეობას შემმოწმებელსა და გადამხდელის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ფაქტობრივად საქმის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში.
საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის 31.05.2022 წელს გაგზავნილია იდენტიფიცირებულ მყიდველებზე რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშება. აღნიშნული გაანგარიშებით საქონელი დაყოფილია 23 კატეგორიად, საზოგადოებაში საშუალო ფასნამატი შეადგენდა 7,84%-ს. აქვე გადამხდელის მიერ შემმოწმებელზე გადაგზავნილია ინფორმაცია იმ მეწარმე სუბიექტების ფასნამატის შესახებ, რომლებიც კომპანიის ფაქტიური საქმიანობის ადგილის მიმდებარედ ფუნქციონირებს (იდენტური, მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეები). აღნიშნული ფირმების ფასნამატი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე (დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშების შედეგები) განსაზღვრულია 4-7%-ის ფარგლებში. შემმოწმებლის მიერ არ ყოფილა მიღებული მხედველობაში გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით იდენტური და/ან მსგავსი საქონლის მიხედვით (ფაქტობრივად თითოეულ კატეგორიაში შეტანილი საქონელი დაჯგუფებულია იდენტური და მსგავსი საქონლის მიხედვით და მინიჭებულია შესაბამისი კოდი და გამომდინარე გაანგარიშებულია ფასნამატი). ასევე არაა მხედველობაში მიღებული კომპანიის ფაქტიური საქმიანობის ადგილის მიმდებარედ ფუნქციონირებს (იდენტური, მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეები). აღნიშნული ფირმების ფასნამატი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე (დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშების შედეგები) განსაზღვრულია 4-7%-ის ფარგლებში, შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გაანგარიშებულია მხოლოდ იმ საქონელზე, რომლების დასახელებაც შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტებში ზუსტად იგივეა. აქედან გამომდინარე, ფასნამატის გამოთვლისა და დღგ-ის ბრუნვის გაზრდის მიზნით არგუმენტები არის არამყარი საფუძველის მქონე, შემმოწმებლის მიერ მხედველობაში არ არის მიღებული საგადასახადო კოდექსის მე-18 მიუხლის მიხედვით ფასის განსაზღვრის პრინციპები.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო არასპეციალიზებულ მაღაზიებში ვაჭრობა, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე პროცესის უფრო დეტალურად გავლისა და გაანალიზების გარეშე შეუძლებელია ზუსტი ფასნამატის გამოთვლა, ან/და დღგ-ის ბრუნვის ზუსტი განსაზღვრა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და 96-ე მუხლზე მითითებით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოთ და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად ითხოვს საკითხის შესწავლა მოხდეს უფრო დეტალურად და ამის შემდეგ განისაზღვროს კონკრეტული შედეგები და არა ასეთი ზედაპირული გამოთვლებით.
ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გააჩნია ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის კომპანიის პოზიციის სისწორის განცდას და აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოითხოვოს კომპანიის სამართლებრივად დასაბუთებული პოზიციის გაზიარება.
ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და შემმოწმებლისა და გადასახადის გადამხდელის სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნას შესწავლილი და გავლილი ზემოთხსენებული საკითხები, რათა მოხდეს რეალური გადასახადის დადგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილებით:
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია (მათ შორის ცხრილის სახით);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განახორციელა გადასახადის გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლა. შემოწმების შედეგად ფასნამატები გაანგარიშებულია წლების ჭრილში, შეძენები ჩაშლილია მთლიანი პერიოდის პროპორციულად და გადამხდელის წარმომადგენელმა შესთავაზა შეძენების ჩაშლა განხორციელდეს ასევე წლების ჭრილში, რასთან დაკავშირებითაც წარადგენს ცხრილის სახით შესაბამის გაანგარიშებას, ასევე განხილული იქნა მეორე ვარიანტი, რომ ფასნამატებზე გაანგარიშება წარადგინოს არა მთლიან პერიოდზე, როგორც აქამდე ჰქონდა წარდგენილი არამედ, წლების ჭრილში, მათ შორის თვეების ჭრილში, რაზეც ორივე მხარე თანახმა იყო.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა არ წარადგინა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბჭოს 29.06.2023 წლის 19492/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის (დირექტორისთვის) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, დაზუსტდა სხვა განაცემების ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 10.10.2022 წლის №25767 ბრძანება და 12.10.2022 წლის №083- 33 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 (გატ. 5.07.2023 წლის №03/54499) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №25290 ბრძანება და 12.10.2023 წლის №083-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა არ წარადგინა არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 29.06.2023 წლის №19492/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);