გადაწყვეტილება N18399/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18399/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18399/2/2022

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 7.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18399/2/2022).

 

დავის საგანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.04.2022 წლის №15049/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №006-503 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 21 959,82 ლარი.

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 10 901

ჯარიმა - 5 451

საურავი - 5 607,82

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №14297 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018, 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტიდან (გარდა მიწისა) გამომდინარე ქონების გადასახადში (გარდა მიწისა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 18.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს (ოჯახს) 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე და 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადამხდელს 2018, 2019, და 2020 წლების საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, რომლის ღირებულება საგადასახადო კოდექსის მე-202 მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა საბაზრო ფასით.

საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2021 წლის №21237 ბრძანება და 30.06.2021 წლის №006-458 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.09.2021 წლის №31129 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.04.2022 წლის №15049/2/2021 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 14.04.2022 წლის №15049/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №006-503 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №15049/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად ვერ იქნა დადგენილ ვადაში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი. ითხოვს დამატებით ვადას ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საბჭოს 14.04.2022 წლის №15049/2/2021 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს 3 წარუდგინოს მტკიცებულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს 14.04.2022 წლის №15049/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები დარჩა უცვლელი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისთვის მტკიცებულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 14.04.2022 წლის №15049/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.