გადაწყვეტილება №26242/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 26242/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26242/2/2025

22 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 1.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26242/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხის 75%-ის ხარჯად კვალიფიკაცია, ხოლო 25%-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. ბულდოზერით გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში ხარჯების გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.09.2025 წლის №072-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24862 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 495 426.73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 303 341.09

დღგ - 31 601.4

ქონების გადასახადი (სასოფლო-სამეურნეო მიწა) – 2 773.5

საშემოსავლო გადასახადი - 263 518.79

ქონების გადასახადი - 5 447.4

ჯარიმა - 119 194.27

საურავი - 72 891.37

საშემოსავლო გადასახადი - 17 225.91 ლარი, რომლის გადახდის ვადა საგადასახადო მოთხოვნის

გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა.

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა თხილის, კაკლის შეძენა, გადამუშავება და თხილის გულის რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 19.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.09.2025 წლის №20261 ბრძანება და №072-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხის 75%-ის ხარჯად კვალიფიკაცია, ხოლო 25%-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებულ იქნა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა-განმარტებები ნაწილობრივი დოკუმენტების თანხლებით. საქონლის შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე. საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად, დადგენილია გარკვეული შესყიდვების აქტების სიყალბე. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ აღნიშნული თხილის რეალიზაცია ნამდვილად განახორციელეს, თუმცა განსხვავებული (ნაკლები) რაოდენობით. რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ შესყიდვის აქტზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნით, ასევე, რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ საერთოდ არ ჩაუბარებიათ აღნიშნულ პირთან თხილი ან მოცვი. შესაბამისად, მათივე განმარტებით აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, იმ ნაწილში, რომელზეც დადგენილია სიყალბე ან შესყიდვის აქტი არ აკმაყოფილებს კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს (შეუძლებელია გამყიდველი მხარის იდენტიფიცირება) გაწეული ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაანგარიშდა ინდივიდუალური მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა 2022, 2023 და 2024 წლებისათვის.

დადგინდა, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ლურჯი მოცვი) პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალის 2023-2024 წლებში აჭარბებს 200 000 ლარიან საშეღავათო ოდენობას და წლების მიხედვით შეადგენს 2023 წელს - 369 145 ლარს, ხოლო 2024 წელს - 256 500 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-80, 105-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით., მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების ეტაპზე საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია გარკვეული შესყიდვის აქტების სიყალბე. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ თხილის რეალიზაცია ნამდვილად განახორციელეს, თუმცა განსხვავებული (ნაკლები) რაოდენობით. ასევე, რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ შესყიდვის აქტზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნით, ხოლო რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ საერთოდ არ ჩაუბარებიათ გადასახადის გადამხდელისთვის თხილი ან მოცვი. შესაბამისად, მათივე განმარტებით აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამდენად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნათა გათვალისწინებით და იმ ნაწილში, რომელზეც დადგენილია სიყალბე ან შესყიდვის აქტი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს (შეუძლებელია გამყიდველი მხარის იდენტიფიცირება) გაწეული ხარჯები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე და გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ყველა შესყიდვის აქტი და გათვალისწინებულ იქნა მექანიკური შეცდომები, სახელის ან ერთი ციფრის სხვაობა, რომელიც შედარდა ელექტრონულ ბაზებს იდენტიფიცირების მიზნით. ასევე, შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა 2022 წელს წარმოქმნილი ზარალი (215 953 ლარი) საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოკვლეულ საქმეზე ჯერ სასამართლო შედეგი არ დამდგარა და ნაადრევია მოცემული შესყიდვის აქტების სიყალბის მტკიცება. აუდიტორების მიერ გამოვლენილ წუნდებულ აქტებზე, რომლებზედაც ვერ მოხდა პირადი ნომრების და სახელი-გვარის იდენტიფიცირება შესაძლებელია პირების ვინაობის დაზუსტება. ასევე აღსანიშნავია, რომ თხილის რეალიზაციის სფეროში 25% მარჟის გამოყენება არის არასწორი არარეალური. სხვა აუდირებული წარმატებული კომპანიების მაგალითზეც ნათელია, რომ 25% მარჟა ამ სფეროში არ არსებობს. მის შემთხვევაში დეკლარირებულია 1%- მდე მოგების მარჟა. კომპანიას შესამოწმებელი წლების მანძილზე მოგება არ მიუღია. თხილის ხარისხიდან გამომდინარე, მიღებული აქვს ზარალი, თუმცა ზარალის არ დაფიქსირების მიზნით არც კი დაუდეკლარირებია ყველა გამოსაქვითი ხარჯი. აღნიშნულს ადასტურებენ შემმოწმებლები. 2022 წელს გამოსაქვითი ხარჯების სრულად ჩართვის შემდეგ შემმოწმებლების მიერვე არ არის აღიარებული მიღებული ზარალი. საწარმოს საქმიანობის არაპირდაპირი მეთოდით შესწავლის ფარგლებში თუ შემმოწმებლები გაეცნობიან და გაითვალისწინებენ კომერციული სესხის მდგომარეობას უფრო ნათელი გახდება კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. მიღებული ზარალის გამო ვერ მოახერხა სესხის გრაფიკის დაცვა, უფრო მეტიც ბანკს დაყადაღებული აქვს სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული პლანტაციები და სხვადასხვა ქონება. მოცემული კიდევ უფრო ამყარებს იმ ფაქტს, რომ კომპანიას არა თუ არ მიუღია 25% მოგება, არამედ შესამოწმებელ პერიოდში ნახა ზარალი და გაკოტრების პირას არის მისული. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველ დახარვეზებულ შესყიდვის აქტებში შესყიდვის ფასები არ განსხვავდება უახლოეს დღეებში შემმოწმებლების მიერ გადამოწმებული და დადასტურებული თხილის კაკლის შესყიდვის ფასისგან. შემმოწმებლები თუ იხელმძღვანელებენ არა 25/75%, არამედ უახლოესი შესყიდვის ფასებით სურათი უფრო ნათელი იქნება.

ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეამციროს (0256) 25% მარჟით დამატებით დაუსაბუთებლად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს ხარვეზიანი შესყიდვის აქტები, ხოლო რომელ აქტებთან მიმართებითაც ვერ მოხერხდება ხარვეზის გასწორება გათვალისწინებული იქნეს უახლოესი შესყიდვის ფასები. გათვალისწინებული იქნეს დეკლარირებული მოგების შესახებ ინფორმაცია და კომპანიის ზოგადი მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2025 წლის "------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები, გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებულ იქნა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა განმარტებები ნაწილობრივი დოკუმენტების თანხლებით. საქონლის შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის "------"-ის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №------- საქმე, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შემოწმების ამ ეტაპზე საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია გარკვეული შესყიდვების აქტების სიყალბე. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ აღნიშნული თხილის რეალიზაცია ნამდვილად განახორციელეს, თუმცა განსხვავებული (ნაკლები) რაოდენობით. რიგ შემთხვევაში აცხადებენ რომ შესყიდვის აქტზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნით, ასევე რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ საერთოდ არ ჩაუბარებიათ აღნიშნულ პირთან თხილი ან მოცვი. შესაბამისად მათივე განმარტებით აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ისარგებლა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და გადასახადის გადამხდელის მიერ იმ ნაწილში, რომელზეც დადგენილია სიყალბე ან შესყიდვის აქტი არ აკმაყოფილებს კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს (შეუძლებელია გამყიდველი მხარის იდენტიფიცირება, ამასთანავე შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ყველა წარმოდგენილი შესყიდვის აქტი და გათვალისწინებულ იქნა მექანიკური შეცდომები სახელის ან ერთი ციფრის სხვაობა რომელიც შედარდა ელექტრონულ ბაზებს იდენტიფიცირების მიზნით) გაწეული ხარჯები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდით 25% იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა 2022 წელს წარმოქმნილი ზარალი 215 953 ლარის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით, თხილის რეალიზაციის სფეროში 25% მარჟის გამოყენება არის არასწორი და არარეალური. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დააზუსტოს ხარვეზიანი შესყიდვის აქტები, ხოლო რომელ აქტებთან მიმართებითაც ვერ მოხერხდება ხარვეზის გასწორება გათვალისწინებული იქნეს უახლოესი შესყიდვის ფასები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა სადავო საკითხის ზეპირი განხილვის სხდომაზე დასწრების და პოზიციის დაცვის შესაძლებლობა, მან, როგორც საჩივარში, ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის სათანადო, გამაბათილებელი არგუმენტების ან რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მის მიერ დასახელებულ არგუმენტს სარწმუნოდ გახდიდა, შესაბამისად, მისი გათვალისწინების, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შესყიდვის აქტების ნაწილზე დადგენილი იყო სიყალბე, ხოლო ნაწილი შესყიდვის აქტებისა არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს (შეუძლებელია გამყიდველი მხარის იდენტიფიცირება), საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას მომჩივნის მიერ გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშება, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხის 75%-ის ხარჯად კვალიფიკაცია, ხოლო 25%-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ბულდოზერით გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში ხარჯების გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით შემოწმების აქტი არ მოიცავს კონკრეტულ ინფორმაციას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

აუდიტის დეპარტამენტის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმებისას ერთობლივი შემოსავლისა და წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ იქნა მეწარმის მიერ ბულდოზერით გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს ბულდოზერით გაწეული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს გამოაკლდეს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საწვავის, ბულდოზერის მოვლა-პატრონობისა და რემონტის ხარჯები ან/და შემოსავლის 75% გათვალისწინებულ იქნას გამოსაქვით ხარჯებში, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე, დამატებით შესწავლის შედეგად, მესამე პირის მიერ წარდგენილი განმარტებით, საწვავის ხარჯის გაწევას ახდენდა დამქირავებელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა საბანკო ამონაწერების გადამოწმების შედეგად გამოავლინეს დამატებით დასარიცხი დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი კერძოდ, ბულდოზერით მომსახურების საფასური 216 312,48 ლარი. აღნიშნული არ იყო დეკლარირებული. შემმოწმებლებმა განსაზღვრეს დღგ-ით გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნული თანხა დაბეგრეს დღგ-ით, 31 601 ლარი დღგ. ბულდოზერით მომსახურების შემოსავლების გამოვლენა და დარიცხვა არის სწორედ დამატებით გამოვლენილი შემოსავალი და სწორედ აქ უნდა მომხდარიყო 25/75% (სიტუაციური სახელმძღვანელო 0256) გამოყენება. ანუ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები როგორიცაა საწვავი, ბულდოზერის მოვლა პატრონობისა და რემონტის რაჯები და 75% პირდაპირ ჩართული უნდა ყოფილიყო გამოსაქვით ხარჯებში.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბულდოზერის მომსახურების შემოსავლებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნეს შემოსავლის 75% გამოსაქვით ხარჯად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

მომჩივნის მოთხოვნა ბულდოზერის მომსახურებით მიღებული შემოსავლის 75% გათვალისწინებული იქნეს გამოსაქვით ხარჯად, უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმებისას ერთობლივი შემოსავლისა და საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრის დროს გათვალისწინებულ იქნა მომჩივნის მიერ ბულდოზერით გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე, დამატებით შესწავლის შედეგად, მესამე პირის მიერ წარდგენილი განმარტებით, საწვავის ხარჯის გაწევას ახდენდა დამქირავებელი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ბულდოზერით მომსახურებისას გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეამციროს 25% მარჟით დამატებით დაუსაბუთებლად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

2.მომჩივანი მიიჩნევს,რომუნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ბულდოზერის მომსახურების შემოსავლებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნეს შემოსავლის 75% გამოსაქვით ხარჯად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად, დადგენილია გარკვეული შესყიდვების აქტების სიყალბე. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ აღნიშნული თხილის რეალიზაცია ნამდვილად განახორციელეს, თუმცა განსხვავებული (ნაკლები) რაოდენობით. რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ შესყიდვის აქტზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნით, ასევე, რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ საერთოდ არ ჩაუბარებიათ აღნიშნულ პირთან თხილი ან მოცვი. შესაბამისად, მათივე განმარტებით აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება.დადგინდა, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალის 2023-2024 წლებში აჭარბებს 200 000 ლარიან საშეღავათო ოდენობას და წლების მიხედვით შეადგენს 2023 წელს - 369 145 ლარს, ხოლო 2024 წელს - 256 500 ლარს. სსკ-ის მე-80, 105-ე, 73-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით შემოწმების აქტი არ მოიცავს კონკრეტულ ინფორმაციას.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას მომჩივნის მიერ გაწეული ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშება, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხის 75%-ის ხარჯად კვალიფიკაცია, ხოლო 25%-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ ბულდოზერით მომსახურებისას გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),102,105.

№0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.