გადაწყვეტილება №22146/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 22146/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22146/2/2024

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი+

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 1.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22146/2/2024).

 

დავის საგანი:

გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში შეცდომით მითითებული თანხის გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №021-94 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №249 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 997,19 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 2 417

ჯარიმა - 1 309

საურავი - 271,19

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სხვადასხვა სახის სამშენებლო/კეთილმოწყობის მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021 წლის ივლისის, 2022 წლის აპრილის და ოქტომბრისა და 2023 წლის აგვისტოს თვეების დღგ-ის დეკლარირების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს 2022 წლის ოქტომბრის თვეში შპს ---თვის (ს/ნ ---) გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა---). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამუშაოს არასრულყოფილად შესრულების გამო აუცილებელი გახდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა ერთის მხრივ შპს „----“-ის დასაბეგრი ბრუნვიდან და მეორე მხრივ შპს ---ის ჩათვლებიდან (გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განცხადებები და აგრეთვე შემოსავლების სამსახურის დასტური ზემოაღნიშნული პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით). წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, 2022 წლის ოქტომბრის თვის მიხედვით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ცვლილება არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელის მიერ ნაჩვენებ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სრულყოფილად არ არის ასახული 2021 წლის ივლისის (----) და 2023 წლის აგვისტოს თვეში (ეა--) გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №021-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №249 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ივლისისა და 2023 წლის აგვისტოს თვეებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არასრულყოფილად აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით პირის მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ 2021 წელს შესრულებულ იქნა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების შესაბამისად (5.02.2021 წ. №16, ერთვის საჩივარს), თანხით 37 125,2 ლარი. კერძოდ:

1.----- ჩიხში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები თანხით 5 911,6 ლარი;

2. ქალაქ ---- ჩიხში, სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით 31 213,42 ლარი. ქალაქ --- ჩიხში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები შესრულებულია 2021 წლის მარტში. წარმოდგენილი ფორმა №2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 22.03.2021 წ. გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურა ეა-----, თანხით 5 911,6 ლარი, დეკლარირებულია მარტის თვით და გადახდილია. ქალაქ ---- ჩიხში სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია 2021 წლის ივლისის თვეში. წარმოდგენილი ფორმა №2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 15.07.2021 წ. შეცდომით გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა ეა---- არასწორი თანხით 3 37 125,02 ლარი, მითითებული უნდა ყოფილიყო 31 213,42 ლარი, რადგან სხვაობა 5 911,6 ლარი (37 125,02- 31 213,42) უკვე მითითებულია ანგარიშ-ფაქტურაში ეა---- მარტის თვეში, დეკლარირებული და გადახდილია. პირველადი დეკლარაცია 2021 წლის ივლისის თვეში წარდგენილია 31 125,02 ლარზე, შესწორებული დეკლარაცია კი 31 213,42 ლარზე. 22.11.2023 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განისაზღვრა 3 726 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 417 ლარი. ძირითადი ნაწილი 2 417 ლარი შედგება 2021 წლის ივლისის თვის არასწორად გამოწერილი ანგარიშფაქტურა ეა----- თანხით 5 911,6 ლარის დღგ-ისგან 901,77 ლარი და 2023 წლის აგვისტოს თვეში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა---- თანხით 9 944,78 ლარის დღგ-ისგან 1 517 ლარი. გათვალისწინებული უნდა იქნას შეცდომით გამოწერილი 2021 წლის ივლისის თვის ანგარიშფაქტურა ეა----- დღგ-ის თანხით 5 663,14 ლარი და მასში შესული დღგ-ის თანხა 901,77 ლარი და ამოღებული უნდა იქნას შემოწმების აქტით განსაზღვრული დასარიცხი თანხიდან, რადგან ეს თანხა უკვე დეკლარირებულია 2021 წლის მარტის თვეში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მომჩივანი მიუთითებს, რომ შეცდომით გამოწერა 2021 წლის ივლისის თვის ანგარიშ-ფაქტურა ეა----, თანხით 5 663,14 ლარი და მასში შემავალი დღგ-ის თანხა 901,77 ლარი ამოღებული უნდა იქნას შემოწმების აქტით განსაზღვრული დასარიცხი თანხიდან, რადგან ეს თანხა უკვე დეკლარირებულია 2021 წლის მარტის თვეში. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის 2-ჯერ დაბეგვრის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხაზე ანგარიშ-ფაქტურის განმეორებით გამოწერის და დეკლარირების შემთხვევაში), განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №249 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში შეცდომით მითითებული თანხის გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №021-94 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №249 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163.