ბრძანება N 8382
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8382
18.04.2023
ი/მ --ის (ს/ნ ---)
მის.: (---)
2023 წლის 23 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ --ის (ს/ნ ---) №79872/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის ID ---- გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის ფარგლებში მიიღო გრანტი. ვინაიდან არ იყო დღგ-ს გადამხდელი, გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ს თანხა, რომელიც შეადგენდა 1136.45 ლარს, უნდა დაებრუნებინა. აღნიშნული პროცედურის განსახორციელებლად გადამხდელმა არაერთხელ მიმართა ბუღალტერს, რომელმაც მოატყუა და ვადაში არ წარადგინა განცხადება გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ს გპაბ-ზე ასახვის მოთხოვნით. აღნიშნავს, რომ ბუღალტერი იყო თაღლითი და მატყუარა, იგი თაღლითობის მსხვერპლია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ არის მცირე მეწარმე, რომელმაც აიღო პირველი გრანტი და მის მიერ გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ს თანხა, მისი პატარა ბიზნესისათვის საკმაოდ დიდი შეღავათია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს თანხის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ --ის (ს/ნ -- ) მიერ 2023 წლის 9 მარტს დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი განცხადება სსიპ „აწარმოე საქართველოში“-სთან გაფორმებული გრანტის №--- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ს თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით. გადამხდელის მიერ ID:--- განცხადებით წარმოდგენილი იყო ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ეა---- და ეა----ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ -- ეს (ს/ნ -- ) 2023 წლის 17 მარტს ID:--- გაეგზავნა გადაწყვეტილება და ეცნობა, რომ გრანტის №--- ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად:
„1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
11 . გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.
2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.“
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, გრანტად ითვლება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის შესაბამისად:
2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ ID:-- განცხადებით წარმოდგენილი იყო ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ეა---- და ეა--- (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი). აღნიშნული ანგარიშფაქტურები წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის (3 თვიანი) დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --ის (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს თანხის ასახვას პირადი აღრიცხვის ბარათზე.
ფაქტობრივი გარემოებები
ანგარიშ-ფაქტურები წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით. გადამხდელს ეცნობა, რომ გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); (181, 2,3).