ბრძანება N 21733

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.09.2023
№ დოკუმენტი 21733
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21733

06 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 10 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №79892/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №024-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ უნდა გამხდარიყო, რადგან გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა კანონიერი გზით. ამასთან, აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს ნასყიდობის ხელშეკრულებით სინამდვილეში რა ხელშეკრულება გადაიფარა, რაც გამოიწვევდა გადასახადების გადახდის ვალდებულებას. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ნოემბრის №29123 და 2023 წლის 17 მარტის №5206 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 აპრილის №7554 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №024-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 81 233 ლარი, მათ შორის გადასახადი 52 025 ლარი, ჯარიმა 26 423 ლარი და საურავი 2 785 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „------ის“ დამფუძნებელი არის ფიზიკური პირი -----, რომელიც ამასთანავე ფლობდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც. 2022 წლის 14 ნოემბერს ფიზიკურმა პირმა ------მა გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა შპს „------ის“. ნასყიდობის თანხა შეადგენდა 200 000 ლარს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ჰქონდა საწარმოს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შპს „------ის“ დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ ფ/პ ------თვის გადახდა. ვინაიდან, ორივე შპს-ის დამფუძნებელი იყო ერთი და იგივე პირი, ხოლო 2022 წლის 14 ნოემბერს შპს „------მ“ შეისყიდა შპს „------ს“ 65%-იანი წილი, ფ/პ ------- ირიბად კვლავ ფლობს „------ს“ 65%-იან წილს. ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფ/პ ------სა და შპს „-----ს“ შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ფ/პ -----ს მიერ შპს „-----ს“ წილის საკუთრების უფლების გასხვისება. კერძოდ, შესაბამისი აქტივის ბენეფიციარ მესაკუთრედ ისევ ფ/პ ----- დარჩა, რამდენადაც იგი ფაქტობრივად აკონტროლებდა შპს „-----ს“, წარმოადგენდა მისი კაპიტალის 65%-ის მესაკუთრეს. საბოლოოდ, განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში, ფ/პ ------ს მიერ შპს „------ს" 65%-იანი წილის შპს „-----თვის“ მიყიდვით არ განხორციელებულა ფაქტობრივი მესაკუთრის ცვლილება, ვინაიდან ორივე კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენდა ფ/პ ------- და ოპერაციის განხორციელების შედეგად შპს „-----ს" არაპირდაპირ მესაკუთრედ კვლავ დარჩა აღნიშნული პირი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ გამოხატავდა იმ ნებას, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნებოდა არჩეული ოპერაციის ფორმის შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, კერძოდ, წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ფ/პ -------სა და შპს „------ს“ შორის გაფორმებული შპს „------ს“ წილის 65%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება შემოწმების მიერ არ იქნა მიღებული მხედველობაში, რამდენადაც ამ სამეურნეო ოპერაციას არ გააჩნდა რეალური ეკონომიკური გავლენა. ამრიგად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „-----ს“ მიერ ფ/პ ------თვის შპს „-----ს" წილის 65%-ის ნასყიდობის საფასურის გადახდა, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, განხილულ იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 23 აგვისტოს 13:00 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასაბუთებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რადგან მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა არ შეიცავს ნორმას, რომელიც შპს „------ს“ მიერ -----ის კუთვნილი წილის შეძენის გარიგებას აქცევდა გადასახადებისაგან თავის არიდების მცდელობად. აღნიშნავს, რომ შპს „------ს“ 65%-იანი წილის მესაკუთრე არის შპს „-----“, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც. მიუთითებს, რომ თუ შპს „-------“ შემდგომში გაასხვისებს აღნიშნულ წილს და ------- გადაწყვეტს ამ თანხის დივიდენდად მიღებას მოხდება აღნიშნული თანხის ორჯერ დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შპს „-----ს“ დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა -----მა, რომელიც ამასთანავე ფლობდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც, 2022 წლის 14 ნოემბერს გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა შპს „------ს“. ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ნასყიდობის თანხა 200 000 ლარი გადახდილი ჰქონდა საწარმოს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შპს „------ს“ დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ ამ თანხის მისთვის გადახდა. ორივე კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენდა ფ/პ ------, რომელიც ოპერაციის განხორციელების შემდეგაც კვლავ დარჩა შპს „-----ს" არაპირდაპირ მესაკუთრედ. შემოწმების მიერ, ვინაიდან, განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ იყო უშუალოდ მიმართული წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, აღნიშნული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისივე დამფუძნებლებისათვის შპს „------ს“ (ს/ნ ------) 65%-იანი წილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დივიდენდად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა საგადასახადო შემოწმების პოზიცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება წილის ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტით, მომჩივნის დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც ამასთანავე ფლობდა მეორე შპს -ს 75%-იან წილს და იყო ამავე კომპანიის დირექტორიც, 2022 წლის 14 ნოემბერს გაყიდა თავისი წილი და ამ წილის 65% მიჰყიდა მომჩივანს. ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ნასყიდობის თანხა 200 000 ლარი გადახდილი ჰქონდა საწარმოს. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული ინფორმაციით, მომჩივნის დამფუძნებელსა და დირექტორს საბანკო ანგარიშიდან პერიოდულად გაჰქონდა თანხა და ნოემბრის თვეში განხორციელდა წილის სანაცვლოდ ამ თანხის მისთვის გადახდა. ორივე კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენდა ერთი ფ/პ, რომელიც ოპერაციის განხორციელების შემდეგაც კვლავ დარჩა შპს -ს არაპირდაპირ მესაკუთრედ. შემოწმების მიერ, ვინაიდან, განსახილველი ოპერაციის ფარგლებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ იყო უშუალოდ მიმართული წილის ნასყიდობის შედეგად შესაბამისი აქტივის გასხვისებისკენ, აღნიშნული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ იქნა დივიდენდის გადახდად და შესაბამისად, მოგების განაწილებად. აქედან გამომდინარე, მოცემული თანხის გადახდამ საწარმოსთვის წარმოშვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი დივიდენდის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა საგადასახადო შემოწმების პოზიცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ"), 8(12), 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ").