ბრძანება N 12118
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12118
01.06.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს ,,--------’’ (ს/ნ ,,--------’’)
(მის.: ,,--------’’ )
2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა სს ,,------- ის ’’ (ს/ნ ,,--------’’) №27101/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-638 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უკუდაბეგვრის დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ საწარმო არის საბროკერო კომპანია, რომელსაც ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. კომპანია თავის ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის სტატუსით, კერძოდ, კომპანიის კლიენტი წერილობითი ხელშკრულებით ანიჭებს კომპანიას უფლებას, ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე აღრიცხოს რეესტრში და კლიენტის ინერესებისთვის/სასარგებლოდ ჩაებას მოცემულ ფასიან ქაღლდებთან დაკაშირებულ სხვადასხვა სახის ოპერაციებში. მიუთითებს, რომ სს ,,-------’’ წარმოადგენს კლიენტების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების მინდობილ მესაკუთრეს, კერძოდ იგი ახორციელებს მინდობილი საკუთრების მართვას თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. განმარტავს, რომ სს ,,------- -სა ’’ და არარეზიდენტ კომპანია ,,--------’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა ინგლისის უმაღლეს სასამართლო ორგანოში საჩივრის წარდგენის და ამ საჩივრის განხილვისას წარმომადგენლობის მომსახურებებს. მომსახურება უკავშირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრებას. აღნიშნული განჩინება კრძალავდა გადამხდელის და ასევე სხვა საბროკერო კომპანიის მიერ სს ,, ------’’ ჩვეულებრივი კლასის აქციების გასხვისებას ან ვალდებულებით დატვირთვას. მოცემული შეზღუდვის ქვეშ მოექცა ,,-------- - ის ’’ 218 კლიენტი, როლმებიც იმ დროისთვის საბროკერო ანგარიშებზე ფლობდნენ კუთვნილ სს ,,------ -ის ’’ აქციებს. აღნიშნული კლიენტების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა ე.წ. ,,მინორიტარ’’ აქციონერს, ხოლო 7 კლიენტის ანგარიშზე მოდიოდა აქციების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 90%. აცხადებს, რომ კომპანიამ იმავე მიზნით, იურიდიული მომსახურება 2019 წელს ასევე შეიძინა მეორე არარეზიდენტი კომპანიისგან. მოცემულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა არსებობს ინვოისი, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურება იგივე მიზნით იყო შეძენილი. მიუთითებს, რომ სასამართლო დავა, რომელთან დაკავშირებითაც გაფორმდა არარეზიდენტთან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, ეხებოდა გადამხდელის ნომინალურ მფლობელობაში არსებულ და არა მის საკუთრებაში არსებულ ფასიან ქაღალდებს. ამასთან, კლიენტების სახელით სასამართლო დავის წარმოების უფლებამოსილება საბროკერო კომპანიამ მიიღო წერილობითი უფლების საფუძველზე. კომპანიის კლიენტებმა განაცხადეს წერილობითი თანხმობა, აენაზღაურებინათ ყველა იურიდიული და პროფესიული ხარჯი, რასაც გასწევდა გადამხდელი სამართალწარმოების პროცესში, იმ პირობით, რომ მათ წარედგინებოდათ ხარჯებთან დაკავშირებული ინვოისი იმ აქციების რაოდენობის პროპორციულად, რომლებსაც საბროკერო კომპანია ფლობდა კლიენტების სახელით. მიუთითებს, რომ გადამხდელი ახდენს გაწეული მთლიანი ხარჯებიდან კლიენტის საკუთრებაში არსებული აქციების წილის პროპორციულად მისთვის ხარჯების მიკუთვნებას. ბუღალტრულადაც, კომპანიის მიერ არარეზიდენტი პირისთვის გადახდილი თანხები ტარდება ერთ ანგარიშზე, რომელიც შემდეგ გადაიხურება კლიენტების ანგარიშებზე. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების ანაზღაურება ფორმალურად ხდება გადამხდელის მიერ, შემდგომში აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა აქციების მესაკუთრეებს და საბოლოოდ ხარჯების ანაზღაურებას ახდენენ აქციების მესაკუთრეები, შესაბამისად სს ,,--------’’ წარმოადგენს მხოლოდ გამტარ კონპანიას, რომლის სახელითაც ხდება აქციათა მესაკუთრეების მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდა. გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის სს ,,N1- ის’’ მიერ გაცემული ამონაწერები, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში გადამხდელი ნომინალური მფლობელის სტატუსით ახორციელებდა კლიენტების კუთვნილი აქციების ფლობა-შენახვას და აღნიშნული აქციების რაოდენობა მთელი პერიოდის განმავლობაში იყო უცვლელი. გადამხდელს ასევე თანდართული აქვს საკუთარი ბენეფიციარული ანგარიშის ნულოვანი ამონაწერი, საიდანაც დასტურდება, რომ 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საბროკერო კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნდა არცერთი ცალი სს ,,----- -ის ’’ აქცია. აღნიშნულის დასადასტურებლად ასევე წარმოადგენს კომპანიის 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებს. ასევე, აქციების ნომინალური მფლობელის მიერ ხარჯების ამ ფორმით გაწევის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა. კერძოდ, კომპანიის 7 უმსხვილესი კლიენტიდან არცერთი არ წარმოადგენდა მეწარმე/იურიდიულ რეზიდენტ პირს, მათგან მხოლოდ 1 წარმოადგენდა რეზიდენტ ფიზიკურ პირს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხარჯის ამნაზღაურებელი იქნებოდა აქციის მესაკუთრე, გაწეული ხარჯები უკუდაბეგვრის წესით არ დაიბეგრებოდა, რადგან ფიზიკური პირი არ წარმოადგენს საგადასახადო აგენტს. თვლის, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის თანხების გადახდა არ შეიძლება განხილულ იქნეს საბროკერო კომპანიის მიერ საკუთარი მიზნებისთვის ხარჯის გაწევად. ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ივლისის №24554 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,,----- -ის ’’ (ს/ნ ,,--------’’) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 23 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32898 ბრძანება და ამავე თარიღის №006-638 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 118 114 ლარი, მათ შორის: გადასახადი 55 291 ლარი, ჯარიმა 27 646 ლარი, საურავი 35 177 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერით, საბუღალტრო პროგრამა „ორისით’’, ხელშეკრულებითა და ინვოისებით ფიქსირდება, რომ გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ საწარმოებს „--------’’ და ,,-------’’ უნაზღაურებს იურიდიულისაკონსულტაციო მომსახურების საფასურს, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრ ოპერაციებად. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადი კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად, უკუდაბეგვრის წესით დაებეგრა მიღებული მომსახურება. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის ,,დ.ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მაშინ დღგ-ის მიზნებისთვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ: საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო აგენტად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგის დარიცხვას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) დანართი №III-19 ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, კერძოდ, საგადასახადო აგენტი, რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს (შემდგომში – არარეზიდენტი) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას.
ამავე ინსტუქციის ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ კომპანიებს უნაზღაურებს იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების საფასურს, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელმა წარმოადგინა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით მომსახურების მიმღები (კლიენტი) არის სს „-------’’, ხოლო მომსახურების გამწევი არიან არარეზიდენტი კომპანიები „--------’’ და ,,-------’’. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, არარეზიდენტი საწარმოების მიერ სს „----- -ზე ’’ გამოწერილია ინვოისები, ხოლო სს „------ -ის " მიერ არარეზიდენტებზე ფიქსირდება თანხების გადარიცხვა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არარეზიდენტ იურიდიულ პირებთან იურიდიული-საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მომსახურების მიმღებს წარმოადგენს სს ,,---------’’, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, მიღებული მომსახურების დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით დაბეგვრა მართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ,,----- -ის ’’ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება უკუდაბეგვრის დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს.
ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ საწარმოებს უნაზღაურებს იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების საფასურს, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრ ოპერაციებად. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადი კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად, უკუდაბეგვრის წესით დაებეგრა მიღებული მომსახურება.
საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160 ("ა"),161(1 "ა"), ,166 (1 "დ",დ.ბ"),176(1 "ა" )
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მუხლი :65 (1"ა")