გადაწყვეტილება №19053/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 19053/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19053/2/2023

24.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 6.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19053/2/2023).

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.12.2021

წლის №14639/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №081-8 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 299 820 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 145 775

დღგ - 5 303

მოგების გადასახადი - 111 240

საშემოსავლო გადასახადი - 29 232

ჯარიმა - 73 926

საურავი - 80 119

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა გზებისა და ავტობანების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2021 წლის №8268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია პერიოდების მიხედვით ჯამურად ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ და ახსნა-განმარტებები (1.03.2021 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება შეადგენს 20 972 ლარს, კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 618 000 ლარს). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ სალაროს მოძრაობა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარდგენილ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომლის რეალურად არსებობის ფაქტი საწარმოში არ დასტურდება, აგრეთვე საწარმოს არ გააჩნია ოფისი.

შემოწმების მიერ გაანგარიშებული პერიოდების ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთი (გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით) ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გაცემული უპროცენტო სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, უპროცენტო სესხზე გამოანგარიშებული სარგებლის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2021 წლის №081-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.09.2021 წლის №29282 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 17.12.2021 წლის №14639/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გააანალიზოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 17.12.2021 წლის №14639/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დამატებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №081-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნითა და ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №1929 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა. მიზეზი კი ხარჯების გაწევის პერიოდი გახდა. ხარჯები გაწეულია 1.03.2021 წლიდან. შესამოწმებელი პერიოდი კი 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდს მოიცავდა. თუმცა, სწორედ ამ არგუმენტს არ ეთანხმებოდა მომჩივანი და მოითხოვდა საწარმოს სპეციფიკურობისა და სამუშაოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებას. დავების განხილვის საბჭომაც აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. მომჩივანი მიუთითებს, რომ უნდა მოხდეს მინიმუმ იმ ხარჯების ჩათვლა რაც გონივრულობის ფარგლებშია ქვემოთ მოცემული არგუმენტების გათვალისწინებით:

1) შემმოწმებლებმა გამოიყენეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რაც არაპირდაპირი მეთოდით ადგენს დასაბეგრ ობიექტს, მათი მტკიცებით კომპანია საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, ამასთან თითქოს არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა არ დააკონკრეტა თუ რატომ გამოიყენა შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდი. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, მათ მოეთხოვათ რაიმე დოკუმენტი და კომპანიას არ მიეწოდებინა. არგუმენტად მიუთითებენ, რომ კომპანიას არ ჰქონდა ოფისი, რაც არასწორია, უბრალოდ იქ სადაც კომპანიას ოფისი აქვს კომუნიკაციების სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც გამო შეზღუდულად იყენებდა აღნიშნულ ოფისს. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში კონკრეტულად არის მითითებული, რომ მომჩივანი საქმიანობას აწარმოებდა სხვა რეგიონში, რომელიც ასეული კილომეტრებითა არის დაშორებული ოფისიდან და კონკრეტულად არის აღწერილი კომპანიის სამუშაოები მისი სპეციფიკურობის გათვალისწინებით.

2) შემმოწმებლებს ასევე ფულის ნაშთთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიას გააჩნდა, კომპანიამ წარუდგინა წერილობითი განმარტება, რომ ფული ადგილზე ჰქონდა, თუმცა მათ სალაროს ინვენტარიზაცია (ფულის დათვლა) არ ჩაუტარებიათ. შემოწმების პროცესში ამ ფულის დიდი ნაწილი კი გამოყენებული იქნა მიმდინარე საგზაო სამუშაოებისთვის, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტები თან დაურთო შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს, თუმცა შემმოწმებლებმა, სავარაუდოდ, ეს დოკუმენტები არ ჩათვალეს მტკიცებულებად და ეს თანხები განიხილეს საწარმოს მიერ გაცემულ სესხად და ძირითად დარიცხულ თანხასთან ერთად საწარმო დაჯარიმდა კიდეც, რაც აბსურდს წარმოადგენს. ანუ რა გამოდის? ფული ისესხა დამფუძნებელმა, შემდეგ კი გადმოასესხა და ხარჯი გასწია? სწორედ ეს არის აბსურდი.

თუ შემმოწმებლები გამოიყენებდნენ გონივრულ ვადებს (საქმიანობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით) ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, ასევე ჩაატარებდნენ სალაროს შემოწმებას, შესაძლოა ყოფილიყო დანაკლისი, მაგრამ არა ამ ოდენობისა. კომპანიამ ყველა შესყიდვის დოკუმენტი დაურთო საჩივარს, მათ რომ საფუძვლიანად მოეხდინათ საჩივრის განხილვა, ბუნებრივია იქნებოდა დამატებითი დარიცხვა, მაგრამ არა ამ ოდენობის. თუ ეს დავა დროზე არ დასრულდება, კომპანია, ფაქტობრივად, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2 წელია მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან ამ შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, წარმოეშვა გირავნობა/იპოთეკა.

შემოწმების დროს სალაროს მოძრაობა გაიანგარიშეს არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ და შემოსავლების სამსახურში არსებული ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდი სწორად არ ასახავს კომპანიის სალაროს მოძრაობას, მისი სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე, კერძოდ:

1) შემოწმების დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაუკავშირდნენ მომჩივანს შემმოწმებლები და მოითხოვეს წერილობით ეცნობებინა კომპანიის სალაროში ფულადი ნაშთების შესახებ. მომჩივანმა აცნობა, რომ საზოგადოების სალაროში იმ დროისთვის იყო 150 000 აშშ დოლარი და 120 000 ლარამდე ნაღდი ფული, ამ თანხებში მოიაზრებდა იმ ფულსაც, რომელიც ანგარიშვალდებულ პირებთან იყო.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიიღო მონაწილეობა, რომელთა საერთო ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენდა, კომპანიამ კი ეს ტენდერები 4 200 000 ლარად მოიგო. მთელი ამ ხნის განმავლობაში იზრდებოდა ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, ლარის კურსის ზრდა იწვევდა საწვავის, არმატურის და სხვა რკინის ნაკეთობათა ფასების ზრდას, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო კომპანიის მიერ გამოყენებულ მასალებში. გარდა ამისა, რკინის ფასი აშშ დოლარშიც მკვეთრად იზრდებოდა, მაგალითად 2018 წელს არმატურა თუ ღირდა 500 აშშ დოლარი, დღეს მისი ფასი 1000 აშშ დოლარამდეა. თუ გავითვალისწინებთ ლარის გაუფასურების მზარდ ტემპებს (განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში) არ არის გასაკვირი სალაროში 150 000 აშშ დოლარის არსებობა, რომ არა კომპანიის მიერ გატარებული ეს პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებდა ინფლაციით გამოწვეულ გაზრდილ ხარჯებს, ვერც ერთი პროექტი ვერ დასრულდებოდა. მიუხედავად მზარდი ინფლაციისა, კომპანია, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

2) რაც შეეხება ლარის ნაშთებს სალაროში (120 000 ლარი), მომჩივანი ეწევა გზების მშენებლობას ყველაზე რთულ რეგიონში, სადაც ნაკლებად არის საბანკო ინფრასტრუქტურა განვითარებული,განსაკუთრებით კი სოფლებში, სადაც გზები შენდებოდა, თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა, როგორც ფარული სამუშაოებისთვის, ასევე მშენებლობაზე მომუშავე მძიმე ტექნიკის აღსადგენად, რაც მოითხოვდა ნაღდი ფული საჭიროებას იმ უბნებზე, სადაც მიმდინარეობდა გზების მშენებლობა, შესაბამისად თანხები სულ სალაროში კი არ ირიცხებოდა, არამედ გადანაწილებული ჰქონდათ უბნებზე პასუხისმგებელ პირებს, რაც კანონით არ არის აკრძალული.

ბაგრატიონის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც მომჩივანს ოფისი აქვს, მიმდინარეობდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც მოძრაობა შეჩერებული იყო, ვინაიდან კომპანიას მუშაობა უხდებოდა ოფისიდან ძალიან შორს, შესაბამისად ადმინისტრაცია საველე მდგომარეობაში იქ ვერ იმუშავებდა, რის გამოც, ოპერატიული აღრიცხვისთვის შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია (სალაროს შემოსავალ-გასავლის) არ იწერებოდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელს ჰქონდა შესაბამისი ჩანაწერები, რომლითაც მისთვის ცნობილი იყო თუ რა თანხას განკარგავდა ანგარიშვალდებული პირი. თანხები, რომ ანგარიშვალდებულ პირებთან იყო და არა მუდმივად ერთ პირთან დასტურდება საბანკო ჩანაწერებითაც, ანუ თანხა მუდმივად მოძრაობდა და მიმართული იყო საჭიროების მიხედვით, შესაბამისად ნაშთები მუდმივად იცვლებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად არასწორად მიაჩნია შემმოწმებლების მიერ თანხების განხილვა სესხად და მასზე მოგების გადასახადის დარიცხვა, შემოწმების პროცესში შემმოწმებლებს, საველე მდგომარეობაში ჩანაწერების შესაბამისად აცნობა კომპანიამ იმ თანხის ოდენობა, რაც უნდა ჰქონოდა სალაროში, შესაბამისად ელოდებოდა სალაროს ინვენტარიზაციას, თუმცა შემმოწმებლებმა ინვენტარიზაცია არ ჩაატარეს. შემმოწმებლების მოთხოვნის შესაბამისად მომჩივანს შეეძლო ამ თანხების სრულად შეტანა საბანკო ანგარიშებზეც, მაგრამ ვინაიდან ელოდებოდა სალაროს ინვენტარიზაციას, ეს არ გაუკეთებია, თუმცა, როდესაც თანხის გადარიცხვა იყო საჭირო, შესაბამის თანხას აბრუნებდა სალაროდან საბანკო ანგარიშზე. ამავდროულად ხარჯების გაწევა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებითაც სალაროდან, ვინაიდან საზოგადოება ასრულებდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

1.08.2021 წლამდე საზოგადოებამ საბანკო ანგარიშებზე მიიღო 325 196 ლარის შემოსავალი, მას დაემატა სალაროს ნაშთი 618 000 ლარი ანუ სულ ფულადი სახსრების სახით საზოგადოების განკარგულებაში 1.03.2021 წლიდან 1.08.2021 წლამდე ჰქონდა 943 196 ლარი. გადარიცხულია ბანკიდან მიმდინარე ხარჯებისთვის 246 500 ლარი, 1.08.2021 წელს ნაშთად ბანკში ირიცხებოდა 900 ლარი. ამავე პერიოდში შეძენილია ნაღდი ანგარიშსწორებით სხვადასხვა აქტივები, მასალები, ასევე გაცემულია ანგარიშვალდებულ პირებზე მომსახურებისთვის და იმპორტის განსახორციელებლად 627 920 ლარი, ანუ ჯამურად, შესაბამის პერიოდში გაწეულია ხარჯი 874 420 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფულადი სახსრები იყო საზოგადოების განკარგულებაში და არა ფიზიკურ პირ „-------“-თან სესხად, როგორც ეს შემმოწმებლებმა ჩათვალეს.

საგადასახადო კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში მომჩივანმა ასახოს ეს, როგორც სესხის დაბრუნება, მაგრამ საზოგადოებას ტვირთად დააწვება დაუმსახურებელი საგადსახადო ჯარიმა, საურავი და სესხზე დარიცხული სარგებელი საშემოსავლო გადასახადის სახით.

საჩივართან ერთად წარმოადგენს 1.03.2021 წლიდან 1.08.2021 წლამდე საბანკო ამონაწერებს და გაწეულ ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით დარიცხული თანხების კორექტირება იმ ფარგლებში რა დოკუმენტებიც არის წარმოდგენილი და რასაც მისაღებად ჩათვლის აუდიტის დეპარტამენტი.

ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ წინა პერიოდებში არ ჰქონია საწარმოს საგადასახადო დავალიანება და პატიოსნად იხდიდა კუთვნილ გადასახადს. გამოყენებულ უნდა იქნეს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისგან.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება, ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.,საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს 17.12.2021 წლის №14639/2/2021 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გააანალიზოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის სხვადასხვა პირებისგან საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის და შესაბამისად, თანხის გადახდის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. წარდგენილი მტკიცებულებები არ მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს და მიეკუთვნება 1.03.2021 წლის შემდგომ საანგარიშო პერიოდებს. დოკუმენტების მიხედვით, ნაღდი ფულის მეშვეობით ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა 1.03.2021 წლის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილია მტკიცებულებები, რომელიც ეხება 1.03.2021 წლის შემდეგ პერიოდს, ხოლო მტკიცებულებები, რომლითაც განისაზღვრება შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული მონაცემები შესამოწმებელ პერიოდზე, წარდგენილი არ არის.

საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 17.12.2021 წლის №14639/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად.

მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 17.12.2021 წლის №14639/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1.გადამხდელს არასწორად მიაჩნია შემმოწმებლების მიერ თანხების განხილვა სესხად და მასზე მოგების გადასახადის დარიცხვა.

2.მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელის მიერ წარდგენილ და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთი მთელ შესამოწმებელ პერიოდში, რომლის რეალურად არსებობის ფაქტი საწარმოში არ დასტურდება, აგრეთვე საწარმოს არ გააჩნია ოფისი.

შემოწმების მიერ გაანგარიშებული პერიოდების ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთი (გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით) ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გაცემული უპროცენტო სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, უპროცენტო სესხზე გამოანგარიშებული სარგებლის თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და მიიჩნევს,რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

982 (მე-3 ნაწილის „ზ“),101(პირველი ნაწილი) ,154(პირველი ნაწილის „ა“)