ბრძანება N 3818

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2026
№ დოკუმენტი 3818
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 3818

19 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 5 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №100569/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №021-132 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2026 წლის 5 თებერვლის №2026/021-132/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მას კანონით დადგენილ ვადაში აქვს გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №25770 ბრძანება და შემოწმების აქტი. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას, ბრძანებას და შემოწმების აქტს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულ პორტალზე გაეცნო 2025 წლის 14 დეკემბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2026 წლის 12 იანვარს (საჩივარი №99904/1/2026), დაზუსტებული საჩივარი გამოაგზავნა 2026 წლის 4 თებერვალს (საჩივარი №100558/1/2026).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 28 576.5 ლარი, ჯარიმა 36 649.77 ლარი, საურავი 9 364.10 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენდა 0.59 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ი/მ ------- (ს/ნ --------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2026 წლის 2 თებერვლის №021-132 ბრძანება, რომელსაც გაეცნო 2026 წლის 3 თებერვალს. ამასთან, შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2026 წლის 5 თებერვლის №2026/021-132/1 აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ი/მ ------- (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები (მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 2026 წლის 5 თებერვალს).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 28 576.5 ლარი, ჯარიმა 36 649.77 ლარი, საურავი 9 521.27 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 0.59 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ამავე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 12 იანვრის №99904/1/2026 და 4 თებერვლის №100558/1/2026 საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ნოემბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 თებერვლის №2402 ბრძანებით დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შემოსავლების სამსახური, ასევე, ყურადღებას ამახვილებს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის N13446 ბრძანების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაჰბარდა გადასახადის გადამხდელს: თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 2026 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. ამასთან, შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241