ბრძანება N 11287

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 22.05.2023
№ დოკუმენტი 11287
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 11287

22.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

ყოფილი დირექტორის ---------- (ს/ნ ----------)

(მის: ----------, ----------)

2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე (ოქმი №45) იმსჯელა შპს „----------“ (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 დეკემბრის №238756/21 საჩივარზე, რომლითაც არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 06 ოქტომბრის N040-13 „საგადასახადო მოთხოვნას“.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 100 000 ლარზე მეტით შემცირება მიიჩნევა გადასახადისგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16633 და 5 აგვისტოს №21015 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. ამასთან, ---------- (ს/ნ ----------) საწარმოს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ 2022 წლის 28 სექტემბერს შედგენილი შემოწმების აქტით ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განსაზღვრული გადასახადის თანხა შეადგენს 2020 წლის 3 დეკემბრიდან 2021 წლის 2 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში 33 349 ლარს, 2021 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 3 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში 45 796 ლარს და ამავე პერიოდში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი შეადგენს 27 305 ლარს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია შპს „----------“ (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის მიერ და არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან სადავო საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 დეკემბრის №238756/21 საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,გ” პუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი არ ეთანხმება საწარმოს ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნას“.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16633 და 5 აგვისტოს №21015 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია ორგანიზაციის ყოფილი დირექტორის მიერ და არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან სადავო საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 37(1); 275(4); 301(გ); 304