გადაწყვეტილება №19881/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19881/2/2023
04 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19881/2/2023).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან
მალულად შემოტანა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.03.2023 წლის №EL202853 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10720 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 7 437,35 ლარი.
ფაქტების აღწერა
29.12.2022 წელს საფოსტო გადამზიდავის – შპს „---------“ მიერ (ს/ნ ---------) განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი №------------- საფოსტო გზავნილის (საერთო წონა – 25 კგ, ღირებულებით 435 პოლონური ზლოტი) ზოგადი დეკლარირება, დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
24.02.2023 წლის განცხადებით შპს ------------ საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (კვების არომატიზატორები, სასაქონლო კოდი – 2106) ღირებულება არასწორად ჰქონდა მითითებული (ნაცვლად 435 პოლონური ზლოტისა, უნდა მიეთითებინა 2 279.02 გირვანქა სტერლინგი), წარმოადგინა №------------ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) და მის საფუძველზე მოითხოვა საქონლის დეკლარირება.
ვინაიდან მომჩივნის კუთვნილ №----------- საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელზე არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული ვალდებულებები და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანას, 14.03.2023 წელს შედგენილ იქნა №EL202853 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით – 7 437.35 ლარი (საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ის წარდგენის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლით კურსზე გადაანგარიშებით). ასევე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის გათვალისწინებით, იმავე დღეს გამოცემულ იქნა საგადასახადო მოთხოვნა №EL11114/23, რომლითაც დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი – სულ 2 430.03 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეპარტამენტის 14.03.2023 წელს №EL202853 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2023 წლის №10720 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილზე და მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 213- ე მუხლის მე-9 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
დადგენილია, რომ 29.12.2022 წელს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილის (საერთო წონა – 25 კგ, ღირებულებით 435 პოლონური ზლოტი) ზოგადი დეკლარირება დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ით.
დადგენილია ასევე, რომ 24.02.2023 წელს განცხადებით მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ ზემოაღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (კვების არომატიზატორები, სასაქონლო კოდი – 2106) ღირებულება არასწორად ჰქონდა მითითებული (ნაცვლად 435 პოლონური ზლოტისა, უნდა მიეთითებინა 2 279.02 გირვანქა სტერლინგი), წარმოადგინა №---------- საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) და მის საფუძველზე მოითხოვა საქონლის დეკლარირება.
შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილების გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
30.12.2022 წელს პოლონეთიდან (მომწოდებელი -------------) მიიღო 25 კილოგრამი კვების არომატიზატორი (სეს ესნ 3302 10900). საქონლის მიწოდების პირობა იყო DAP. მოცემული ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა საფოსტო გზავნილით (DHL EXPRESS - ის მეშვეობით, Waybill Number ---------). ტვირთის თანმხლებ ინვოისში, რომელიც მომწოდებლის მიერ გამოიწერა პოლონურ ზლოტებში (იხ. დანართი), ერთი კილოგრამის ღირებულება მითითებულია 435 პოლონური ზლოტი. ამასთან ჯამური 25 კილოგრამის ღირებულებაც, მომწოდებელის ტექნიკური ხასიათის შეცდომით, მითითებულია - 435 პოლონური ზლოტი (435X25=435), ნაცვლად 10 875 ზლოტისა.
შესაბამისად, ზემოთ ხსენებული ტექნიკური შეცდომის გამო, იმპორტის პროცედურების განხორციელებისას, არასწორად მოხდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა (435 პოლონური ზლოტი ნაკლებია 300 ლარზე). ხარვეზის აღმოჩენა მოხდა მას შემდეგ, რაც საქონელი მივიდა კომპანიის მისამართზე და გაიარა შესაბამისი სასაწყობე-სამეურნეო პროცედურები, მათ შორის საწყობის/წარმოების ნაშთის დოკუმენტურად აღწერადადასტურების პროცედურები.
როგორც კი ზემოთ განხილული ფაქტი აღმოჩენილ იქნა, დაუყოვნებლივ ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს. მიუხედავად იმისა, რომ მოიქცა ისე როგორც შეეფერება კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 14.03.2023 წელს წარუდგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი (სერია №----------), რის მიხედვითაც დაეკისრა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილით, 7 437.35 ლარის ოდენობით.
გაასაჩივრა აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ითხოვა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით დაკისრებული ჯარიმის მოხსნა, თუმცა შემოსავლების სამსახურმა 15.05.2023 წლის №10720 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, საბაჟო კოდექსში თუ რატომ არსებობს 168-ე მუხლით დადგენილი სანქციები. ძირითადი მიზეზი არის პრევენცია, რომ არაკეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდეს ცდუნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, შემოიტანოს ან გაიტანოს საქონელი.
აღნიშნული გარემოება თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო დამდგარიყო აღნიშნულ შემთხვევაში შემდეგ მიზეზთა გამო შპს ---------- წარმოადგენს საერთაშრისო მასშტაბის პურფუნთშეულის ქარხანას, რომელიც საკუთარი წარმოების პროდუქციით ამარაგებს მაკდონალდსის საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედ რესტორნებს არამხოლოდ საქართველოში.
საერთაშორისო ავტორიტეტთან ერთად, კომპანიას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი და 7 437.35 ლარის სატარიფო ღირებულების (რასაც შემდგომ ერიცხება იმპორტის გადასახდელები) პროდუქციის გამო, თეორიულადაც კი წარმოუდგენელია დაშვება, რომ წინასწარი შეცნობით თავი აერიდებინა საბაჟო პროცედურებისათვის.
შპს ----------- მას შემდეგ რაც შეიტყო ფაქტების აღწერილობით ნაწილში მოცემული გარემოებების შესახებ, უმოკლეს ვადაში აცნობა ეს ფაქტი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს. აღნიშნული ქმედება, არაკეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელისთვის, რომელიც მოქმედებს წინასწარი შეცნობით, ლოგიკას მოკლებულია.
შპს ----------- წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელ პირს, შესაბამისად აღნიშნული გზავნილიდან წარმოშობილი საბაჟო დღგ-ის (სხვა გადასახადები არც წარმოშობილა საბაჟო დეკლარაციით) სრულად ჩაითვლიდა იმავე საანგარიშგებო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. ამასთან, გზავნილის მიღების მომენტში გადასახადის გადამხდელის ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტობა 60 000 ლარზე მეტი ოდენობით და აქედან გამომდინარე, საბაჟო დღგ-ის გადახდის ვალდებულება არც კი დადგებოდა. შესაბამისად, თეორიულადაც კი შეუძლებელია კომპანიას მიზნად ჰქონოდა გადასახადებისგან თავის არიდება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვია ტექნიკურმა შეცდომამ.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია, რომ თითქოსდა ვერ უთითებდა ფაქტობრივ გარემოებებს, რის მიხედვითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში - სიმართლეს არ შეესაბამება. მომჩივნის მიერ მოყვანილი არგუმენტაციიდან აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას და არა გამიზნულ სამართალდარღვევას.
ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან ნათლად ჩანს, რომ მიზანი არ იყო საბაჟო კონტოლის გვერდის ავლით საქონლის შემოტანა ან/და გადასახადების დამალვა. აქედან გამომდინარე, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით, რომლის თანახმადაც საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით (ე.წ. „Good Faith“ პრინციპი) და სრულად მოეხსნას საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმა, 7 437.35 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდავის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით:
ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1 (დანართი №8-VIII-01);
ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2 (დანართი №8-VIII-02);
გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა №3 (დანართი №88-VIII-03).
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ს ავსებს გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას. მე-4 პუნქტის მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დაადასტურა საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ამასთან საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულების არასწორად მითითების თაობაზე ცნობილი გახდა მომჩივნის განცხადებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს 14.03.2023 წლის №EL202853 საბაჟო სამართალდარვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 14.03.2023 წლის №EL202853 საბაჟო სამართალდარვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (კვების არომატიზატორები, სასაქონლო კოდი – 2106) ღირებულება არასწორად ჰქონდა მითითებული (ნაცვლად 435 პოლონური ზლოტისა, უნდა მიეთითებინა 2 279.02 გირვანქა სტერლინგი).ვინაიდან მომჩივნის კუთვნილ საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელზე არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული ვალდებულებები და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანას, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი,რომლის შედეგად მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;13(2);163(11);168(1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 29-ე მუხლი