ბრძანება N 2928
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2928
17.02.2023
"----------" (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 20 და 25 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა "----------"-ს (პ/ნ ----------) №9599/21-11 და 12901/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №EL195337 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №"----------" ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მალულად შემოტანის განზრახვა არ ჰქონია. ოჯახური პირობების გამო 15 წელია სამუშაოდ იმყოფება საზრვარგარეთ. ქალიშვილის გაბედნიერების გამო ჩამოფრინდა საქართველოში, რა დროსაც თან ჰქონდა ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის ერთი ნაწილი იყო ნაჩუქარი, ხოლო მეორე - მისი შეძენილი. თვითმფრინავში გახდა შეუძლოდ, რის გამოც სხეულიდან მოიხსნა ოქროს ნაკეთობები და შეინახა პარკში. აეროპორტში, მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე ჰქონდა თუ არა დასადეკლარირებელი ოქროს ნივთები, უპასუხა, რომ არ ჰქონდა, რადგან ჰქონდა მხოლოდ მის მიერ შეძენილი და ნაჩუქარი ოქროს ნაკეთობები. ზეპირი გამოკითხვის დროსაც იყო შეუძლოდ, რა დროსაც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 23 დეკემბერს "----------"-ს საერთაშორისო აეროპორტში, რეისით "----------", ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე "----------" (პ/ნ ----------).
მებაჟე-ოფიცრის შეკითხვაზე გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთებს, მათ შორის ძვირფასეულობას, მოქალაქემ განაცხადა, რომ ჰქონდა მხოლოდ ის ნივთები, რაც სხეულზე ეკეთა.
მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ფიზიკური პირი "----------" გადამისამართდა ხელბარგის სკანერზე, სადაც გარკვეული დროის დაყოვნების შემდგომ რენტგენული ინსპექტირების აპარატით შემოწმებამდე ხელჩანთიდან ამოიღო გაურკვეველი შეფუთვა და მოათავსა ქურთუკის ჯიბეში, რაც დაფიქსირებულია არსებულ სივრცეში დამონტაჟებული საბაჟო ორგანოს კუთვნილი სტაციონარული კამერით. იქედან გამომდინარე, რომ "----------"-ს საეჭვო ქცევა შენიშნა მებაჟე-ოფიცერმა, გაჩნდა ეჭვი, ხომ არ ჰქონდა მგზავრს მცდელობა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი. შესაბამისად, მგზავრს კვლავ დაესვა კითხვა ოქროს ნივთების არსებობაზე, რაზეც კიდევ ერთხელ უპასუხა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ იმ ოქროს ნივთებს, რაც სხეულზე ეკეთა.
დეტალური დათვალიერების მიზნით, მოქალაქე გადამისამართდა დეკლარირების ოთახში, სადაც საბაჟო ფორმალობების მსვლელობისას, თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე "----------"-მა ჯიბიდან ამოიღო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჰქონდა მოთავსებული, სავარაუდოდ, ოქროს ნივთები.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენისა და სანქციის შეფარდების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს №"----------" ექსპერტიზის დასკვნით, ოქროს ნივთების საერთო მოცულობამ შეადგინა 88,93 გრამი ხოლო საბაჟო ღირებულებამ - 8 660,16 ლარი.
ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება საგადასახადო შეღავათის ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ რაოდენობას, საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა №EL195337 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "----------"-ს (პ/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 8 660,16 ლარი.
სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69401080343 ოქმი. არადეკლარირებული საქონელი დაილუქა საბაჟო ლუქით №"----------" და ინახება საბაჟო კონტროლის ზონაში.
"----------"-ს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, განეცხადებინა მის ხელთ არსებული ოქროს ნივთების შესახებ, თუმცა იგი ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ გადააადგილებდა მხოლოდ იმ ნივთებს, რაც ეკეთა სხეულზე. ასევე, ინტერვიუს დროს, მგზავრისთვის დასმული კითხვის ფორმულირება იყო შემდეგი, ზოგადად გადააადგილებდა თუ არა ოქროს და ვერცხლის ნივთებს, მათ შორის ბარგით, ან ჯიბით. ასევე საფუძველს არის მოკლებული საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები, რომ თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ახსოვს, რას ამბობდა და რას ეკითხებოდნენ, რადგან დათვალიერების პროცესის მსვლელობისას, იგი ადეკვატურად რეაგირებდა. რაც შეეხება მგზავრისთვის მისი კუთვნილი ნივთების ჩამორთმევას, აღნიშნული ნივთები ინახება საბაჟო კონტროლის ზონაში სანქციის უზრუნველყოფის მიზნით.
როგორც ინტერვიუს დროს დაფიქსირებული პასუხები, ასევე მგზავრის მიერ ხელბარგის სკანერის ოთახში განხორციელებული ქმედება ნათლად მიუთითებს, რომ მგზავრს წინასწარ განზრახული ჰქონდა საბაჟო კონტროლისთვის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ოქროს ნივთების შემოტანის და ეს არ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გაუაზრებელი მოქმედება, რაც დასტურდება როგორც სამხრე, ასევე სტაციონარული კამერების ჩანაწერებით.
საბაჟო პროცედურების მიმდინარეობისას, მგზავრმა ნამდვილად ითხოვა სამედიცინო დახმარება, რომელიც მას ადგილზე აღმოუჩინა "----------" საერთაშორისო აეროპორტის სამედიცინო პუნქტის კვალიფიციურმა მედპერსონალმა და შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობა არ დამდგარა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2), პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესამამისად საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია გამოყენებული იქნეს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 8 660,16 ლარის ღირებულების 88,93 გრამი ოქროს ნივთების საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. აღნისნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69401080343 ოქმი, რომელიც შედგა სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე, ასევე შეესაბამება კანონმდებლობას.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და ამავე ვადაში იმპორტის გადასახდელისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "----------"-ს (პ/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დეკლარირების გარეშე გადაადგილებული საქონელი მოაქციოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში და ამავე ვადაში გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი და შესაბამისი საფასური;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 23 დეკემბრის №EL195337 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.