ბრძანება N 21920
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21920
08 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“ (ს/ნ "-------" )
(ფაქტ.მის.: "-------" )
2023 წლის 25 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „-------- - ის “ (ს/ნ "-------") 2023 წლის 25 აგვისტოს №83267/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №002-173 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია არასრულად, კერძოდ, დღგ შემცირებულია მხოლოდ 14 457 ლარით. მომჩივანი ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივლისის №17716 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- - ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომერციულ ფართსა და ავტოსადგომებთან მიმართებით, 2020 წლის ნოებრის თვის ფაქტობრივად გადაცემის თარიღად მიჩნევის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივლისის №17716 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 26 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 21 686 ლარით, მათ შორის, გადასახადი 14 457 ლარით და ჯარიმა 7 229 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №002-173 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე "--------"-მ (პ/ნ "--------" ) შპს „------- - ის “ სასარგებლოდ აღნაგობის უფლებით დატვირთა "-------"-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (500 მ 2 ), ხოლო თავის მხრივ, შპს „-------- - მა “ აიღო ვალდებულება, აღნაგობის საგანზე აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და აშენებულ საცხოვრებელ სახლში "-------" გადაეცა ექსპლუატაციაში მიღებული 472.3 მ 2 ფართი (მათ შორის, 7 ბინა, 1 კომერციული ფართი და 5 ავტოსადგომი) შავი კარკასის მდგომარეობაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გაცვლის და აღნაგობის ხელშეკრულება გაუქმდა 2022 წლის 31 ოქტომბერს. ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფართების ფაქტობრივად გადაცემის თარიღების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „------- - ის “ მიერ აშენებულ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ელექტროენერგიის ქსელთან აბონენტთა მიერთება-რეგისტრაცია და ცენტრალურ მიწისქვეშა გაზსადენზე მიერთება განხორციელდა 2020 წლის თებერვალში, ამასთან, "-------" -ის სახელზე გამოწერილია სამშენებლო მასალების და ავეჯის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები 2020 წლის ნოემბრის თვიდან, რომელთა მიხედვით ტრანსპორტირების დასრულების ადგილია"-------". ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით "-------"-თვის ფართების გადაცემის ფაქტობრივ თარიღად მიჩნეულ იქნა 2020 წლის ნოემბერი და მომსახურების თანხა საბაზრო ფასით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, კომერციულ ფართსა და ავტოსადგომებთან მიმართებით, 2020 წლის ნოებრის თვის ფაქტობრივად გადაცემის თარიღად მიჩნევის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება. აღნიშნულის შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა სულ 21 686 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 457 ლარი და ჯარიმა 7 229 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები, კერძოდ, კომერციულ ფართსა და ავტოსადგომებთან მიმართებით, 2020 წლის ნოემბრის თვის ფაქტობრივად გადაცემის თარიღად მიჩნევის საფუძვლით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 21 686 ლარის ოდენობით.
გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა "-------"-თვის მხოლოდ კომერციულ ფართსა და ავტოსადგომებთან მიმართებით ფაქტობრივად გადაცემის თარიღად მიჩნევის საფუძვლით დარიცხული თანხები, ამასთან, შემცირებას არ დაექვემდებარა გადაცემული საცხოვრებელი ფართების საფუძვლით დარიცხული დღგ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
მომჩივანი ითხოვს დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აღნაგობის ხელშეკრულების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მომჩივანის სასარგებლოდ აღნაგობის უფლებით დატვირთა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (500 მ 2 ), ხოლო თავის მხრივ,მომჩივანმა აიღო ვალდებულება, აღნაგობის საგანზე აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და აშენებულ საცხოვრებელ სახლში გადაეცა ექსპლუატაციაში მიღებული 472.3 მ 2 ფართი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გაცვლის და აღნაგობის ხელშეკრულება გაუქმდა 2022 წლის 31 ოქტომბერს. ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფართების ფაქტობრივად გადაცემის თარიღების შესახებ. ფართების გადაცემის ფაქტობრივ თარიღად მიჩნეულ იქნა 2020 წლის ნოემბერი და მომსახურების თანხა საბაზრო ფასით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),304(21 ),