გადაწყვეტილება №24474/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24474/2/2024
14 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 19.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24474/2/2024).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2024 წლის №007-234 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 27.11.2024 წლის №24903 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
4.10.2023 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა - 171 347,35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 112 993
დღგ - 3 154
საშემოსავლო გადასახადი - 109 839
ჯარიმა - 56 357
საურავი - 1 997,35
დარიცხული თანხა:
23.09.2024 წლის №007-234 საგადასახადო მოთხოვნა - 171 257,59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 101 096
დღგ - 3 154
საშემოსავლო გადასახადი - 97 942
ჯარიმა - 50 408
საურავი - 19 753,59
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით (უმეტესად კარაქით), გაყინული ხორცითა და თევზით საბითუმო ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2023 წლის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30622 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.02.2024 წლის №21720/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30622 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 22.02.2024 წლის №21720/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 11.06.2024 წლის №13706 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.09.2024 წლის №007-234 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.11.2024 წლის №24903 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 და 27.11.2024 წლის №24903 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია რეგისტრირებულია 8.01.2019 წლიდან. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 3.04.2023 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების №9 დანართის შესაბამისად. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადასახადის გადამხდელს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული გვერდის მეშვეობით ელექტრონულად გაეცნო 11.06.2024 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 1.07.2024 წელი. ხოლო, საჩივარი (№24474/2/2024) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 19.12.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მ.შ. დავის წარმოების პროცესში წარდგენილი. დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა:
1. შპს N1-ის(ს/ნ „--------“ ) 2020 წლის 27 თებერვალს გადახდილი 45 600 ლარი, უკვე მონაწილეობდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია უსაფუძვლოა;
2. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში სულ ჩარიცხული აქვს 229 441,21 ლარი, მ.შ. ბანკიდან გადარიცხულია 219 719,21 ლარი. ხოლო სალაროდან გადახდილად ჩათვლილია 9 725 ლარი. ამ ნაწილშიც გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია უსაფუძვლოა;
3. წარდგენილი მასალების შესწავლით დაკორექტირდა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი, რომელიც დაემთხვა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ მონაცემებსა და 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებასაც. ასევე, დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დებიტორულ დავალიანებაზე შპს „N2-“-სთან ურთიერთშედარების აქტი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა სრულად;
4. გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიღმა პერიოდში გადახდილი კრედიტორული დავალიანება 580,46 ლარი, რომელიც დატოვებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად.
გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 11 897 ლარით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 5 949 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგად განხორციელდა შემოწმებით დარიცხული თანხის შემცირება სულ 17 846 ლარით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 11 897 ლარით, ხოლო ჯარიმა - 5 949 ლარით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდად განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ახსნა-განმარტება 2023 წლის პირველი აგვისტოდან საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 2023 წლის აგვისტოდან დღემდე კომპანიას არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები და არ უფიქსირდება არც მიღებული დოკუმენტები. საკონტროლო-სალარო აპარატში ბოლო ჩეკი ამობეჭდილია 17.08.2023 წელს (48 565 ლარი). შესაბამისად, ვინაიდან კომპანია აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაშთი შემოწმებით დაბეგრილია სრულად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა სალაროს გონივრული ნაშთი, რომელიც განისაზღვრება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით განსაზღვრული საკასო შემოსავალისა და საკასო ხარჯის გათვალისწინებით. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ წინამდებარე მეთოდური მითითება არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას.
ზემოთხსენებული მეთოდური მითითების თანახმად, სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშება საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში ხდება შემდეგი წესით: თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს (2023 წლის აგვისტო) კომპანიის საკასო შემოსავალი შეადგენს 48 565 ლარს, ხოლო საკასო ხარჯი 72 162 ლარს. საკასო შემოსავალის და საკასო ხარჯის ჯამი შეადგენს 120 727 ლარს, რომლის 10%-ით (12 072 ლარით) შემმოწმებელს უნდა შეემცირებინა სალაროს არაგონივრული ნაშთი 12072 ლარით, რომელიც ჩაითვალა ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად, თუმცა გადაანგარიშების პროცესში შემმოწმებლის მიერ სალაროს გონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებული არ ყოფილა. შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებასთან, ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებით არ არის განსაზღვრული საქმიანობის დროებით შეჩერების შემთხვევაში როგორ მოხდება სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინება/არგათვალისწინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს არ შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადების ნაწილში 3 018 ლარი ძირითადი გადასახადი სახით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა.
კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანება (მ.შ. საგადასახდო ვალდებულების სახით) და იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ფარგლებში მომავალში გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა. ის რომ კომპანიამ დროებით შეაჩერა საქმიანობა, არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გააგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას მომავალში. თუკი გადავხედავთ კომპანიის ისტორიას, მას რამდენიმეჯერ ჰქონდა მსგავსი უმოქმედო პერიოდები. წარმოუდგენელია კომპანიამ საგადასახადო დავის წარმოების პირობებში სრულფასოვნად გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა, მაშინ როდესაც არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით მოსალოდნელია სხვადასხვა ღონისძიებების გათვალისწინება (სპეც წესზე გადასვლა, იძულებითი ღონისძიებები და სხვა).
იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ არგუმენტებს და დააკმაყოფილებთ მოთხოვნას სალაროს არაგონივრული ნაშთის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს ავირიდოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შემოსავლების სამსახურთან დავალიანების დაფარვა დავიწყოთ გრაფიკის შედგენის გზით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მ.შ. დავის წარმოების პროცესში წარდგენილი. დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს N1-ის(ს/ნ „--------“ ) 2020 წლის 27 თებერვალს გადახდილი 45 600 ლარი, უკვე მონაწილეობდა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში სულ ჩარიცხული აქვს 229 441,21 ლარი, მ.შ. ბანკიდან გადარიცხულია 219 719,21 ლარი. ხოლო სალაროდან გადახდილად ჩათვლილია 9 725 ლარი. ასევე, დაკორექტირდა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი, რომელიც დაემთხვა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ მონაცემებსა და 2020 წლის ფინანსურ ანგარიშგებას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დებიტორულ დავალიანებაზე შპს „N2“-სთან ურთიერთშედარების აქტი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა სრულად. გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიღმა პერიოდში გადახდილი კრედიტორული დავალიანება 580,46 ლარი, რომელიც დატოვებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიის შემოწმება განხორციელდა 1.09.2023 წლამდე. შემოწმების პროცესშივე გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი ქონდა ახსნა-განმარტება 1.08.2023 წლიდან საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 2023 წლის აგვისტოდან დღემდე კომპანიას არ აქვს გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და არც მიღებული დოკუმენტები უფიქსირდება. საკონტროლო-სალარო აპარატში ბოლო ჩეკი ამობეჭდილი აქვს 17.08.2023 წელს (48 565 ლარი). შესაბამისად, ვინაიდან კომპანია აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, შემოწმების მიერ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ნაშთი დაბეგრილია სრულად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში (სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიიჩნევს ,რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა სალაროს გონივრული ნაშთი.
მომჩივანი ითხოვს დაკმაყოფილდეს მოთხოვნა სალაროს არაგონივრული ნაშთის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანია რეგისტრირებულია 8.01.2019 წლიდან. ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. კომპანია, საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან 3.04.2023 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც ფაქტიურმა ნაშთმა შეადგინა 515 ლარი. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ.წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადასახადის გადამხდელს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2023 წლის აგვისტოდან. არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ-კრედიტორები. საწყისი პერიოდის დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 439 358 ლარი, რომელიც პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ფაქტობრივი გარემოებებისა და სსკ-ის 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება . დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13706 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,301.