გადაწყვეტილება №20098/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 20098/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20098/2/2023

14 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 28.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20098/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №006-121 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13353 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 251 410,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 875

დღგ - 49 599

მოგების გადასახადი - 2 057

საშემოსავლო გადასახადი - 81 219

ჯარიმა - 65 064,6

საურავი - 53 470, 87

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №006-1024 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აღნიშნულის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა 2021 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების სმფ-ების მოძრაობის (საცალო რეალიზაციის) ცხრილი ექსელში. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით 2018 წლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საწარმო ახორციელებდა საბითუმო საცალო რეალიზაციას, სადაც სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაცია ფიქსირდება მთლიანი ბრუნვის 70-80%, ხოლო 2021 წლის მარტიდან სრულად გადავიდნენ საცალო რეალიზაციაზე. შესაბამისად 2021 წლის მარტიდან სამ თვეზე გადასახადის გადამხდელი ითხოვს საცალო რეალიზაციის ფასნამატის 40%-ის გავრცელებას. აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას შემდეგი გარემოების გამო: 2018-2021 წლის მარტამდე შემოწმების მიერ გაანგარიშებული საბითუმო-საცალო რეალიზაციის დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იყო 2021 წლის მარტის შემდგომ პერიოდზეც, ასევე, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი შესაბამისობაში მოდიოდა მსგავსი პროფილის მქონე აუდირებული საწარმოს ფასნამატთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი (65%) მკვეთრად განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი საცალო რეალიზაციის ფასნამატისგან (40%). ამასთან, სხვაობის მიზეზი უცნობია, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები არ ეყრდნობოდა დოკუმენტურ მტკიცებულებებს.

გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტზე გადახდილი თანხების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე). შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.04.2023 წლის №006-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13353 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

ამასთან, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნება გაზიარებული საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (წარდგენილი ცხრილები არ ეყრდნობოდა დოკუმენტურ მტკიცებულებებს). ასევე, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი შესაბამისობაში მოდიოდა მსგავსი პროფილის მქონე აუდირებული საწარმოს ფასნამატთან. ამასთან, 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 65%-იანი ფასნამატი მკვეთრად განსხვავდებოდა გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი საცალო რეალიზაციის ფასნამატისგან და სხვაობის მიზეზი იყო უცნობი.

ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დავალებული ჰქონდა არარეზიდენტებზე გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მხრიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და განსაზღვრულ ფასნამატს. გაურკვეველია, რატომ არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა მის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები ცხრილების სახით (პროგრამული საცალო რეალიზაცია დღეების მიხედვით), სადაც ნათლად ჩანს თუ რა არის რეალიზებული პროდუქცია დასახელების, რაოდენობის და სარეალიზაციო ფასის მიხედვით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვილ იქნა სმფ-ების გაშიფვრაც, რაც მიწოდებულ იქნა და ნათლად ჩანს ფასნამატი 40%. გაურკვეველია შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი პუნქტით იხელმძღვანელა და გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან საწარმოს არ აქვს არცერთი ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე, ასევე სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე. საწარმოში ასევე არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია და არც საკონტროლო შესყიდვა განხორციელებულა. საწარმო ახორციელებდა და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად. აქვს საბუღალტრო პროგრამა „ორისი“, სადაც აღრიცხულია 2018- 2022 წლების საბუღალტრო ჩანაწერები, ასევე სმფ-ების ნაშთები ყოველწლიურად. ასევე აქვს, პირველადი დოკუმენტები სმფ-ების ნაშთების შესახებ. 2021 წლის აპრილიდან კი აქვს სასაწყობე პროგრამა, სადაც ხორციელდება საცალო რეალიზაციის სკანირებული აღრიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამასთან, საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). სატრანსპორტო მომსახურებისთვის არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2018-2021 წლის მარტამდე შემოწმების მიერ გაანგარიშებული საბითუმო-საცალო რეალიზაციის დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იყო 2021 წლის მარტის შემდგომ პერიოდზეც, ასევე, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი შესაბამისობაში მოდიოდა მსგავსი პროფილის მქონე აუდირებული საწარმოს ფასნამატთან. 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი (65%) მკვეთრად განსხვავდებოდა მის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი საცალო რეალიზაციის ფასნამატისგან (40%). სხვაობის მიზეზი უცნობია, წარმოდგენილი ცხრილები არ ეყრდნობოდა დოკუმენტურ მტკიცებულებებს. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე). შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხოლო, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, მომჩივანს არ წარუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია სრულყოფილად და ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭო ვერ იმსჯელებს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მხრიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას და განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2018-2021 წლის მარტამდე შემოწმების მიერ გაანგარიშებული საბითუმო-საცალო რეალიზაციის დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იყო 2021 წლის მარტის შემდგომ პერიოდზეც, ასევე, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი შესაბამისობაში მოდიოდა მსგავსი პროფილის მქონე აუდირებული საწარმოს ფასნამატთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი (65%) მკვეთრად განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი საცალო რეალიზაციის ფასნამატისგან (40%). ამასთან, სხვაობის მიზეზი უცნობია, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები არ ეყრდნობოდა დოკუმენტურ მტკიცებულებებს.

გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტზე გადახდილი თანხების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე). შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ვერ იმსჯელებს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13718 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

101,104,134,159,160,161,