ბრძანება N 12414

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.05.2024
№ დოკუმენტი 12414
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12414

28 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 27 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 27 აპრილის №89398/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №007-50 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის შესაძენად არარეზიდენტი კომპანიისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის გაცემულ სესხად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში შემმოწმებელს აცნობა, რომ ჩინეთის საწარმოების მხრიდან უხარისხო პროდუქციის მოწოდების შემდეგ (რომლის დიდი ნაწილი წუნიანი აღმოჩნდა და ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი გაუჩინა) წარმოიშვა პრობლემა, უარი თქვა იგივე ხარისხის პროდუქტების მიღებაზე და ჩინურ ქარხანასთან დაიწყო მოლაპარაკებები საქონლის დიზაინის და ნაწილების შეცვლა-გაუმჯობესებაზე. განმარტავს, რომ ახალი პროდუქციის დაკომპლექტებას რამდენიმე თვე დასჭირდა, შემოწმების პერიოდში შემმოწმებელს წარუდგინა ინვოისები, რომლის მიხედვითაც განხორციელებული ჰქონდა შეკვეთები და ელოდებოდა საქონელს. აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა გათვალისწინებილი საგადასახადო შემოწმების აქტში იმ მიზეზით, რომ ტვირთს არ ჰქონდა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი და არ იყო განბაჟებული კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ორი საბაჟო დეკლარაცია და მიუთითებს, რომ აღნიშნულით დასტურდება შპს „-------“ სახელზე ტვირთების შემოსვლა. ორივე დეკლარაციის მიხედვით ტვირთის საერთო ღირებულება შეადგენს 141 433,34 აშშ დოლარს. გადამხდელი ითხოვს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №15286 და 2024 წლის 28 თებერვლის №4457 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 მარტის №6553 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 479 765 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 291 061 ლარი, ჯარიმა 135 263 ლარი და საურავი 53 441 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი კომპანიებისგან (------- და -------) იძენს სხვადასხვა დასახელების საქონელს, ჯამში ზემოაღნიშნული კომპანიიდან შესყიდულია სულ - 755 241 ლარის საქონელი, ხოლო გადარიცხულია 1 676 891 ლარი (ზედმეტად გადარიცხული თანხა - 921 650 ლარი). საგადასახადო შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გამოვლინდა, რომ დარჩენილი გადარიცხული თანხის სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ აღნიშნული კომპანიისგან არ მიუღია საქონელი. არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადრიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, სხვაობა - 921 650 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხად. შედეგად, საწარმოს საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი კომპანიებისგან შესყიდული აქვს სულ - 755 241 ლარის საქონელი, ხოლო არარეზიდენტი კომპანიებისთვის გადარიცხული აქვს 1 676 891 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არარეზიდენტი კომპანიებისთვის მიცემული ჰქონდა შეკვეთები და ელოდებოდა საქონელს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს საბაჟო დეკლარაციები და აცხადებს, რომ ამჟამად ტვირთს გადმოკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი. აღნიშნულის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი ითხოვს მოგების გადასახადში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის შესაძენად არარეზიდენტი კომპანიისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის გაცემულ სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი კომპანიებისგან შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი. ზემოაღნიშნული კომპანიიდან მომჩივანს შესყიდული აქვს საქონელი, ხოლო ზედმეტად გადარიცხული აქვს თანხა. საგადასახადო შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გამოვლინდა, რომ დარჩენილი გადარიცხული თანხის სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ აღნიშნული კომპანიისგან არ მიუღია საქონელი. არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადრიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხად. შედეგად, საწარმოს საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ);