გადაწყვეტილება №22038/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 14.03.2024
№ დოკუმენტი 22038/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22038/2/2024

13 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22038/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საქართველოს ბანკში არსებული სესხის თანხის გადახდის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №083-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33873 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 585 024 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 283 238

ჯარიმა - 141 619

საურავი - 160 167

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25891 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33396 ბრძანება და №083-48 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 2 აგვისტოს №18902 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 21.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.12.2023 წლის №20628/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18902 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 29 დეკემბრის №33873 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საქართველოს ბანკში არსებული სესხის თანხის გადახდის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა

საწარმომ 2019 წლის 18 ნოემბერს აიღო სესხი ლიბერთი ბანკისგან 4 412 765 ლარი, საიდანაც 2019 წლის 19 ნოემბერს განახორციელა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 1 353 447 ლარის რეფინანსირება. დანარჩენი თანხა - 2 961 351 ლარი გასცა სესხი ფიზიკურ პირზე, რაც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილია 2019 წლის ნოემბერში და დეკემბერში მოგების გადასახადით. აღნიშნულ რეფინანსირების თარიღამდე საწარმოს სახსრებით დაფარულია 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სესხის ძირითადი თანხა 143 633 ლარი და პროცენტის თანხა 107 969 ლარი.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა სესხის საჭიროება და მიზნობრიობა ვერ დგინდება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ძველი დავალიანების დასაფარად გადახდილი სესხი (მ.შ. რეფინანსირების სახით) არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ გადახდებს. მომჩივნის განმარტებით, საქართველოს ბანკიდან აღებული სესხი მოხმარდა საწარმოს დამფუძნებლის უძრავი ქონების მშენებლობა/რემონტს, რომელიც იჯარით აქვს აღებული და ქვეიჯარით აქირავებს, თუმცა შემოწმების შედეგად არ დგინდება საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, ასევე არც ბუღალტრული პროგრამა ორისით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხა 1 497 080 ლარი და პროცენტი 107 970 ლარი მიეკუთვნება ხარჯს/გადახდებს, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 43-ე, 491 მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმომ 2019 წლის 18 ნოემბერს აიღო სესხი ლიბერთი ბანკისგან 4 412 765 ლარი, საიდანაც 2019 წლის 19 ნოემბერს განახორციელა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის - 1 353 447 ლარის რეფინანსირება. აღნიშნულ რეფინანსირების თარიღამდე 2019 წელს საწარმოს სახსრებით დაფარულია სესხის ძირითადი თანხა 143 633 ლარი და პროცენტის თანხა 107 969 ლარი

გადამხდელის განმარტებით, საქართველოს ბანკიდან აღებული სესხი მოხმარდა საწარმოს დამფუძნებლის უძრავი ქონების მშენებლობა/რემონტს, რომელიც იჯარით აქვს აღებული და ქვეიჯარით აქირავებს, თუმცა შემოწმების შედეგად არ დგინდება საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, ასევე არც ბუღალტრული პროგრამა ორისით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება (არც ბუღალტრულად და არც პირველადი დოკუმენტაციით არ დგინდება სარემონტო, მშენებლობის ან ტერიტორიის მოწყობისთვის გაწეული ხარჯი). ასევე, შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გადამხდელისგან წარედგინა სესხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, თუმცა წარდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება და სესხის ხელშეკრულებები, მათ შორის, 2019 წლამდე პერიოდში აღებულ სესხებზეც.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ არის წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2019 წელს საქართველოს ბანკში გადახდილი სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის თანხის განხილვა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურს გადამხდელის საჩივრის ხელახალი განხილვის დროს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში №20628/2/2023 მოცემული მითითებებით და უნდა შეესწავლა/გამოერკვია საქმისათვის არსებითად მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საწარმოს ძირითად (ამ დრომდე ერთადერთ) საქმიანობას წარმოადგენს თავისუფლების №19-ში მდებარე კომერციული ფართების შექმნა/მოწყობა და ქვეიჯარით გაცემა, სხვადასხვა სუბიექტებზე. იჯარით გასაცემი ობიექტების მოსაწყობად აუცილებელი ფინანსური სახსრების მოზიდვა ხორციელდებოდა სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, იყო კომპანიის მიერ აღებული სესხ(ებ)ი საბანკო დაწესებულებებიდან.

(ა) 2007-2011 წლებში თიბისი ბანკიდან აღებული სესხების (ობიექტის მოსაწყობად) დარჩენილი ნაშთის (დაახლოებით 520 000 აშშ დოლარის) დაფარვა განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით;

(ბ) საქართველოს ბანკში აღებული სესხის დარჩენილი ნაშთის (დაახლოებით 463 000 აშშ დოლარის) გადაფარვა განხორციელდა 2019 წლის ნოემბერში ს/ს ლიბერთი ბანკიდან აღებული სესხით;

(გ) 2019 წლის ნოემბერში ლიბერთი ბანკიდან განხორციელდა დაახლოებით 1 500 000 აშშ დოლარის აღება, საიდანაც 463 000 აშშ დოლარით დაიფარა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნაშთი, ხოლო დარჩენილი თანხა (1 000 000 აშშ დოლარი) სესხად იქნა გაცემული.

(დ) 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით სესხად გაცემული 1 000 000 აშშ დოლარი მსესხებელმა დააბრუნა; (ე) 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით შპს სესხის ნაშთი (ძირი თანხა) იყო დაახლოებით 220 000 აშშ დოლარი.

საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ 2007-2011 წლებში (დროს სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მოცულობის) საწარმომ საბანკო დაწესებულებიდან (ს/ს „თიბისი“ ბანკიდან) აიღო სესხი. მათ შორის იყო პირველადი სესხის გადაფარვისთვის მიმართული, რადგან საწყის ეტაპზე კომპანიას შემოსავლები არ გააჩნდა და ახალი სესხის აღებით ცდილობდა ვადამოსული სესხების გადაფარვას.

საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ საწარმოს ძირითად საქმიანობას (დაფუძნებიდან ამ დრომდე) წარმოადგენს იჯარით აღებული უძრავი ქონების ნაწილებად ქვეიჯარით გაცემა.

საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ იჯარით აღებული უძრავი ქონებისთვის კომერციული დანიშნულების ფუნქციის შეძენა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას წარმოადგენდა. რომ არა შესაბამისი მხარდაჭერა (სხვადასხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა), იჯარით აღებული უძრავი ქონება კომერციულ დანიშნულებას ვერ შეიძენდა. უდავო ფაქტია, რომ დროებითი კონსტრუქციები თავისი შინაარსით ერთ, ორ ან სამ კალენდარულ წელზეა გათვლილი.

საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ 2006 წელს, როდესაც საწარმომ იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი (მდებარე: -------, -------) მასზე არანაირი პირობა არ იყო იმისა, რომ კომერციულად საინტერესო ყოფილიყო ვინმესთვის, უფრო მეტიც, ანტისანიტარიის „ბუდედ“ იყო ქცეული.

2007-2011 წლებში კომპანიის მიერ საბანკო დაწესებულებიდან სესხად მიღებული თანხები სწორედ რომ ზ/აღნიშნული ობიექტის მოსაწყობად (კომერციული ფუნქციის შესაძენად) იყო განკუთვნილი (ფაქტია, რომ თავისთავად, ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ობიექტი კომერციულ დანიშნულებას ვერ შეიძენდა).

მომჩივნის მიერ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია, საფუძვლად უდევს ერთი „გარემოება“ – „ .... სესხის საჭიროება და მიზნობრიობა ვერ დგინდება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ძველი დავალიანების დასაფარავად გადახდილი სესხი (მ.შ. რეფინანსირების სახით) არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ გადასახადებს.“

მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებლებს (როგორც პირველი ეტაპის, ასევე ამ სადავო აქტების შემდგენებს) არაერთი ზეპირი თუ წერილობითი განმარტება მიაწოდეს, რომელიც ობიექტური დამკვირვებლისთვის აღნიშნული „დასაბუთების“ გამომრიცხველი იყო, მან მაინც გააკეთა ზ/აღნიშნული დასკვნა (და იქვე დაამატა „შემოწმების შედეგად არ დგინდება საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება.“).

საქმეზე დადგენილი ფაქტია, რომ საქართველოს ბანკიდან 2018 წელს აღებული სესხით (520 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) დაიფარა 2007-2011 წლებში თიბისი ბანკში აღებული სესხის დარჩენილი ნაწილი (ნაშთი), ხოლო თიბისი ბანკიდან აღებული სესხის მიზანი/დანიშნულება იყო საწარმოს კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა - ქვეიჯარით გასაცემი ადგილების მოწყობა კომერციული შემოსავლების მიღებისათვის, იხ. თანდართული მასალები:

- ------- აერო ფოტოების მოწოდებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრზე მიმართვის მასალები;

- საჯარო რეესტრის მასალები (------- 2000, 2015, 2020 წლების ორთოფოტოგეგმა).

აღნიშნული მასალებით დასტურდება, რომ მთელი გასული პერიოდი გადამხდელის ხარჯებით შეიქმნა/გაკეთდა დროებითი ტიპის ნაგებობები/კონსტრუქციები იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე და მისი გაქირავებით იღებდა შემოსავლებს გადამხდელი. შესაბამისად, ბანკიდან მიღებული სესხები გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში იქნა გამოყენებული და თვლიან, რომ მისი მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვა არასწორია.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში მითითებულია, რომ 2019 წლის ნოემბერში გადამხდელის მიერ ლიბერთი ბანკისაგან აღებული სესხის ნაწილით დაიფარა საქართველოს ბანკში არსებული სესხი, ასევე, საკუთარი სახსრებით ამავე წელს დაფარულია 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სესხის ნაწილი. მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლად კი მითითებულია, რომ 2019 წლამდე აღებული სესხის დაფარვა 2019 წელს არ მიეკუთვნება საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს და აღნიშნული დადგინდა შესწავლის შედეგადო. აღნიშნულ გადაწყვეტას არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც 2019 წლამდე აღებული სესხის ეკონომიკური საქმიანობისათვის მიზნობრივად ან არამიზნობრივად ხარჯვის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პერიოდის ანუ 2019 წლამდე გადამხდელის დოკუმენტაციის შესწავლით, რაც ვერ განხორციელდებოდა, რადგან შემოწმების განხორციელების პერიოდში ანუ 2022 წელს 2019 წლამდე პერიოდი ხანდაზმულია.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი დადგენილია მხოლოდ ზეპირი მსჯელობით (შესწავლის შედეგად დადგინდა - არ არის მითითებული რის შესწავლის შედეგად, დოკუმენტაციას ვერ შეისწავლიდა) და მას არა აქვს სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების სახით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ გადამხდელის მიერ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის სახით გადახდილი იქნა გარკვეული თანხები 2019 წლის 1 იანვრამდე. იხ. თანდართული:

სს „თიბისი ბანკის“ არასტანდარტული ცნობა №-------;

სს „საქართველოს ბანკის“ წერილი №-------.

რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის თანხიდან საწარმოს სახსრებით დაფარული 1/01/2019 წლისათვის არსებული სესხის ძირითადი თანხა 143 633 ლარი და პროცენტის თანხა 107969 ლარი არ შეიძლება განხილული იქნეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, გასაჩივრებული აქტების მიღების დროისთვის ხსენებული ოპერაციის ხანდაზმულობის გამო და ამ ნაწილში გადასახადების დარიცხვა არასწორია. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობაზე გასაჩივრებულ აქტებში არაფერია ნათქვამი.

სადავო თანხები (საწარმოს სახსრებით დაფარული 1/01/2019 წლისათვის არსებული სესხის ძირითადი თანხა 143 633 ლარი და პროცენტის თანხა 107 969 ლარი) გადამხდელის მიერ გადახდილი იქნა ჯერ კიდევ 1/01/2019 წლამდე (ხანდაზმულობის გამო ეს არ არის შესამოწმებელი პერიოდი და ხსენებული ოპერაცია არ შეიძლება იყოს მსჯელობის ან შეფასების საგანი) და ამ პერიოდში გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მომდევნო პერიოდში გადასახადების დარიცხვა საკითხის ხანდაზმულობიდან გამომდინარე აშკარად კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებაა.

სწორედ რომ სადავო საკითხის ხანდაზმულობის გარკვევაზე მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით №20628/2/2023 შემოსავლების სამსახურს, რაც არ იქნა გათვალისწინებული/შესწავლილი და გამოკვლეული სადავო შემოსავლების სამსახურის ბრძანების №33873 მიღების დროს. შემოსავლების სამსახურს უნდა გაერკვია როდის დაიწყო სასესხო ურთიერთობა შპს „-------“ სხვადასხვა ბანკებთან და როგორ ხდებოდა სესხების გადაფარვა; საყურადღებოა ის, რომ გადამხდელის მიერ თავდაპირველი სესხის მიღება მოხდა დიდი ხნით ადრე - საკითხი ხანდაზმულია და შესაბამისად, დღეს მისი შეფასება არასწორია; აშკარაა, რომ სესხის გადაფარვები მოგვიანებით გაკეთდა – რაც არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ სწორედ სესხის გადაფარვები არაეკონომიკურ საქმიანობად უნდა იქნეს განხილული და უნდა დაიბეგროს - როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. აშკარაა, რომ შპს „-------“ სესხის გადაფარვები მოხდა გვიან, ანუ საბანკო სესხებით გადამხდელის დავალიანებები იქნა გადახდილი, რომელთა საფუძველი უკან პერიოდშია - ხანდაზმულია. თუ თავდაპირველი სესხი არ იქნა გამოყენებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში და ეს საკითხი ხანდაზმულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგში ასეთი დარჩენილი სესხის გადაფარვა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად უნდა იქნეს განხილული. აშკარაა, რომ სესხის გადაფარვებით გადამხდელის ვალდებულებები იქნა გადახდილი და ეს თანხები (სესხის გადაფარვები) შემოწმების პერიოდში გადამხდელის ვალდებულებებს მოხმარდა – შესაბამისად, ასეთი გადაფარვები არ უნდა ჩაითვალოს ისეთ ხარჯებად, რომელიც არ არის დაკავშირებული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან და არ უნდა იქნეს განხილული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად; შემოსავლების სამსახურს საკითხის განხილვის დროს უნდა გაერკვია, რომ ძველი სესხის გადაფარვები მოხდა თუ ახალი სესხები აიღო საწარმომ და მისი გამოყენება გადამხდელის საქმიანობაში არ დასტურდებოდა თუ ეს იყო ადრე მიღებული სესხების გადაფარვისათვის გამოყენებული. აშკარაა, რომ სადავო შემთხვევაში რაიმე ახალი სესხები გადამხდელს არ მიუღია და ისე არ ყოფილა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხების გამოყენება არ ჩანდა კომპანიაში (სადავო შემთხვევებში მიღებული სესხის თანხებით მოხდა ადრე მიღებული სესხების გადაფარვა); რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმების მიერ განხილული სასესხო ურთიერთობები მოხმარდა ძველი დავალიანებების გადახდას და ახალი მიღებული სესხების სხვა მიზნით/დანიშნულებით გამოყენება არ მომხდარა; შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხის არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ხდება (მოხდა ადრე – ხანდაზმულ პერიოდში მიღებული სესხების გადაფარვა); შემოსავლების სამსახურის მიერ ხდება საქმისათვის არსებითად მნიშვნელობის მქონე ფაქტების არასრულად და არასწორად გადმოცემა – რაც არ იძლება სრულ სურათს, რომ სწორად შეფასდეს მომხდარი ოპერაციები; შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხებით რომ გადამხდელის ადრე არსებული ვალდებულებები იქნა გადახდილი და სხვა მიზნით შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხის თანხები არ გამოყენებულა – სადავო არ არის. ამ პირობებში შემოსავლების სამსახური თვლის, რომ რადგან თავდაპირველი (ხანდაზმულ პერიოდში მიღებული) სესხის თანხების გამოყენება გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ დასტურდებაო – ამიტომ ხანდაზმულ პერიოდში მიღებული სესხის მოგვიანებით (შესამოწმებელ პერიოდში) გადაფარვა არ უნდა იქნეს განხილული გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად და ასეთი თანხები მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად უნდა იქნეს განხილული, რაც არასწორია.

თავდაპირველი სესხები სწორედ რომ გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობისათვის იქნა მიღებული; სესხის თანხებით დაიწყო და გაკეთდა ობიექტები იჯარით აღებულ ტერიტორიაზე გადამხდელის მიერ და შემდეგში ამ ობიექტების სხვადასხვა პირებზე გაქირავებით მიიღებოდა შემოსავლები კომპანიაში. საუბარია ხანდაზმულ პერიოდზე; მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ის დროებითი ობიექტები მოგვიანებით თანამედროვე ობიექტებით შეიცვალა, მოეწყო ტერიტორია და სადავო (შესამოწმებელ) პერიოდში მოხდა თავდაპირველი სესხების გადაფარვა და როგორც აღნიშნეს, შესამოწმებელ პერიოდში სესხად მიღებული თანხები სხვა მიზნით არ გამოყენებულა, გადაფარული იქნა საწარმოს მიერ ადრე მიღებული/დარჩენილი სესხის თანხები და ეს საბანკო დოკუმენტებიდანაც ჩანს და დავის საგანს არ წარმოადგენს.

ამ საკითხებზე საერთოდ არ მსჯელობს შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანების მიღების დროს. გასაჩივრებული აქტების თანახმად, შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, თითქოს შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სესხად მიღებული თანხები სხვა პირის ინტერესებისათვის იქნა გამოყენებული/ეს თანხები გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოიყენება და ამიტომ იგი მოგების გადასახადით უნდა იქნა დაბეგრილი - მაშინ როცა საბანკო დოკუმენტებით დასტურდება და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხის თანხებით მოხდა ადრე მიღებული სესხების/დარჩენილი დავალიანებების გადაფარვა; რას მოხმარდა საწარმოს თავდაპირველი სესხები და ისინი გამოყენებული იქნა თუ არა გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობაში – იმ დროისათვის იყო თუ არა ასეთი შემთხვევები დასაბეგრი, ეს საკითხი ხანდაზმულია. სადავო შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს ეს საკითხი ამომწურავად/დასაბუთებულად არ არის შესწავლილი/გამოკვლეული, ვერ დგინდება თუ რატომ არ ჩათვალა შემოსავლების სამსახურმა ეს საკითხი ხანდაზმულად და ამ ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მოცემული მითითებების მიხედვით რა იქნა შესწავლილი/გამოკვლეული;

სწორედ ხანდაზმულობის საკითხი უნდა გაერკვია შემოსავლების სამსახურს – უნდა დაედგინა რომელ პერიოდში მიღებულ სესხის თანხებს განიხილავდა საწარმოს არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად – აღნიშნულზე თავის არიდება და იმის მითითება, რომ თითქოს ახალი დოკუმენტი რადგან არ/ვერ იქნა წარდგენილი გადამხდელის მიერ - რომელიც შეცვლიდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებს, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს საჩივარი – არასწორია. გაუგებარია რომელი სესხის არაეკონომიკურ საქმიანობაში ხარჯვაზე საუბრობს შემოსავლების სამსახური – შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სესხები გამოიყენა თუ არა საწარმომ ეკონომიკურ საქმიანობაში (ეს თანხები თავდაპირველი – ხანდაზმულ პერიოდში მიღებული სესხების გადასახდელად იქნა გამოყენებული) თუ თავდაპირველი – ხანდაზმულ პერიოდში მიღებული თანხები იქნა თუ არა გამოყენებული საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში; სადავო აქტების თანახმად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საკმარისი დოკუმენტები არ არის რომ თავდაპირველი სესხები ჩაითვალოს საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად, რომ შემდეგში ასეთი სესხების გადაფარვა არ იქნეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. სწორედ ამ საკითხზე მსჯელობა ხანდაზმულობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, რომ გადააბა შესამოწმებელი პერიოდი გასულ ხანდაზმულ პერიოდზე და თავდაპირველი სესხების საწარმოს არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაზე მითითებით იმსჯელო შემდგომში ასეთი სესხების გადაფარვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვაზე.

ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება №33873 ვერ აქარწყლებს გადამხდელის არგუმენტებს, შემოსავლების სამსახური საერთოდ არ მსჯელობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში №20628/2/2023 მოცემულ მითითებებზე; შემოსავლების სამსახურის ბრძანების №33873 დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები უსაფუძვლობის, კანონშეუსაბამობის, ხანდაზმულობის გამო ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №083-48 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 585 024 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 283 238 ლარი, ჯარიმა - 141 619 ლარი და საურავი - 160 167 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სანქცია დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ შემმოწმებლის მოსაზრებით ძველი დავალიანების დასაფარავად გადახდილი სესხი (მათ შორის, რეფინანსირების სახით) არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ გადახდებს, აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად იქნა განხილული და ძირითად თანხებთან ერთად გადამხდელზე დაკისრებული იქნა სანქცია - რაც არასწორია. თუ სანქციის სახით კიდევ დამატებით 300 000 ლარზე მეტი თანხების გადახდაზე მივედავებით გადამხდელს, იგი მომავალში ვეღარ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემას წარმოშობს მომავალში. ტვირთი საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს კომპანიაში – ყველა თანმდევი შედეგით. ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი – მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. სანქციის გამოყენების/არგამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისგან გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი – ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, დაიკარგება სამუშაო ადგილები, დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში გაუთავებელი სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი არ ვთქვათ დავის პერიოდში გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე დამატებით დარიცხული კუთვნილი ძირითადი თანხების გადახდის შეჩერებაზე – იმის გამო რომ სახელმწიფომ დამატებით სანქციის სახით მიიღოს თანხები გადამხდელისგან. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები საერთოდ დაუსაბუთებელი და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.

საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრებული ბრძანების მიღების დროს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მომჩივანი უნდა განთავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმისგან და საურავისგან).

საგადასახადო შემოწმების ჩატარება შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სზაკ-ის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად კი განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

აუდიტორის უფლება, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის ცალკეულ ნორმებზე მითითებით, არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს მას თვითნებური შეფასების უფლებამოსილება გააჩნდეს. აუდიტორის გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს გადამხდელთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს/კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლაგამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკის 96-ე მუხლის პირველ იდა მეორე ნაწილები).

მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს სზაკ-ის 53-ე მუხლი. ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს ამ თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა სამართლის ნორმისა და ადმინისტრაციული ორგანოს, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთერთი უმთავრესი ნიშანია.

საგადასახადო კოდექსის ცალკეულ ნორმებზე მითითებით გასაჩივრებული აქტების მიღების უფლებამოსილება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს შემმოწმებელს თვითნებური შეფასების უფლებამოსილება გააჩნდეს. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება შემოწმების მასალების გამართლების მცდელობას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ნეიტრალური პოზიციიდან სადავო საკითხის სათანადო შესწავლის/გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასაბუთებულ/არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას.

ზემოთ აღნიშნული უგულებელყოფილი იქნა შემოსავლების სამსახურის მხრიდან. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც; მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დარიცხვები არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

სადავო აქტები ვერ აქარწყლებს გადამხდელის არგუმენტებს; დავის განხილვის ეტაპზე შემოსავლების სამსახურმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ გასაჩივრებული აქტების მიღების დროს მათ მიერ დაცული იყო არსებული რეგულაციები და სადავო აქტები თავის დროზე კანონშესაბამისად იქნა მიღებული; ასეთი არგუმენტები გასაჩივრებულ აქტებში არ არის მოცემული.

გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51.1.ბ მუხლი), სზაკ 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - სზაკ 601 მუხლი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის 18 ნოემბერს აიღო სესხი ლიბერთი ბანკისგან - 4 412 765 ლარი, საიდანაც 2019 წლის 19 ნოემბერს განახორციელა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის - 1 353 447 ლარის რეფინანსირება. აღნიშნულ რეფინანსირებამდე კომპანიის სახსრებით დაფარულია 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სესხის ძირითადი თანხა - 143 633 ლარი და პროცენტის თანხა - 107 969 ლარი. მომჩივნის განმარტებით, საქართველოს ბანკიდან აღებული სესხი მოხმარდა საწარმოს დამფუძნებლის უძრავი ქონების მშენებლობა/რემონტს, რომელიც იჯარით აქვს აღებული და ქვეიჯარით აქირავებს. თუმცა, შემოწმების შედეგად არ დგინდება საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. ასევე, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება არც ბუღალტრული პროგრამა ორისით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2007-2011 წლებში თიბისი ბანკიდან აღებული სესხების დარჩენილი ნაშთის (დაახლოებით 520 000 აშშ დოლარის) დაფარვა განხორციელდა 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით. საქართველოს ბანკში აღებული სესხის დარჩენილი ნაშთის (დაახლოებით 463 000 აშშ დოლარის) გადაფარვა განხორციელდა 2019 წლის ნოემბერში ს/ს ლიბერთი ბანკიდან აღებული სესხით.

საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სესხის აღება განხორციელდა ხანდაზმულ პერიოდში და ამ თანხების გამოყენება მოხდა ეკონომიკური საქმიანობისთვის.

საქმეში არსებული მასალების შესწავლისა და მხარეთა არგუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილული თანხა (საქართველოს ბანკში არსებული ვალდებულებების გადაფარვა) არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯს, მისი მიზნობრიობა არ არის შეფასებული და არ არის დადგენილი აღნიშნული თანხის არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ აღნიშნული წარმოადგენს არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯს, ამ საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვა არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33873 ბრძანება;

3. გაუქმდეს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საქართველოს ბანკში არსებული სესხის თანხის გადახდის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 2 აგვისტოს №18902 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 21.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.12.2023 წლის №20628/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18902 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 29 დეკემბრის №33873 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982; 269(7)