გადაწყვეტილება №22628/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22628/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22628/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-439 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.03.2024 წლის №4723 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 96 863 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 28 714
ჯარიმა - 28 714
საურავი - 39 435
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 42 883 ლარს. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით, გაანგარიშებული სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. შპს „-----------“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი ----------(პ/ნ---------), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) დამფუძნებელს (33.3%). 2020 წლის 29 იანვარს შპს „-----------“ შეიძინა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 66.7%-იანი წილი, ხოლო 2020 წლის 20 ოქტომბერს შპს „-----------“ და ------------- შორის გაფორმდა გარიგება (პარტნიორთა კრების ოქმი) შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) 33.3%-იანი წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 80 000 ლარით. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდა შპს „----------“ სალაროდან ნაღდი ფულის გატანის გზით. აღნიშნული ოპერაციის შესწავლა/ანალიზით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, გამოიყენება იმ ტიპის სამეურნეო ოპერაციების გასაფორმებლად, რა დროსაც, საკუთრების საგანზე ხდება მესაკუთრე სუბიექტის (პირის) შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 100%-იან წილს, რეალურად არ ხდება ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადების დაბეგვრის მიზნებისთვის, განხორციელდა აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის ანალიზი და შეფასება/კვალიფიცირება მისი შინაარსის (ნამდვილი მიზნის) მიხედვით და არა გაცხადებული ფორმის შესაბამისად. შედეგად, ფიზიკური პირზე გადახდილი თანხა (წილის ღირებულება) მიჩნეული იქნა გაცემულ დივიდენდად და შესაბამისად მოგების განაწილებად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 98-ე, 981 მუხლების მიხედვით, დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.12.2022 წლის №32619 ბრძანება და №007-366 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №2568 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 24.03.2023 წლის №18900/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში (წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვა) ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შპს „---------“ მიერ კომპანიის (შპს „---------“-ის) წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 38 141 ლარით, მათ შორის: გადასახადი 19 070 ლარით, ჯარიმა
19 071 ლარით.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 29.12.2023 წლის №007-439 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.03.2024 წლის №4723 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგებს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა
38 142 ლარით, თუმცა აღნიშნული დასკვნის მიხედვით ვერ დგინდება რა პრინციპით განხორციელდა გადაანგარიშება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მისი მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შპს „----------“ მიერ კომპანიის (შპს „-----------“-ის) წილის შესყიდვის მიზნით დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხის (წილის ღირებულება) გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში შემცირდა სულ 38 141 ლარით, მათ შორის: გადასახადი 19 070 ლარით, ჯარიმა 19 071 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად. ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულ იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, არ გამოვლინდა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, ჩაითვალა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას.გაცემული სესხის მიხედვით, გაანგარიშებული სარგებლის თანხა, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26906 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)