ბრძანება N 33424

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 28.12.2023
№ დოკუმენტი 33424
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33424

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ --------------)

(მის.: -------------------------------)

2023 წლის 7 დეკემბრის

საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) №85887/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №011-309 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმსა და 2023 წლის 20 ნოემბრის №011-309/1 ბრძანებას (№000-393 საგადასახადო მოთხოვნა). აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პანდემიის პერიოდში მუშაობდა ძალიან რთულად. აღნიშნულ პერიოდში არ ჰყავდა ბუღალტერი. ვერ გაიგო, როდის გახდა დღგ-ს გადამხდელი. ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13899 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მაისამდე. შემოწმების შედეგად ი/მ -----------ეს (ს/ნ --------------) 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 27 მაისიდან. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №100637-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად და დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დაუდგინდა 27.05.2021-09.10.2023 წ.წ. პერიოდში.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 ოქტომბერს გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა №011-309 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა სანქცია 1015.43 ლარი.

გადამხდელმა 2023 წელს 20 ნოემბერს წარმოადგინა 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაცია. აღნიშნულზე 2023 წელს 20 ნოემბერს გამოიცა №011-309/1 ბრძანება და დამატებით დაერიცხა 143.98 ლარი (საგადასახადო მოთხოვნა №000-393, 20.11.2023 წელი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით და გამოცემული ბრძანებით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა ჯამში 1159.41 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ი/მ -----------ეს (ს/ნ --------------) 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 10335.63 ლარი, ჯარიმა 8537.84 ლარი, საურავი 5366.35 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 1159.41 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2023 წლის 20 ნოემბრის №011-309/1 ბრძანების (№000-393 საგადასახადო მოთხოვნა) ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ადმინისტრაციულ აქტებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციულ აქტები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №011-309 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 20 ოქტომბერს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 7 დეკემბერს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ --------------) საჩივარი 2023 წლის 20 ოქტომბრის №011-309 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პანდემიის პერიოდში მუშაობდა ძალიან რთულად. აღნიშნულ პერიოდში არ ჰყავდა ბუღალტერი. ვერ გაიგო, როდის გახდა დღგ-ს გადამხდელი. ითხოვს ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №13899 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 მაისამდე. შემოწმების შედეგად მომჩივანს 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 27 მაისიდან. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის №100637-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად და დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დაუდგინდა 27.05.2021-09.10.2023 წ.წ. პერიოდში.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა №011-309 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა სანქცია .გადამხდელმა 2023 წელს 20 ნოემბერს წარმოადგინა 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაცია. აღნიშნულზე 2023 წელს 20 ნოემბერს გამოიცა №011-309/1 ბრძანება და დამატებით დაერიცხა 143.98 ლარი (საგადასახადო მოთხოვნა №000-393, 20.11.2023 წელი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით და გამოცემული ბრძანებით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა .

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად,მომჩივანს 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 1159.41 ლარი.

 

გადაწყვეტილება

გადასაადის გადამხდელის მოთხოვნა 2023 წლის 20 ნოემბრის №011-309/1 ბრძანების (№000-393 საგადასახადო მოთხოვნა) ნაწილში სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ადმინისტრაციულ აქტებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციულ აქტები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ხოლო,საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 20 ოქტომბრის №011-309 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი,ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165(1) ;282(1); 269(7); 301( ,,ე”);