გადაწყვეტილება №26015/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26015/2/2025
12 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 12.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26015/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3375 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივლისის №081-204 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 1 ოქტომბრის №21338 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 128 879.79 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 79 831
დღგ - 34 447
საშემოსავლო გადასახადი - 45 384
ჯარიმა - 28 140.30
საურავი - 20 908.49
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი საბურავების შეძენა-რეალიზაცია, როგორც საცალო, ასევე საბითუმო.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6368 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი საბურავების იმპორტს ახორციელებს "------"-დან. შეძენის დოკუმენტებში (ინვოისები) საბურავები ასახულია რაოდენობრივად. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული საბურავების ზომები და ხარისხები. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და სასაქონლომატერიალური მარაგების მოძრაობის ცხრილები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბურავების ფაქტობრივი ნაშთების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საბურავების რაოდენობრივი ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დასაბეგრი შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საბურავების საცალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივად არსებული საბურავების სარეალიზაციო ფასების საფუძველზე. შედეგად, საშუალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 41 ლარი, დღგ-ის გარეშე (ფასნამატის კუთხით აღნიშნული ფასები მერყეობს 100%-ის ფარგლებში). გარდა ამისა, შესწავლილია:
1) ის სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია მომჩივნის მიერ „საცალო“ რეალიზაციაზე მცირე რაოდენობით (აღნიშნული ანალიზით საცალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 66 ლარი);
2) სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების ფასნამატები და საბურავების საშუალო სარეალიზაციო ფასები, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სარეალიზაციო ფასები აღემატება ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულ ფასებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი რეალიზებული საბურავების რაოდენობის და ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი სარეალიზაციო ფასის (41 ლარი) საშუალებით გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №18417 ბრძანება და №081-122 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 297 364.67 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 16 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება 7.09.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.02.2023 წლის №17718/2/2022 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საჩივარი. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22831 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანება 5.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 27.12.2023 წლის №20175/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 15.06.2023 წლის №13552 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის დასკვნა, 13.12.2023 წლის №31439 ბრძანება და №081- 314 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 32 095 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 11 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარდგენილი საჩივარი დავების განხილვის საბჭოს მიერ დაბრუნებულ საჩივართან ერთად და 2024 წლის 19 თებერვლის №3375 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3375 ბრძანება 28.02.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.04.2024 წლის №22405/2/2024 (რეგ. 13.05.2024 წელი; №03/36594) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3375 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნა, 23.07.2025 წლის №16507 ბრძანება და №081-204 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 141 983 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 29 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 1 ოქტომბრის №21338 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახდო ორგანოს მიერ მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატები სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა, მეთოდური მითითების ტერმინოლოგიის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, გამოეყენებინა „სხვა შემოწმების ფასნამატი“. შესაბამისად, „სხვა გადამხდელის“ ფასნამატის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქმიანობის ტერიტორია, საქმიანობის სახე (საბითუმო, საცალო, მომსახურებასთან კომბინირებული), იმპორტირებული საქონლის ხარისხი (მათ შორის, იმპორტირებული საქონლის ვარგისიანობის %).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში საიდუმლოების საფუძვლით მითითებული არ არის ინფორმაცია და, შესაბამისად, გადამხდელს არ აქვს გადამოწმების შესაძლებლობა, შემოწმებული გადამხდელებიდან კონკრეტული გადამხდელის ფასნამატი (61%) რა კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მომჩივანი მიუთითებდა აუდირებული 30%-იანი ფასნამატის გამოყენებას, ხოლო შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის არგუმენტაცია გაითვალისწინა, დაუსაბუთებელია აუდიტის დეპარტამენტის მიერ 61%-იანი ფასნამატის გამოყენება, ამასთან, ისე, რომ არ არის გათვალისწინებული და მითითებული ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მახასიათებლების შესახებ. სხვა სიტყვებით, დასკვნაში არ არის მოცემული 61%-იანი ფასნამატის გამოყენებისა და შესადარისობის დასაბუთება და განმარტება.
შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და საერთოდ არ გასცა პასუხი გადამხდელის საჩივარზე. ამის გარდა, შემოსავლების სამსახურმა მომჩივანს არ მოუსმინა და საჩივარი განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ როდესაც, „საქმეში“ არ არსებობდა ინფორმაცია ისეთი ფაქტორების გათვალისწინების თაობაზე, როგორიცაა „სხვა გადამხდელის“ საქმიანობის ტერიტორია, საქმიანობის სახე (საბითუმო, საცალო, მომსახურებასთან კომბინირებული), იმპორტირებული საქონლის ხარისხი (მათ შორის, იმპორტირებული საქონლის ვარგისიანობის %).
საბოლოოდ, მომჩივნის მოთხოვნაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გაუქმება და აუდიტის დეპარტამენტისთვის გადაანგარიშების შედეგების კორექტირების (შემცირების) დავალება დასაბუთებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3375 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ მოძიებულ იქნა აუდირებული ფასნამატები სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა/შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ოდენობა.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 141 983 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 94 668 ლარი და ჯარიმა - 47 315 ლარი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ მოუსმინა და საჩივარი განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3375 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნის მოთხოვნაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გაუქმება და აუდიტის დეპარტამენტისთვის გადაანგარიშების შედეგების კორექტირების დავალება დასაბუთებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი საბურავების შეძენა-რეალიზაცია, როგორც საცალო, ასევე საბითუმო.
მომჩივანი საბურავების იმპორტს ახორციელებს.საბურავების საცალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივად არსებული საბურავების სარეალიზაციო ფასების საფუძველზე. შედეგად, საშუალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 41 ლარი, დღგ-ის გარეშე.შემოწმების შედეგად გამოვლენილი რეალიზებული საბურავების რაოდენობის და ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი სარეალიზაციო ფასის საშუალებით გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, გაიზარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3375 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).